მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სად წავიდა ლევანდოვსკის ფეხი
ბოლო წუთებისკენ "კამპ ნოუ" იწყებს სიმღერას, ერთ ხმაში, ერთიანი სიხარულია სტადიონზე, რაც ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს, მანამდე კი ბევრჯერ ნანახია და რატომღაც 2006 წლის ნახევარფინალი გამახსენდა, განმეორებითი მატჩი "მილანთან", ხალხი ფინალში გასვლას ზეიმობდა და როგორც კი მსაჯმა ჩასტვინა ერთიანად იფეთქა სტადიონმა. იგივე აურა ტრიალებს ამ კედლებში, მოენატრა "კამპ ნოუს" ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი.
პსჟ-ი და "ნიუკასლი" დაზავდნენ, ორივემ დაკარგა ქულები და ორივე რვა გუნდს მიღმა დარჩა. ასევე, წააგო "მადრიდმა" დრამატულ ორთაბრძოლაში და ისიც მიღმა დარჩა. პეპს კი ალბათ აღარ ეგონა, რომ "სიტი" რვა გუნდში მოხვდებოდა, მაგრამ ამ ამბების მერე შეძვრა მაინც.
ბარსამ ისარგებლა კონკურენტების გაფლანგული ქულებით, თავისი მატჩი მოიგო, დაგეგმილი გოლებიც შეყარა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დაასრულა ჯგუფური ეტაპი. დასასვენებლად მეტ დროს მიიღებს მომავალ მეტოქესთან შედარებით. მატჩზე კი რა უნდა ითქვას? წინა შეხვედრის აჩრდილი ისევ დაძრწის "კამპ ნოუზე". პირველი ტაიმი კატასტროფა იყო, მეორე კი ბევრად უკეთესი.
ცუდი ტაიმი
საინტერესო ფორმა აქვს "კოპენჰაგენს", ასეთ ფორმებში, თეთრი ჯიპებით, 90-იანებში წითელი ჯვრის თანამშრომლები იყვნენ გამოწყობილნი. ახლა კი 17 წლის დადასონი დარბის ამ ფორმით და მხოლოდ კი არ დარბის, გოლიც გააქვს. დანიელებმა პრესინგით დაიწყეს და კუნდეს პასიც ჩაიჭრა. მეტი ყურადღებაა ასეთ დროს საჭირო, მოედნის ცენტრში, ზონებს შორის თუ ასეთ პასს აკეთებ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადრესატამდე მივა, კუნდეს პასი კიდევ გარსიამდე ვერ მივიდა, ბურთი ჩაიჭრა და ერთი პასით დადასონი ერთი-ერთზე დარჩა, გოლიც შეაგდო, ანგარიშიც გაიხსნა.
მეათე წუთზე იყო შანსი ანგარიშის გათანაბრების. მეორე ტაიმში ამაზე კარგი შანსი ბარსას არ ჰქონია. მცველების შეცდომის შედეგად რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა. ასეთები გააქვს ხოლმე როგორც წესი, მაგრამ ამჯერად ვერ შეირგო, მეკარეს ვერ ააცილა.
პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო კაცი მეტოქისთვის ერიკ გარსია იყო, რომელმაც საყრდენზე დაიწყო თამაში. უცნაური ამბავია, მაგრამ ფაქტია, ნამდვილად ასეა, ორჯერ დაემუქრა "კოპენჰაგენის" კარს, ერთხელ მეკარემ აჯობა, ლამაზ ნახტომში მოიგერია გარსიას დარტყმული, მეორედ კი საჯარიმოს გარედან გაუშვა კარისკენ და ხარიხა შეაზანზარა. მოუხშირა გარსიამ შორეულ დარტყმებს და აშკარად ჩანს, რომ ამ კომპონენტზე ბევრს ვარჯიშობს.
დამარცხდა ბარსა პირველ ტაიმში.
გამოღვიძება
მეორე ტაიმში სულ სხვა ბარსა ვიხილეთ, აქვს ფლიკს უნარი გუნდის თამაში რადიკალურად შეცვალოს. ბევრჯერ გვინახავს გასულ სეზონშიც და მიმდინარეშიც. მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო ამბობენ და ასე თუ დავითვლით ფლიკს უამრავი მატჩი აქვს მოგებული. ოლმოც უკეთესი იყო, პედრის არყოფნაში შემტევი ნახევარმცველების როლი თითქოს შემცირებულია, მაგრამ მეორე ტაიმში რაღაცას დაემსგავსნენ. სწორედ ოლმოს პასით გაიჭრა იამალი თავისუფალ სივრცეში და თავადაც შეეძლო შეტევის დასრულება, მაგრამ პასი არჩია, სწორადაც მოიქცა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გაათანაბრა. ოლმოს პასი კი მართლაც მშვენება იყო ამ შეხვედრისა.
შემდეგ კი ლამინე იამალის ჯერი დადგა. ჯერ საგოლე პასი მიითვალა, მერე კი გოლიც შეაგდო. და საერთოდ, ამის თამაშს რომ ვუყურებ, თითქოს ჩანს, რომ ერთი სული აქვს პლეიოფები როდის დაიწყება, გრძნობს ამის მოახლოვებას, მშვენივრად ახსოვს გასული სეზონი, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ დეტალებმა გადაუწყვიტეს მარცხი, ახლა კი გაორმაგებული ენერგიით ეცდება სანუკვარ მიზანს მიაღწიოს. აგერ, გზად "კოპენჰაგენიც" დაამარცხა, დასცხო ბურთს და მცველისგან ასხლეტით პირდაპირ კარში ჩაეშვა, კარგი "პარაშუტი" გამოვიდა, მეკარეს თავზე გადააფრინდა, ამის მოგერიების შანსი არ იყო.
გადის წუთები და ლამინეს წესით კიდევ ერთი საგოლე გადაცემა უნდა მიეთვალა, პასი გადასარევი იყო, ლევანდოვსკიმაც მშვენივრად დაამუშავა და უნდა შეეგდო ისე, როგორც სუარესმა შეაგდო "სელტიკთან", მოიქნია ფეხი და გადააგდო ტრიბუნებზე, დაიჭირა ლევანდოვსკის ფეხი ყველაზე მოხერხებულმა ქომაგმა, გადასცა იქვე მყოფ ბავშვს საჩუქრად, ბავშვმაც გაიხარა და სწრაფად სცადა ჯიბეში ჩადება, მაგრამ სტიუარდები ჩაერივნენ საქმეში, ფეხი მოედანზე დააბრუნეს და კითხვაც დაისვა - ტრიბუნაზე ფეხს რა უნდა? რანაერად? საქმეში VAR-ი ჩაერთო და აღმოჩნდა, რომ მცირე შეხებამ შეცვალა ყველაფერი, "კოპენჰაგენის" მცველმა ოდნავ მიარტყა ლევანდოვსკის, ამის გამო ბურთს ააცილა და გაისროლა ფეხი სადღაც ცაში.
დაინიშნა პენალტი და წესით ხომ ლევანდოვსკის უნდა დაერტყა, მაგრამ უფეხოდ რას დაარტყამდა? ამიტომ, რაფინია მივიდა და ზუსტად შეასრულა. ესეც 3:1. წარბი არ შეუხრია. ძლიერად და უზუსტესად დაარტყა.
ბოლო წუთები კი მარკუს რაშფორდისა იყო, შემოვიდა ცვლილებაზე და მთელი ყურადღება მასზე იყო მიპყრობილი. ყველაზე მეტს სწორედ ის ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც საქმე. კარგი ჯარიმა შეაგდო. ზუსტად იმ პოზიციიდან საიდანაც ნეიმარმა გაუტანა პსჟ-ს. ჯარიმები იშვიათად გადის მესის წასვლის მერე, ნეიმარი კარგად ურტყამდა, მაგრამ ის ხომ მესიმდე წავიდა, სუარესიც კარგად ურტყამდა, მაგრამ ისიც მესიმდე წავიდა, ცავიც ურტყამდა ჯარიმებს და დავიდ ვილიაც, ყველას შეუგდია ჯარიმა ბარსას მაისურით, ახლა კი აღარ გვყავს ეგეთი შტატიანი მეჯარიმე. ხან ლევანდოვსკის გაუვარდება, ხან რაფინიას, ხანაც მარკუს რაშფორდს.
ბოლო წუთებზე კიდევ ერთი გოლის შეგდების შანსი ჰქონდა, შორიდა გაუქანა, რიკოშეტიც წაეხმარა, მაგრამ ისევ ხარიხას მოხვდა ბურთი. კარგი იყო მარკუსი.
გავიდა ბარსა მერვედფინალში. დაველოდოთ მეტოქეს.
წინ რა გველის
იოლი კალენდარი გრძელდება. ბარსა მომავალ ტურში "ელჩეს" ესტუმრება. "მადრიდი" ერთი ფეხის ნაბიჯზეა და შეცდომის უფლება აღარ აქვს ფლიკის გუნდს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 31 ]