ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის განცხადება
ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის (Penya Blaugrana Tbilisi) განცხადება.
ჩვენი ორგანიზაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად უკვე ფუნქციონირებს თითქმის 11 წელია. ბარსელონას მოთხოვნით, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად შერჩეული გვაქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (იგივე "არასამთავრობო ორგანიზაცია", იგივე "ენჯეო"). ბარსელონა ჩვენი ფანკლუბისთვის, ისევე როგორც მისი თითოეული წევრისთვის, აწესებს გარკვეულ შეღავათებს, მათ შორის არის ფასდაკლებები ბარსელონას ოფიციალურ პროდუქტებზე.
ცოტა ხნის წინ ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 8 ნომერში მდებარე პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ფანკლუბისთვის ქმნის შემდეგ რეალობას:
ის შეღავათი, რომელიც ბარსელონამ ფანკლუბსა და მის წევრებს დაუწესა, ითვლება გრანტად;
გრანტის მისაღებად აუცილებელია, რომ როგორც გრანტის გამცემმა (ბარსელონამ), ასევე გრანტის მიმღებმა (ფანკლუბმა ან/და მისმა წევრმა) საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარ მიიღოს ნებართვა;
გრანტის (ანუ ფასდაკლების) წინასწარი ნებართვის გარეშე მიღების შემთხვევაში ფანკლუბის წევრს ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფანკლუბის წევრი სპოტიფაი კამპ ნოუზე, კლუბის მუზეუმში, მაღაზიაში ან სხვა სივრცეში ისარგებლებს ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და ამისთვის მას არ ექნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაცემული წინასწარი ნებართვა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
თუ ჩვენი ფანკლუბის რომელიმე წევრისთვის ცნობილი გახდება, რომ ფანკლუბის სხვა წევრმა წინასწარი ნებართვის გარეშე ისარგებლა ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და პირველად ხსენებულმა წევრმა ამის შესახებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა.
არა, ეს ყველაფერი ხუმრობა არაა!
ძალიან კარგად გვესმის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზანი ბარსელონას გულშემატკივრების ციხეში გაშვება არაა და დიდი ალბათობით, არავინ დაინტერესდება იმით, ჟოან ლაპორტას საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა თუ არა წინასწარ შეთანხმებული ფასდაკლების ოდენობა. თუმცა სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, მივიღოთ დროებითი (იმედია) ღონისძიებები. უახლოეს დღეებში, სანამ ახალი კანონი ძალაში შევა, ფანკლუბის ყველა წევრს ჩვენი მხრიდან დროებით შეუჩერდება წევრობა. თითოეულ მათგანს ეცნობება კანონში შესატანი ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც ის თავად გადაწყვეტს, განაგრძობს თუ არა ფანკლუბის წევრობას. იმ შემთხვევაში, თუ ფანკლუბის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება 70-ს, ბარსელონას მოუწევს, ჩვენთვის ოფიციალური ფანკლუბის სტატუსის ჩამორთმევა.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ჟოან ლაპორტა დავითანხმოთ, "ქართულ ოცნებასთან" აწარმოოს მოლაპარაკება და მიიღოს უფლება, მაგალითად ბარსელონას მუზეუმის ტურზე მოგვცეს 25%-იანი ფასდაკლება, როგორც ეს მთელს მსოფლიოში სხვა ფანკლუბებს აქვთ ![]()
რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის რაიმე რეესტრში დარეგისტრირებას: ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუმცა სადმე დარეგისტრირება გვეზარება ![]()
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 1 ]