ბარსელონას ისტორია

1899-1909. დაარსება და გადარჩენა

1899-1909. დაარსება და გადარჩენა

ს.კ. ბარსელონა 1899 წელს დაარსდა. ის დააარსა ჯგუფმა, რომელიც შემდგარი იყო ესპანეთის საზღვრებს გარედან ჩამოსული ხალხით, ისინი ბარსელონაში სახლობდნენ. ბარსელონა იყო შედეგი ფეხბურთისა და კიდევ სხვა რამდენიმე სპორტის, რომლებმაც ევროპაში ფეხი მალევე მოიკიდა. ამ წარმომავლობამ კლუბს თავისი ინტერკულტურული იდენტობა, მრავალი სპორტის ფოკუსში მოქცევა და კატალონიისა და ბარსელონას მუდმივი ლოიალურობა შემატა. კლუბის დაარსება დაემთხვა იმ დროს, როდესაც კატალონიაში მცხოვრები ხალხი სპორტის თამაშით დაინტერესდა. ამ სოციალურმა კონტექსტმა და კატალონიის იდიოსინკრეტულმა კულტურამ თანამედროვე გართობის ახალი მოდელის ჩამოყალიბება გამოიწვია . ჟოან გამპერი, კლუბის დამაარსებელი, იყო ინსპირაცია და ბარსელონას მამოძრავებელი ძალა დაარსებიდან პირველი 25 წლის მანძილზე. იგი ს.კ. ბარსელონაში მოგვევლინა, როგორც დამაარსებელი, ისე ფეხბურთელი, დირექტორი და პრეზიდენტი.

კლუბის დაარსება

Carrer Muntaner-ის მოედანი, სადაც ბარსა 1905-1909 წლებში თამაშობდა

ჰანს გამპერი პროფესიული მიზეზებით, 1898 წელს ბარსელონაში ჩავიდა. თავისუფალ დროს მას მეგობრებთან ერთად, ბონანოვაში, ფეხბურთის თამაში უყვარდა.

1899 წლის ოქტომბერში გამპერმა ლოს დეპორტესის ჟურნალში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ იგი საფეხბურთო გუნდის ჩამოსაყალიბებლად ფეხბურთელებს ეძებდა.

29 ნოემბერს გამპერმა და კიდევ სხვა თერთმეტმა კაცმა (ოტო კანსლი და უალტერ უაილდი შვეიცარიიდან; ჯონ და უილიამ პარსონები ინგლისიდან; ოტო მაიერი გერმანიიდან; ლუის დ'ოსო, ბართომეუ ტერადასი, ენრიკ დაკალი, პერე კაბოტი, კარლეს პუჟოლი და ჟოზეპ ლიობერტი კატალონიიდან) ერთად ჩამოაყალიბეს ასოციაცია, რომელსაც ეწოდა საფეხბურთო კლუბი ბარსელონა.

გამპერი და ბარსას მთავარი ღირებულებები

გამპერი და მისი მეგობრები ფრანგულ პრესას ეცნობიან

გამპერი მიზნად ისახავდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად მათი წარმომავლობისა. მან ჩამოაყალიბა კლუბი, რომელიც სოციალური ინტეგრაციის საშუალებად იქცა, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირება ყველას შეეძლო. მან შექმნა დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც თავისუფლად იმართებოდა მისი წევრების მიერ. კატალონიის მადლიერების ნიშნად გამპერმა ბარსელონა ერთი არსით გამსჭვალა - ეს კატალონიური იდენტობის ვალდებულებაა.

კატალონიის იდენტობა, დემოკრატია, სპორტის მრავალფეროვნება და უნივერსალურობა: გამპერის მთავარი ღირებულებები, რომლებიც კლუბში დღემდეა შემორჩენილი.

კლუბის პირველი ლოგო

ბარსელონას პირველი ლოგო

ბარსელონამ იმავე ლოგოს გამოყენება გადაწყვიტა, რასაც ქალაქი იყენებდა. ეს იყო ბარსელონას სოლიდარობის ნიშნად - ქალაქი, სადაც ახალი სპორტული კლუბი ჩამოყალიბდა.

1910 წელს ბარსელონას ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კლუბს სჭირდებოდა მისი საკუთარი ლოგო და მოაწყვეს შეჯიბრი, რათა ბარსელონას ემბლემის ახალი დიზაინი ეპოვათ.

პირველი მაისური

ასე გამოიყურებოდა ბარსელონას პირველი მაისური

თავდაპირველად მაისურის ნახევარი ნაწილი იყო ლურჯი, მეორე ნახევარი კი ბროწეულისფერი, სახელოები საპირისპირო ფერისა იყო, ხოლო შორტი - თეთრი. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თუ რატომ იყო მაისური ასეთი დიზაინის (ლურჯი-ბროწეულისფერი), გამპერმა იგივე ფერები გამოიყენა ს.კ. ბაზელში - კლუბი, სადაც ის კატალონიაში მოსვლამდე თამაშობდა. იხილეთ სტატია ბარსელონას ფერების წარმოშობასთან დაკავშირებით.

პირველი საფეხბურთო მოედნები

Hotel Casanova-ს მოედანი, სადაც ბარსა 1900-1901 წლებში თამაშობდა

ეკონომიკური არასტაბილურობის გამო რთული იყო საფეხბურთო მოედნის მოძებნა, სადაც კლუბი დროებით ითამაშებდა. გარდა ამისა, ქალაქში ნაკლებად იყო ღია ცის ქვეშ გახსნილი ადგილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალაქში ურბანული გაფართოება მიმდინარეობდა.

1899-1900 ძველი საველოსიპედო მოედანი ბონანოვაზე (დღეს, ტურო პარკი)

1900-1901 სასტუმრო კაზანოვას მოედანი (დღეს, სანტ პაუს საავადმყოფო)

1901-1905 კარეტერა ორტას მოედანი

1905-1909 კარერ დე მუნტანერის მოედანი

კოპა მაკაია - პირველი ტიტული

კოპა მაკაია - პირველი ტიტული

კოპა მაკაია იყო კატალონიის საფეხბურთო ჩემპიონატის წინამორბედი. ყველაფერი 1900 წელს ალფონსო მაკაიამ (ს.კ. ისპანიას პრეზიდენტი) დაიწყო, რომელმაც გამოაცხადა, რომ კატალონიურ გუნდებს შორის შეჯიბრი მოეწყობოდა. პირველ წელს ეს ტიტული ისპანიამ მოიგო, თუმცა მომდევნო სეზონში ბარსელონა ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა. თასი იმდროინდელი ხელოვნების საუცხოო ნიმუში იყო.

 

1909-19. პირველი საკუთარი მოედანი

 

1908 წლის ნოემბერში კლუბი მხოლოდ 38 წევრით იბრძოდა, რომლებიც პროექტის გაუქმების ზღვარზე იდგნენ. გამპერმა კლუბის შენარჩუნება გადაწყვიტა და პირველად გახდა ორგანიზაციის პრეზიდენტი.

ასე დაიწყო კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპი, რომელმაც განამტკიცა ის საფეხბურთო პანორამასა და სოციალურ გარემოში, ქალაქსა და ქვეყანას შორის. ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო რიგი სხვადასხვა გარემოებებმა, მათ შორის ორგანიზაციის წევრების ზრდამ, კლუბის წესდებების გადაწერამ და პირველმა საკუთარმა მოედანზე. ამავე დროს, სპორტულმა წარმატებებმა და მოთამაშეების აღიარებამ აჩვენა, თუ როგორ გადაიქცა ფეხბურთი მასობრივ მოვლენად და პროფესიულ სპორტად.

კლუბი სწრაფად გაიზარდა. წევრთა რიცხვი 1909 წელს 201-დან 2,973-მდე გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში, ბარსამ საფეხბურთო კლუბის ტიპის განსაზღვრას მყარი საფუძველი ჩაუყარა. ამან მეგობართა ჯგუფის საწყის ოცნებას გადააჭარბა, რომლებმაც კლუბი 1899 წელს დააარსეს.

კლუბის პირველი საკუთარი სტადიონი

კლუბის პირველი საკუთარი სტადიონი Carrer Indústria

Carrer Indústria-ზე (დღეს Carrer París) მოედანი 1909 წლის 14 მარტს გაიხსნა და კლუბის საშინაო მოედანი 1922 წლამდე იყო. აღმართეს ორიარუსიანი ტრიბუნა, პირველი ესპანურ საფეხბურთო მოედნებს შორის. ამან სტადიონის ტევადობა 6,000 მაყურებლამდე გაზარდა.

ბარსას ფანები ამ საფეხბურთო მოედნებს სახელწოდება Culers-ის (სიტყვასიტყვით უკანალი-ხალხი) წარმომავლობას უკავშირებენ, რომელიც ბარსელონას მხარდამჭერებისთვის გამოიყენება. ეს არ არის შეურაცხმყოფელი სახელწოდება იმ გულშემატკივართათვის, რომლებიც სტადიონის მაღალ რიგში ისხდნენ. გარე გამვლელებს მათი დანახვა მხოლოდ უკნიდან შეეძლოთ.

პირველი ეროვნული და საერთაშორისო ტიტულები

პირენეს თასის მომგები გუნდი

ოთხი სეზონის განმავლობაში, 1910-დან 1913-მდე, კლუბმა ტიტულების სერია მოიგო, მათ შორის ესპანეთის თასი (აგრეთვე ცნობილი, როგორც კოპა დელ რეი) და ოთხი პირენეს თასი, რომელიც პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელშიც ბარსამ ითამაშა. ამ გათამაშებაში მონაწილეობდნენ გუნდები კატალონიიდან, ბასკეთიდან და საფრანგეთის სამხრეთიდან.

გუნდის პირველი დაბრუნება ევროპიდან

1912 წელი - ჩემპიონების დახვედრა ბარსელონაში

გუნდის წარმატებები წევრთა ზრდამდე მივიდა და გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ გუნდს გამარჯვების შემდეგ სახლში დახვედროდნენ. მოთამაშეებმა, რომლებმაც ესპანეთის თასზე მადრიდი დაამარცხეს, Passeig de Gràcia-ს სადგურზე გმირული მისალმება მიიღეს, ბრბო კი მათ შენობაში გაჰყვა, სადაც სადღესასწაულო ვახშამი იმართებოდა. The Canaletes - სასმლის სადგომი, ბარსელონას ცენტრში, გახდა ადგილი, სადაც საფეხბურთო შედეგები ანონსდებოდა. ქომაგები აქ იკრიბებოდნენ, რათა ბარსას წარმატებები აღენიშნათ.

ამჟამინდელი ემბლემა

ამჟამინდელი ლოგო

კლუბმა ახალი დიზაინის არჩევაზე კონკურსი ჩაატარა. შედეგი, მცირე ცვლილებით, არის ლოგო, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და დაამზადა ბარსას მოთამაშემ, კარლეს კომამალამ.

დიზაინი წარმოადგენს კლუბის იდენტობას. მასში არის წმინდა გიორგის ჯვარი და სენიერას ოთხი ხაზი, კატალონიური დროშა. კლუბის ფერები, ლურჯი და ბროწეულისფერი ასევე გვხვდება ბურთთან ერთად ცენტრში.

პაულინიო ალკანტარა, პირველი ვარსკვლავი მოთამაშე

პაულინიო ალკანტარა, პირველი ვარსკვლავი მოთამაშე

ფილიპინელმა პაულინიო ალკანტარამ თავისი სადებიუტო სეზონი 1911-12 წლებში ჩაატარა, სულ რაღაც 15 წლის ასაკში. ის, ეჭვგარეშე, ბარსას პირველი ვარსკვლავი მოთამაშე და კლუბის პირველი ბომბარდირია ლეო მესის მოსვლამდე. მან 357 მატჩში 369 გოლი გაიტანა და ყოველ მატჩში შთამბეჭდავ საშუალო შედეგს აღწევდა. ამბობდნენ, რომ მისი დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მას კარის ბადის გახევა შეეძლო. ალკანტარას წელზე ყოველთვის თეთრი შარფი ჰქონდა შემოხვეული.

ადგილობრივი დომინაცია

1912 წლის 10 მარტი - პატულიოს ესპანიოლის კარში გოლი გააქვს

1908-1909 წლების სეზონით დაიწყო ბარსელონას დომინირება კატალონიის საფეხბურთო ჩემპიონატში, რომელიც 1922 წლამდე გაგრძელდა. შთამბეჭდავი შედეგები იქამდე მივიდა, რომ ბარსამ ტიტული რვაჯერ მოიგო, 1909-1910 წლების ჩემპიონატში კი გუნდმა ყველა ჩატარებულ მატჩში გაიმარჯვა.

 

 1919-30. ოქროს ხანა

1919-30. ოქროს ხანა

 

1920-იან წლებში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტი გახდა. ამ დროის განმავლობაში ბარსელონამ უამრავი გულშემატკივარი შეიძინა და წარმოგვიდგა, როგორც ოცნების გუნდი. კლუბში თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სამიტიერი, ალკანტარა, სამორა, საგი, პიერა და სანჩო, რომლებიც ბარსელონას კუმირები გახდნენ.

ამ ლეგენდარულმა კლუბმა შეამჩნია, რომ გულშემატკივართა რიცხვი არანორმალური რაოდენობით იზრდებოდა, რამაც 1922 წელს ბიძგი მისცა გუნდის პირველი სტადიონის, ლეს კორტსის მშენებლობას. უკვე 1923 წლისთვის ბარსელონაში გაწევრიანებული იყო 10 ათასი წევრი.

მატჩებს, რომელსაც გუნდი ბარსელონას სხვა გუნდთან, ესპანიოლთან, მართავდა გულშემატკივრებში ყოველთვის დიდ მოლოდინს იწვევდა, ვინაიდან ეს გუნდი იმ დროს ბარსელონას მთავარი მეტოქე იყო. ბლაუგრანამ ლეს კორტსის სტადიონზე არაერთ წარმატებას მიაღწია.

სამორა - ბარსელონას პირველი დიდებული მეკარე

რიკარდო სამორა იყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. ის კლუბში სამიტიერთან ერთად თამაშობდა და მათ გუნდის ისტორიის გარდამტეხი პერიოდი ერთად განვლეს. სამორა, მეტსახელად "ელ დივი" (ღვთაებრივი), ბარსელონაში მხოლოდ 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, მიუხედავად ამისა, მისი თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მან კლუბში უდიდესი კვალი დატოვა.

ხოსეპ სამიტიერი სცენაზე

სამიტიერი მიჩნეული იყო, როგორც ერთგვარი ემბლემა ბარსელონას ისტორიაში. იგი თავის ეპოქაში ევროპის საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. 1920-იან წლებში, ბარსელონას ოქროს ხანაში, სამიტიერი წინ მიუძღოდა გუნდს და მან უდიდესი წვლილი შეიტანა მის წარმატებაში. სამიტიერი ცნობილი იყო მეტსახელით - "ჰომე ლიაგოსტა", რაც ლობსტერ კაცს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მოედანზე აკრობატულობით გამოირჩეოდა და კატალონიური ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა იყო. მოგვიანებით ის გახდა საზოგადო მოღვაწე და ხშირად ჩნდებოდა ხოლმე ისეთი ხელოვანების გვერდით, როგორებიც არიან კარლოს გარდელი და მაურის ჩევალიერი.

ლეს კორტსის ახალი სტადიონი

1928 წლის თასის ტრიუმფი

იმ დროს ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მოედანი ევროპაში. სტადიონი დააპროექტეს სანტიაგო მესტრესმა და ჟოზეპ ალემანიმ, მისი მშენებლობა კი ჯამში 991 984 პესეტა დაჯდა. სტადიონი 22 ათას გულშემატკივარზე იყო გათვლილი, თუმცა ხშირად სამჯერ მეტი მაჩვენებელიც ფიქსირდებოდა - 60 ათასი. ამ სტადიონმა ბარსელონასთან ერთად დიდების 3 დეკადა განვლო, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ცუდი პერიოდებიც.

25-ე იუბილე 1924 წელს

ბარსელონამ 1924 წლის 7 და 8 დეკემბერს თავისი 25-ე იუბილე აღნიშნა რეალ უნიონ დე ირუნთან ლეს კორტსზე ჩატარებული 2 მატჩით. ის ასევე აღინიშნა პერე პრატის შეჯიბრით, სადაც ესპანელი და ფრანგი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. იმ დროს კლუბში გაერთიანებული იყო 12 207 წევრი.

1928 წლის თასის ტრიუმფი

1928 წლის თასის ტრიუმფი

ამ დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო 1928 წელს, როდესაც ბარსელონამ ესპანეთის თასი მოიგო. ფინალში, რომელიც სანტანდერში იმართებოდა, ბარსელონამ რეალ სოსიედადი დაამარცხა, ანგარიშით 3:1, მას შემდეგ, რაც პირველ ორ მატჩში ფრეს დასჯერდა. გუნდის მეკარე, პლატკო, შეხვედრის მიმდინარეობისას დაშავდა და მატჩის გმირად გამოაცხადეს. პირველად ისტორიაში, ბარსელონას გამარჯვება რადიოთი და წამყვანი გაზეთებით გავრცელდა.

ლა ლიგის პირველი ტიტული

ლა ლიგის პირველი ტიტული

1928 წლის 12 თებერვალს სტარტი აიღო ახალმა ტურნირმა, ეს ლა ლიგა გახლდათ. სულ რამდენიმე წელიწადში ეს ტურნირი ესპანეთში ყველაზე პრესტიჟული გახდა. ამ ჩემპიონატის პირველი გამარჯვებული სწორედ ბარსელონა გახდა, 25 ქულით. ტურნირმა 4 თვესა და 2 კვირას გასტანა. კატალონიელებმა მადრიდის რეალს 2 ქულით აჯობეს. მანუელ პერერა კი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა, ამ გამარჯვებას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, რადგან ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ ლიგაში უმნიშვნელო კონკურენცია იყო.


1930-39. ბრძოლა ისტორიის წინააღმდეგ

1930-39. ბრძოლა ისტორიის წინააღმდეგ

ბარსელონა მომხრე იყო სოციალური, პოლიტიკური და კულტურული რეფორმებისა, რომლებიც კატალონიის რესპუბლიკური მმართველობის მიერ იყო ინიციირებული. კლუბის ოფიციალურმა ინფორმაციულმა ბიულეტენმა 1932 წლის ოქტომბერში კლუბის პოზიცია ნათელი გახადა: ჩვენი კლუბის პოპულარობა, უდავოდ, მოიცავს ელემენტებს, რომლებიც სპორტთან არაა დაკავშირებული. პოლიტიკურ და კულტურულ აქტებში მონაწილეობა ამ ვალდებულებების ნაწილი გახდა.

სამოქალაქო ომის დასაწყისში კლუბის წევრები ბარსელონას დაკარგვის საფრთხეს დაეჯახნენ, რამაც აიძულა ისინი კომიტეტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიეღოთ, რამაც, საბოლოო ჯამში, ორგანიზაცია გადაარჩინა. კომიტეტმა თავისი მტკიცე გადაწყვეტილებით ომამდელი ხელმძღვანელობა შეინარჩუნა.

1930-იან წლებში პოლიტიკური არასტაბილურობა და ზოგადი კრიზისი აღინიშნა, რაც, გარდაუვალად, ბარსელონაზეც აისახა. ამ ათწლეულის განმავლობაში კლუბმა ბევრი კატასტროფული მოვლენა გადაიტანა, მათ შორის მისი დამაარსებლის სიკვდილი, მეორე ესპანური რესპუბლიკა, ესპანეთის სამოქალაქო ომი და გუნდის პრეზიდენტის, ჟოზეპ სუნიოლის მკვლელობა. ამგვარად, ეს იყო პერიოდი, რომელიც ხასიათდება გაურკვევლობით, რომელიც ნიშნავდა წევრთა შემცირებასა და რამდენიმე მოთამაშის კონტრაქტის გაუქმებას.

მშვიდობით ჟოან გამპერ

ჟოან გამპერის დაკრძალვა

1930 წლის 30 ივლისს, ბარსამ ყველაზე საშინელი სიახლე მიიღო, რომელიც ოდესმე ყოფილა: ჟოან გამპერმა პირადი პრობლემების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კლუბის დამაარსებელი - დინამიკური ბიზნესმენი და სპორტსმენი, უნიკალური საფეხბურთო კლუბის შექმნასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი - დაიღუპა 52 წლის ასაკში. მისი სიკვდილი შემდეგი წლების მანძილზე ცუდი საბედისწერო ნიშანი იყო.

სუნიოლის ტრაგიკული სიკვდილი

პრეზიდენტი სუნიოლი (სიგარეტით) ხენერალიტეტის პრეზიდენტთან, ლუის კომპანისთან ერთად ლეს კორტსზე, 1936 წლის 31 მაისს

სუნიოლი კატალონიის პრეზიდენტის, ჟოან კასანოვასის სახელით ვალენსიადან პარლამენტში გაემგზავრა. ვიზიტი პოლიტიკურ ფარგლებში შედგა და არ იყო დაკავშირებული ფეხბურთელების გაფორმებასთან. 1936 წლის 6 აგვისტოს სუნიოლი ფრანკოისტებმა დაცხრილეს. ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროში, რომელიც კატალონიასა და ესპანეთს ოდესმე გადაუტანია, კლუბი პრეზიდენტის გარეშე შუაგულ რევოლუციაში იმყოფებოდა.

ბარსას ხმელთაშუაზღვის ლიგა

ბარსას ხმელთაშუაზღვის ლიგა

1936/37 სეზონის დროს, კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩაატარა ტურნირი, რომელშიც ექვსი კატალონიური და ვალენსიის ოთხი გუნდი თამაშობდა. ეს გათამაშება ლიგის ტურნირის ნაცვლად გაიმართა, რომელიც ომის გამო გაუქმდა. ბარსელონა ხმელთაშუაზღვის ლიგის ჩემპიონი გახდა. 1939 წლიდან ეს ტიტული არცერთ გუნდს არასდროს მოუგია კვლავ, რადგანაც ფრანკოს გამარჯვების შემდეგ ის გააუქმეს.

ტურნე ამერიკაში გადარჩენისთვის

ტურნე ამერიკაში გადარჩენისთვის

სამუშაო კომიტეტმა კონტროლი ხელში აიღო და CNT-FAI ანარქიულმა ჯგუფებმა კლუბს კოლექტივირებაში ხელი შეუშალეს. ომის თავიდან ასაცილებლად და ამავე დროს, ორგანიზაციის სავალალო ფინანსებისთვის სახსრების მისაღებად, ბარსა ტურნეზე მექსიკასა და შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. გუნდის რამდენიმე მოთამაშე ბარსელონაში არასდროს დაბრუნებულა. გუნდი მექსიკაში, 1937 წლის ზაფხულში, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების ელჩად მიიღეს. 


1939-50. სისასტიკის წლები

1939-50. სისასტიკის წლები

ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი, რაც ს.კ. ბარსელონამ განვლო, იყო ომის შემდგომი წლები. კლუბს უცილებლად სჭირდებოდა არსებობისთვის ბრძოლა. საქმე ეხება არმიისა და ხელისუფლების მიერ გატარებულ უსასტიკეს რეპრესიებს, რამაც ორგანიზაციის იდენტობა საფუძვლიანად შეცვალა.

წმენდამ ასევე გავლენა იქონია ფეხბურთელებზეც. ყველა, ვინც მექსიკაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა, 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, გარდა ამისა, საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გადაასახლეს. კლუბის გერბი და სახელი შეიცვალა იმიტომ, რომ არასაკმარისად ესპანურად მიიჩნიეს, კლუბის ახალი პრეზიდენტი კი ქვეყნის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელობამ დანიშნა.

შემდგომ წლებში გუნდმა ახალი სახე მიიღო, ეს კი წინ უსწრებდა 1950-იანი წლებში იმედისმომცემი ტიტულის დაუფლებას. ბევრ ადამიანს ბარსას მიერ ლეს კორტსზე ჩატარებული მატჩები შიშის, ტანჯვისა და რეპრესიების წლებში თავისუფლების ოაზისად წარმოუდგებოდა.

სიცოცხლე სამოქალაქო ომის შემდეგ

გენერალ ალვარეს არენასის ქალიშვილი ლეს კორტსის სტადიონზე, 1939 წლის 29 ივნისს

ომის შემდეგ ბარსელონამ გამოცადა სოციალური, ეკონომიკური და სპორტული სიძნელეები იმ საშინელ დროში. გუნდს არ ჰყავდა საკმარისი ფეხბურთელები, ამას დაემატა ის, რომ ბომბით გაანადგურეს კლუბის შტაბ-ბინა. ბარსელონას დაუდგა ის დრო, როცა ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. ახალი პოლიტიკური დიქტატურა ბარსას არ ენდობოდა, მას მიიჩნევდნენ ორგანიზაციად, რომელიც ქვეყანას საფრთხეს უქმნიდა და კატალონიურ ნაციონალიზმს უწყობდა ხელს.

ლეს კორტსის სტადიონი 1939 წლის 29 ივნისს, ოფიციალურად, მეორედ გახსნეს. მატჩს სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კლუბმა დაადასტურა, რომ შეწყვეტდა ანტი-ესპანურ მოძრაობას და მზად იყო გამოსულიყო, როგორც ესპანეთის სრულფასოვანი წარმომადგენელი ახალი რეჟიმის დროს.

სესარის გამოჩენა

სესარი ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო. მან ბლაუგრანას მაისურით 433 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 294 გოლი გაიტანა. ის ცნობილი კუთხურიდან გატანილი თავური გოლებით გახდა. გუნდის წარმატებაზე გავლენა სხვა ფეხბურთელებმაც მოახდინეს. ასეთი იყო ბასორა, ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, რომელიც ბარსელონას ოდესმე ჰყოლია, და რამალიეტსი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარე კლუბის ისტორიაში.

სამიტიერის დაბრუნება

ჟოზეპ სამიტიერი და გუნდი 1944/45 წლების ლა ლიგის მოგებას ზეიმობენ

ჟოზეპ სამიტიერის დახმარება ბარსელონასადმი ფასდაუდებელი და შეუფასებელი იყო. 1944 წელს მან დაიწყო მნიშვნელოვანი ეპოქა, ამჯერად მთავარი მწვრთნელის რანგში. სამიტიერის ხელმძღვანელობით ბარსელონამ 1944-45 წლების სეზონში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, რომელიც კლუბს 1929 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული.

პირველი ევროპული ტიტული

1948-49 წლების სეზონში ბარსელონამ ლათინური თასი მოიგო. ეს ტურნირი ორგანიზებული იყო ფიფას მიერ. ლათინური თასი ჩემპიონთა თასის წინამორბედი ტურნირი იყო. ამ ტურნირზე ასპარეზობდნენ საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის ფინალისტი გუნდები. მონაწილე კლუბები იყვნენ რეიმსი, ტორინო და სპორტინგი. ბარსელონამ ფინალში სპორტნგი დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

კლუბის 50-ე იუბილე 1949 წელს

კლუბის 50 წლის იუბილე

ბარსელონას 50-ე იუბილე დაემთხვა კლუბის უდიდეს წარმატებას და დროს, როდესაც სამოქალაქო ომი და სისასტიკის წლები გადავლილი იყო. ამ პერიოდში ბარსელონას აღმასვლის დრო ედგა, გუნდის წევრების რაოდენობა კი უკვე 24 893 იყო. შემდეგ კლუბმა გარკვეული სახის ღონისძიებები ჩაატარა, მატჩები გამართა ბოლდკლუბსა (დანია) და პალმეირასთან (ბრაზილია), ეს ამხანაგური ტურნირი, რა თქმა უნდა, ბარსამ მოიგო.

იუბილეს აღნიშვნის შემდეგ კლუბმა გერბზე აღადგინა კატალონიური დროშის 4 ხაზი, რომელიც მანამდე წაშლილი იყო. ეს იყო მკაფიო გამოვლინება იმისა, რომ ბარსელონას საკუთარი იდენტობის აღდგენა სურდა, მიუხედავად არსებული გარემოებების მიერ დაწესებული შეზღუდვებისა. ბარსელონას გულშემატკივართა მასობრივმა აქტივობამ, რომელიც ლეს კორტსზე ჩატარდა, ცხადყო, რომ მათ ლეგენდარული საფეხბურთო მოედნების განვითარება სურდათ.

ზედიზედ მოგებული ლა ლიგის ტიტულები

ენრიკე ფერნანდესი 1947/48 წლების ლა ლიგის მოგებას აღნიშნავს

ურუგვაელი სპეციალისტმა, ენრიკე ფერნანდესმა, რომელიც ომამდე ბარსელონაში თამაშობდა, კლუბი 3 სეზონის განმავლობაში გაწვრთნა. მან ბლაუგრანასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ფერნანდესის ფილოსოფია დამყარებული იყო შეტევით ფეხბურთზე, რომელიც ბარსელონას გულშემატკივრებს ძალიან მოსწონდათ.

 
1950-1961. კუბალას ეპოქა

1950-1961. კუბალას ეპოქა

1950-იან წლებში კლუბში წევრების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 26,300 წევრი 52,791-მდე გაიზარდა, რაც 100%-ზე ცოტა მეტს შეადგენს. ამის რიგი მიზეზები არსებობდა.

ლადისლავ კუბალას მოსვლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბარსას წარმატებაში და ის კულეების კუმირი გახდა. გუნდის გამარჯვებები და ლეგენდარული კუბალა ქომაგთა ერთგულების მოპოვებაში ძირითადი ფაქტორები იყვნენ. ბარსა უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა კატალონიურ საზოგადოებაში.

ამავე დროს, 1951 წლიდან დაწყებული ეკონომიკის აღდგენა, ხელფასების ზრდის კომბინირებაში, რომელმაც ინფლაციის დონეს ოდნავ გადააჭარბა, ნიშნავდა, რომ ხალხს მეტი განკარგვადი შემოსავალი ჰქონდა. წევრობის ღირებულება ნაკლები დაბრკოლება იყო.

კლუბს დიდი სტადიონი სჭირდებოდა. 1953 წელს, მირო-სანსის წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანი "ჩვენ გვჭირდება, ჩვენ გვინდა და ჩვენ გვექნება ახალი მოედნები" გადამწყვეტი იყო მის ბარსას ახალ პრეზიდენტად გახდომაში. კამპ ნოუს მშენებლობა იყო მტკიცებულება ორგანიზაციის მოდერნიზაციისკენ მისწრაფებისა.

კუბალა - ათწლეულის გმირი

ლადისლავ კუბალა

ხოსეპ სამიტიერმა, კლუბის ტექნიკურმა მდივანმა, კუბალა ბარსელონაში მიიწვია. ის იყო მოთამაშე, რომელსაც ბარსას ისტორია უნდა შეეცვალა და კლუბის ქომაგთა შორის ლეგენდარული გამხდარიყო. უნგრელმა გენიოსმა ახალი საფეხბურთო ტექნიკა წარადგინა, რომელიც ადრე არც კი უნახავთ, მაგალითად, ბურთის ჩახვევა.

ლეს კორტსის მოედანი პატარა იყო გუნდისთვის, რომელიც ესპანურ ფეხბურთში დომინირებდა და ასევე ევროპულ დონეზეც კარგად ასპარეზობდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ კლუბს დიდი სტადიონი ესაჭიროებოდა.

"ხუთი თასის" ბარსა

ხუთი თასის მომგები გუნდი

1950-დან 1953 წლამდე კლუბი დომინირებდა. ბარსას სენსაციურმა შემადგენლობამ 1951/52 სეზონში ხუთი სხვადასხვა ტიტული მოიპოვა: ლიგა, ესპანეთის თასი, ლათინური ამერიკის თასი, ევა დუარტეს თასი და მარტინი როსის თასი. ხუთი თასის მფლობელ გუნდს ჰყავდა ლეგენდარული შეტევის ხაზი. ეს იყო მისი გუნდი: რამალიეტსი, სეგუერი, ბიოსკა, სეგარა, გონსალვო III, ბასორა, სეზარი, კუბალა, მორენო და მანჩონი.

დი სტეფანოს საქმე

1953 წელს, ბარსელონამ, რივერ პლეიტთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ დი სტეფანო გაიფორმა, კლუბთან, რომელიც მოთამაშის უფლებებს ფლობდა. ამავდროულად, რეალ მადრიდმა მილიონარიოსთან მოლაპარაკებები გამართა, გუნდთან, რომელშიც მაშინ დი სტეფანო თამაშობდა. უცნაურმა ფედერაციულმა მანევრმა, ფრანკოისტების მხარდაჭერით, განსაზღვრა, რომ დი სტეფანოს სხვადასხვა სეზონი ყოველ კლუბში უნდა ეთამაშა. ბარსა ვერდიქტის წინააღმდეგ წავიდა და მოთამაშე დათმო. კუბალას ბარსა და დი სტეფანოს მადრიდი მრავალი წელი იბრძოდნენ ეროვნულ ფეხბურთში დომინაციისთვის.

ლუის სუარესის შეძენა

ის განსაკუთრებული მოთამაშე იყო და კლუბს დიდი ბედნიერება მოუტანა. მისი ბარსაში ყოფნის დროს, ქომაგები კუბალისტებად (კუბალას ფანები) და სუარისტებად (სუარესის ფანები) გაიყვნენ. 1960 წელს ლუის სუარესმა ოქროს ბურთი მოიგო, როდესაც ბარსელონას მოთამაშე იყო. ის ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელია, რომელსაც ეს ტიტული მიღებული აქვს.

კამპ ნოუს გახსნა

ნოუ კამპი მშენებლობის დროს

კამპ ნოუს მშენებლობა 1954 წელს დაიწყო და სამი წლის შემდეგ დასრულდა. მოედანი ფრანსესკ მირო-სანსის პრეზიდენტობის დროს, 1957 წლის 24 სექტემბერს, ბარსელონას მფარველი წმინდანის, ლა მერსეს დღეს გაიხსნა. ინაუგურაციის ცერემონიაზე სხვადასხვა სადღესასწაულო აქტი შედგა, მათ შორის ვარშავას ნაკრების წინააღმდეგ მატჩი. ბარსამ სტადიონზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4-2. პირველი გოლი ეულოგიო მარტინესმა გაიტანა.

სტადიონის თავდაპირველი მოცულობა 93,053 მაყურებელი იყო. კამპ ნოუს საერთო ღირებულებამ 288,088,143 პესეტა შეადგინა. დღეს, კამპ ნოუ ევროპაში ყველაზე დიდი მოცულობის სტადიონია, 98,772 მაყურებლის ტევადობით.

ელენიო ერერას ჩამოსვლა

ელენიო ერერას ბარსაში ჩამოსვლა ნიშნავდა, რომ ფეხბურთის გაგება რევოლუციური გზით შეიცვალა. ისტორიულმა სიტყვებმა, ისეთები, როგორებიცაა "ჩვენ მწვრთნელის გარეშეც გავიმარჯვებთ" და "ათი კაცით ჩვენი გუნდი უკეთესად თამაშობს, ვიდრე თერთმეტით", გუნდი იქამდე მიიყვანა, რომ ის ახალი მრისხანე ძალა გახდა.

ერერამ, ცნობილი როგორც HH, შეკრიბა ექსტრაორდინარული გუნდი, რომელიც უცხოელი და კატალონიელი ტალანტებისგან შედგებოდა. გუნდის ახალი კერპები კვლავ უნგრელები იყვნენ: შანდორ კოჩიში და ზოლტან შიბორი ეულოგიო მარტინესისა და ევარისტოს გვერდით თამაშობდნენ. გუნდში ასევე ადგილობრივი მოთამაშეებიც იყვნენ: გენსანა, გრასია, ვერგესი, ტეხადა, ოლიველია და სეგარა.

 
1961-69. ახალი სოციალური განზომილება

1961-69. ახალი სოციალური განზომილება

1960-იან წლებში ბარსელონას წევრების რაოდენობა ზრდას განაგრძობდა, მაგრამ ეს სპორტულ შედეგებზე დადებითად ვერ მოქმედებდა. იმავე წლებში კატალონიამ ძალიან დიდი რაოდენობის მიგრანტები მიიღო და ბარსელონა გახდა უმნიშვნელოვანესი მექანიზმი კატალონიური საზოგადოების ინტეგრაციისთვის.

არასტაბილურმა სპორტულმა წარმატებამ და მკაცრმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ნაწილობრივ კამპ ნოუს მშენებლობის გამო, განაპირობა ის, რომ გუნდი დიდ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობდა, რამაც, რა თქმა უნდა, ბარსელონას შედეგებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

დიდი სოციალური ზრდა

დიდი სოციალური ზრდა

1960-იან წლებში კატალონიის მოსახლეობა 1 200 000-ზე მეტი მცხოვრებით გაიზარდა. ეს მეტწილად ესპანეთის სამხრეთ ნაწილიდან მიგრაციამ განაპირობა. ბარსელონამ მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო თავისი დემოკრატიული სულისკვეთების გამო, ასევე მისმა რეგიონულმა ცნობიერებამ და ანტი-ცენტრალურმა პოზიციამ. ამიერიდან წევრებისა და გულშემატკივრებისათვის ბარსელონას კატალონიასთან იდენტიფიცირება აკრძალული აღარ იყო. ბარსელონამ გაამაგრა საკუთარი პოზიცია, როგორც კატალიზატორმა სოციალური ინტეგრაციის საქმეში. მანამდე, 1920-იან წლებში ვალენსიიდან, მურსიადან და არაგონიდან ხალხი საცხოვრებლად კატალონიაში გადაბარგდა და შესაძლოა, იგივე განმეორებულიყო მე-20 საუკუნის ბოლოსაც, როდესაც იმიგრანტები სხვა კონტინენტებიდან დაბრუნდებოდნენ.

სატელევიზიო ბუმი

სატელევიზიო ბუმი

1960-იან წლებში ფეხბურთი ტელევიზიის საშუალებით პირველად გადმოიცა. რეგულარული სატელევიზიო ტრანსლირება კატალონიაში 1959 წელს დაიწყო. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროში ტელევიზორი ძვირი სიამოვნება იყო, ბარსელონას მატჩებს ხალხის დაჯგუფება მაღაზიის გარედან, სადაც ტელევიზორები იყიდებოდა, ადევნებდა თვალს, ან ბარში და რესტორნებში, მთელი კატალონიის მასშტაბით.

ოქროს თაობას ვემშვიდობებით

ჟოან სეგარა გუნდს ემშვიდობება

ბარსელონას სპორტული წყევლა ბერნში 1961 წელს დამტკიცდა, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ევროპის თასის ფინალში კრახი განიცადა. ეს იყო დასაწყისი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი პერიოდისა. 5 თასის ერა და ელენიო ერერას დრო საბოლოო დასასრულამდე მივიდა. სეზონის ბოლოს ლასლო კუბალას წასვლამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ბარსელონას დიდება დასრულდა. შემდეგ კლუბი დატოვა დიდებულმა გოლკიპერმა, ანტონი რამალიეტსმა, მას მოჰყვნენ ტეხადა და ჩიბორი. და ბოლოს, როდესაც 1964/65 წლების სეზონის შემდეგ სეგარაც წავიდა, ეს უკვე ოქროს თაობის დასასრულს ნიშნავდა.

პირველად - მეტი, ვიდრე კლუბი

ბარსელონას ახლად დანიშნულმა პრეზიდენტმა, ნარსის დე კარერასმა სიტყვით პირველად გამოსვლისას წარმოთქვა ფრაზა - "ბარსელონა არის რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი". მოგვიანებით კი ეს კატალონიური კლუბის დევიზად იქცა - "ბარსა მეტია, ვიდრე კლუბი". მისმა ვაჟმა, ლუისმა გაიხსენა, რომ მამამისს ჰქონდა ხელნაწერის ასლი იმ დღისა, როდესაც სიტყვით გამოვიდა და ეს ცნობილი გამონათქვამიც ერთ-ერთი იყო. ცხადია, რომ მოსაუბრეს არ შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა გავლენას მოიპოვებს მომავალში მისი წარმოთქმული ფრაზა, თუმცა, როგორც ჩანს, კარერასი გრძნობდა, რაღაც განსაკუთრებულს ამბობდა.

ხულიო სეზარ ბენიტესის სიკვდილი

ახალგაზრდა, 27 წლის ფეხბურთელის, ხულიო სეზარ ბენიტესის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, 1969 წლის 6 აპრილს, შეძრა სრულიად საფეხბურთო სამყარო და ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია ბარსელონას გულშემატკივრებისთვის. მისი სიკვდილი ძალიან რთული იყო, როგორც მისი თანაგუნდელებისთვის, ისე - გულშემატკივრებისთვისაც. ეს ის დროა, როდესაც ბარსა კარგი პერიოდი არ უდგას. ბენიტესი გასამართი ელ კლასიკოს წინა დღეს გარდაიცვალა, მატჩი კი, რა თქმა უნდა, გადაიდო. კამპ ნოუზე ათასობით ადამიანი მივიდა, რათა ბოლოჯერ მიეგოთ პატივი ხულიო სეზარისთვის. ფეხბურთელის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ როგორც ბარსელონას, ისე სხვა გუნდის გულშემატკივრებიც.

ბოთლების ფინალი

ბოთლების ფინალი

ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის წინააღმდეგ გაიმართა, ისტორიაში საკმაოდ უცნაური სახელი შევიდა - "ბოთლების ფინალი". მატჩის ბოლოს, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, რეალის გულშემატკივრებმა ბარსელონას ფეხბურთელებს მინის ბოთლების სროლა დაუწყეს, სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მატჩს ბოთლების ფინალი. მიუხედავად მტრული ატმოსფეროსა, ბარსელონამ გმირული გამარჯვება მოიპოვა და რეალი 1:0 დაამარცხა.

 
1969-78. კრუიფი და დემოკრატია

1969-78. კრუიფი და დემოკრატია

1969 წელს, აგუსტი მონტალმა არჩევნები მოიგო და კლუბის პრეზიდენტი გახდა. მისი პროგრამა ითხოვდა წევრთა ჩართულობას და იყო ერთგული იმ იდეის, რომ ყველა წევრი დაინახავდა, რომ მათი მოსაზრება კლუბამდე არჩევნებში მონაწილეობის შედეგად მივიდა. 1973 წელს, მონტალი ხელახლად აირჩიეს პრეზიდენტად; მისი საარჩევნო სლოგანი იყო "ბარსა მეტია, ვიდრე კლუბი".

მისი პრეზიდენტობის დროს, მონტალი კატალონიელობის აღდგენას იცავდა და მტკიცედ დაუპირისპირდა ცენტრალიზმს ფეხბურთში, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული სპორტის დელეგაციის მიერ განხორციელდა. მისი გავლენა იქამდე მივიდა, რომ ბარსელონამ სიმბოლოების აღდგენა დაიწყო, ორგანიზაციის სახელწოდების დაწყებით, რომელიც შეცვლილი იყო, რათა უფრო ესპანური გამხდარიყო სამოქალაქო ომის შემდეგ.

კორუფციის ეპიდემიით, რომელიც დაკავშირებული იყო უცხოელ მოთამაშეებთან, რომლებიც დაბადების მოწმობას აყალბებდნენ, რათა ესპანურ ფეხბურთში ყოფილიყვნენ დაშვებულნი, შესაძლებელი გახდა მათი გაფორმება. ბარსას ოცნება, იოჰან კრუიფის შეძენაზე, რეალურს დაემსგავსა.

პირველი ევროპული თასი გორგოლაჭიან ჰოკეიში

1973 წელი - ჰოკეის გუნდი ჩემპიონობას ზეიმობს

ბარსას ოქროს ხანა გორგოლაჭიან ჰოკეიში 1972 წელს, კატალონიელი მწვრთნელის, ხოსეპ ლორენტეს გაფორმებით დაიწყო. 1972/73 სეზონში, გუნდმა გორგოლაჭიანი ჰოკეის პირველი ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიან ფინალში, ლისაბონის სპორტინგის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა.

იოჰან კრუიფის შეძენა

იოჰან კრუიფი და პრეზიდენტი მონტალი კონტრაქტის გაფორმების დროს

რათა ერთხელ და სამუდამოდ კლუბის ცუდი ასპარეზობისთვის ბოლო მოეღოთ, აუცილებელი იყო ვარსკვლავური მოთამაშე, რომელიც გულშემატკივართა ინტერესს გამოიწვევდა. ამ კანდიდატურაზე იოჰან კრუიფი აირჩიეს, ჰოლანდიელი ფორვარდი, რომელმაც ამსტერდამის აიაქსთან ერთად მთელ ევროპაში გამარჯვება მოიპოვა. 1973 წლის 13 აგვისტოს, კრუიფი ბარსას შეუერთდა. ის ნიჭიერი გუნდის ლიდერი გახდა, რომელსაც რინუს მიხელსი მართავდა, რომელმაც კამპ ნოუს ძველი დიდება დაუბრუნა. კრუიფი თამაშის ჭკვიანურ სტილსა და შესანიშნავ ტექნიკას აჩვენებდა.

ჰოლანდიელი ვარსკვლავი ისტორიაში რამდენიმე დაუვიწყარი მომენტით შევიდა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მისი დაუვიწყარი გოლი მადრიდის ატლეტიკოს კარში. კრუიფი ცაში აფრინდა, რათა რეშაკის ჩაწოდებულ ბურთს მისწვდენოდა და მეკარე რეინას კარში ბურთი გაეგზავნა.

5-0 ბერნაბეუზე

ისტორიული მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე

გუნდი კვლავ ავიდა ლიგის ცხრილის სათავეში და ბარსას გამარჯვებებმა ზრდა დაიწყო. ბარსამ, ხიხონის სპორტინგთან 4-2 გამარჯვების შემდეგ ესპანეთის ლიგა მოიგო. დარჩენილი იყო კიდევ ხუთი მატჩი, მაგრამ 14-წლიანი იმედგაცრუების შემდეგ ჩემპიონატი უკვე მოგებული იყო.

1973/74 სეზონის ჩემპიონატი ერთ სანახაობრივ მატჩსაც მოიცავდა, რომელიც 1974 წლის 17 თებერვალს, სანტიაგო ბერნაბეუზე შედგა. ბარსელონამ მადრიდის რეალი 5-0 გაანადგურა. კატალონიელთა შემადგენლობა ასეთი იყო: მორა, რიფე, კოსტასი, დე ლა კრუზი, ტორესი, ხუან კარლოსი, რეშაკი, ასენსი, კრუიფი, სოტილი და მარსიალი.

1974 წელი და 75-ე იუბილე

ჟოან მირო 75 წლის იუბილეს აღსანიშნავ პოსტერს ხატავს

ჩემპიონატის მოგების შემდეგ, კლუბის მრავალი მხარდამჭერისა და ეიფორიული სპორტული ატმოსფეროს შედეგად, კლუბის 75-ე იუბილე მთავარი მოვლენა იყო. სამახსოვრო აქტები ყველაფრისთვის გამოიყენეს, რაც ბარსას უკავშირდებოდა და ჩართეს მოღვაწეები, რომლებიც კატალონიური საზოგადოების ყველაზე დინამიკურ ასპექტებს წარმოადგენდნენ. ჟოან მირო, სალვადორ დალი, ანტონი ტაპიესი, ჟოან ფუსტერი, პერე კალდერსი და ტისნერი - ყველამ წვლილი შეიტანა მხატვრული თუ ლიტერატურული ნაწარმოებით. 75-ე იუბილესთვის, ხოსეპ მ. ესპინასმა და ჟაუმე პისასმა დაწერეს სიმღერის ტექსტი, რომლითაც მანუელ ვალსმა მუსიკა შექმნა. ეს გახდა კლუბის ოფიციალური ჰიმნი, Cant del Barça.

ბარსა და კატალონია

კამპ ნოუ ელ კლასიკოს დროს

აგუსტი მონტალის პრეზიდენტობის დროს, ბარსელონამ კატალონიური იდენტობის გამყარების პოლიტიკა განახორციელა, მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებსაც ფრანკოს დიქტატურა აწესებდა. 1972 წელს, კამპ ნოუს აკუსტიკური სისტემებიდან კვლავ გაჟღერდა კატალონიური ენა და კლუბის საინფორმაციო ბიულეტენმა კატალონიური ენის გამოყენება დაიწყო. 1973 წელს, კლუბმა თავდაპირველი სახელწოდება აღიდგინა: Futbol Club Barcelona.

1975/76 სეზონი, ფრანკოისტების რეჟიმის ფარგლებში, პოლიტიკურ არეულობას დაემთხვა. 1975 წლის 28 დეკემბერს ელ კლასიკო შედგა, რომლის დროსაც მაყურებლებმა კატალონიური დროშები ფარულად შეიტანეს. ეს მოხდა ფრანკოს სიკვდილიდან სულ რაღაც ერთ თვეში.

მატჩს ტელევიზიით გადმოსცემდნენ, ეს კი ნიშნავდა, რომ მთელ სტადიონზე ათასობით სენიერების ფრიალი უდიდეს გავლენას ახდენდა. ბარსამ მატჩი მოიგო. რეშაკის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა ტრიუმფი უფრო ხმაურიანი გახადა.

მონტალის პრეზიდენტობის ბოლო სეზონში, ბარსამ კატალონიის მმართველობის აღდგენას მხარდაჭერა აღუთქვა.

 
1978-88. მეტი წევრი, მეტი ვარსკვლავი

1978-88. მეტი წევრი, მეტი ვარსკვლავი

1979 წლის მაისში ბაზელში ბარსელონა ისტორიაში პირველად გახდა ევროპის თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი, ამან კი გუნდი მსოფლიო ტოპ კლუბების რიგებში დააბრუნა. ეს იყო პირველი ტიტული ხოსეპ ლუის ნუნიესი პრეზიდენტობის პერიოდში.

1980-იან წლებში ბარსელონამ გამოცადა კრახიც და წარმატებაც, მატჩების შედეგების გავლენა, ვარსკვლავური ფეხბურთელების თამაში და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც სპორტთან კავშირში არაა.

ამ დეკადამ იხილა შესანიშნავი ფეხბურთელების ბარსელონაში გადაბარგება. მათ შორის არიან: კინი, მარადონა, შუსტერი, ალეშანკო, ჟულიო ალბეტო, ურუტი, მარკოსი... კლუბს ამ პერიოდში ასევე ჰყავდა ბევრი მწვრთნელიც, რომელთა მსოფლმხედველობა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა - ელენიო ერერა, უდო ლატეკი, სესარ ლუის მენოტი, ტერი ვენეიბლზი... ეს ასევე ის პერიოდია, როდესაც პირველი მულტი-მილიონიანი კონტრაქტები გამოჩნდა და სატელევიზიო უფლებებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია კლუბის ფინანსურ მხარეზე. ორგანიზაცია კიდევ უფრო დიდი გახდა კამპ ნოუს ზრდასთან ერთად, წევრების რაოდენობა ძალიან შთამბეჭდავი რიცხვი გახდა, გაიზარდა 100 ათასზე მეტით.

ახალი ერა პრეზიდენტ ნუნიესთან ერთად

ხოსეპ ლუის ნუნიესი

1978 წლის 6 მაისს, ახალ დემოკრატიულ პერიოდში ბარსელონაში ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ყველა წევრს შეეძლო თავისუფლად მიეცა ხმა სასურველი კანდიდატისათვის. არჩევნებში ხოსეპ ლუის ნუნიესმა გაიმარჯვა, რომელსაც შემდეგი სლოგანი ჰქონდა - "მოდით, იყოს ბარსელონა უფრო გახსნილი". ნუნიესის უმთავრესი მიზანი იყო, რომ კლუბი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო მისი წევრებისთვის, ამასთან ერთად იგი ბარსელონას ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობას ხედავდა.

პირველი თასების მფლობელთა თასი

გუნდი თასების მფლობელთა თასის მოგებას ზეიმობს - 1979 წელი

1979 წლის 16 მაისს ბარსელონამ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. იგი ფინალში დიუსელდორფის ფორტუნას დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში ანგარიშით 4:3 დაამარცხა, სადაც ტურნირის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. გუნდს ფინალში თან 30 ათასი გულშემატკივრისგან შემდგარი შთამბეჭდავი ჯგუფი ახლდა, მათ თან ლურჯი და ბროწეულისფერი დროშები ჰქონდათ, რომელიც მთელ ევროპას აჩვენეს. ევროპული ტიტულის მოპოვებამ ბიძგი მისცა ბარსელონას ქუჩებში გამართულ უპრეცედენტო ზეიმს და ასევე კატალონიის სხვა ქალაქებშიც. ჩემპიონებს ქალაქში სენსაციური დახვედრა მოუწყვეს, განსაკუთრებით ორ ფეხბურთელს: იოჰან ნეესკენსს, რომელიც უკვე გუნდს ტოვებდა და მიგელს, რომელმაც ფინალური მატჩი მოტეხილი ლავიწით ითამაშა.

კინის გატაცება

ტყვეობიდან გათავისუფლებული კინი

1981 წლის 1 მარტს გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი, ენრიკე კასტრო, მეტსახელად "კინი" საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. მისმა ტყვეობამ 25 დღეს გასტანა, ამ დროის განმავლობაში კლუბის წევრები გაერთიანდნენ. კინის გატაცებამ ბარსელონაზე უზარმაზარი ემოციური გავლენა მოახდინა. გუნდი თავდამსხმელის გარეშე დარჩა, კლუბი ვალდებული იყო ესპანეთის ჩემპიონატში თამაში გაეგრძელებინა, თუმცა ტურნირის მოგების ყველანაირი შანსი დაკარგა. ბარსელონას გულშემატკივრებმა მოაწყვეს მასობრივი დემონსტრაცია და კინის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელმაც, საბოლოოდ, 25 მარტს შედეგი გამოიღო.

მარადონას ტრანსფერი

დიეგო არმანდო მარადონა იმ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიაზრებოდა. მარადონა, მეტსახელად "ელ პელუსა", დაუვიწყარი მოძრაობებისა და გოლების მაესტრო იყო. არგენტინელი ფორვარდი საფეხბურთო ნიჭით დაჯილდოებული იყო, გამოირჩეოდა თავისი მაგიური მარცხენა ფეხით, რიტმის ცვლილებებით, სისწრაფით და დრიბლინგით. თუმცა, მისი პერიოდი ბარსელონაში უიღბლობამ გააცუდა. 2 წლის განმავლობაში იგი დაავადდა ჰეპატიტით და მიიღო სერიოზული დაზიანება. ამ უბედურებამ გამოიწვია ის, რომ გულშემატკივრებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, ეცქირათ და სიამოვნება მიეღოთ მისი განსაკუთრებული ტალანტით.

მეორე თასების მფლობელთა თასი კამპ ნოუზე

გუნდი თასების მფლობელთა თასის მოგებას ზეიმობს - 1982 წელი

1982 წლის 12 მაისს ბარსელონამ ევროპის თასების მფლობელთა თასი მეორეჯერ მოიგო. ფინალი მშობლიურ კედლებში, კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც კატალონიელთა მეტოქე ლიეჟის სტანდარტი იყო. ბარსელონამ სიმონსენისა დ კინის გოლებით მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 1981/82 წლების სეზონი ბარსელონას თითქმის უკვე მოგებული ჰქონდა, გუნდი სენსაციურად ტიტულის გარეშე დარჩა, ეს ბოლო მატჩების წაგებამ გამოიწვია. ლატეკის გუნდმა წარმატებას ვერც ესპანეთის თასზე მაღწია, ბლაუგრანა ტურნირს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა.

ურუტი, მიყვარხარ

ურუტიმ თერთმეტმეტრიანი მოიგერია

შეხვედრის 88-ე წუთზე ბარსელონას კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, გოლის გაშვება კი ტიტულის მოგების გადადებას. ურუტიმ მეჯიკო გონსალესის დარტყმა მოიგერია და ბარსელონა 10 წლის შემდეგ პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული. ბასკი გოლკიპერი ბარსელონას ისტორიაში შევიდა. მატჩი კატალონიური რადიოს საშუალებით გადმოიცემოდა, რომელსაც ხუაკიმ მარია პუიალი უძღვებოდა. როგორც კი მეკარემ პენალტი მოიგერია, კომენტატორმა ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორა - "ურუტი, მე შენ მიყვარხარ". ეს სიტყვები კი ესპანეთის ჩემპიონატის იმ კულმინაციის ნიშნად იქცა, რომელმაც ბარსას ჩემპიონობა მოუტანა.

 
1988-1996. ოცნების გუნდის ეპოქა

1988-1996. ოცნების გუნდის ეპოქა

1988 წლიდან, როდესაც კრუიფი მწვრთნელი გახდა, ბარსა კვლავ ასოცირდა შესანიშნავ ფეხბურთთან და სპორტულ წარმატებასთან. დირექტორთა საბჭო, ნუნიესის თავმჯდომარეობით, ფოკუსირდა გუნდის შექმნაზე იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ენთუზიაზმს გამოავლენდნენ და თავს კარგად წარმოაჩენდნენ. კამპ ნოუმ კვლავ დაიწყო შევსება.

1990-დან 1994 წლამდე პერიოდში ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება შეძლო. 1992 წელს, ევროპის თასის მოგება ამ პერიოდის მწვერვალი იყო, რომელიც ხასიათდებოდა გუნდის ერთი შეხებით თამაშით, შემტევი სტილითა და კრუიფის მოთამაშეების გამარჯვებულის მენტალიტეტით.

"ოცნების გუნდად" ცნობილი გუნდი შემდეგი ფეხბურთელებისგან შედგებოდა: სუბისარეტა, ბაკერო, ბეგირისტაინი, ლაუდრუპი, კუმანი, სტოიჩკოვი, რომარიო, ეუსებიო, ნადალი, გვარდიოლა, ამორი, ხუან კარლოსი, ფერერი, ნანდო, ხულიო სალინასი, სერნა, ალეშანკო და გოიკოეჩეა.

კრუიფი-რეშაკის დუეტის მეთაურობით, გუნდმა საბოლოოდ გაავლო ხაზი მისი პრობლემური წარსულის ქვეშ; მსოფლიო ფეხბურთში ბარსა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი გახდა.

კრუიფის დაბრუნება

იოჰან კრუიფი და მისი ტრადიციული "აქსესუარი"

"მე ვიცნობ კლუბს და არ მინდა, რომ ისტორია განმეორდეს. თუ გვსურს, რომ ყველაფერი შეიცვალოს, ჩვენ ისტორია უნდა შევცვალოთ" - ეს სიტყვები ქმნის კრუიფის ეპოქას მოძრაობაში, რომელიც ფილოსოფიის შეცვლით აღინიშნება. გუნდის ტაქტიკა შეიცვალა, რათა ჰოლანდიელი მწვრთნელის, რინუს მიხელსის ტოტალური ფეხბურთი ჩართულიყო. შეიცვალა ასევე გუნდის ხელმძღვანელობა და მენეჯერის პასუხისმგებლობა ექსკლუზიური გახდა. კრუიფთან ერთად, ბარსამ დიდებული ეპოქა გაიარა. მან კლუბთან ერთად ერთი ჩემპიონთა თასი, ოთხი ესპანეთის ჩემპიონატი, ერთი თასების მფლობელთა თასი, ერთი ესპანეთის თასი და ოთხი ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. ის ასევე იყო პასუხისმგებელი გუნდის სავარჯიშო სესიებზე კვადრატის დანერგვისთვის. ეს დღესდღეობით ცნობილი სავარჯიშო მეთოდია, რომლის დროსაც ფეხბურთელები წრეს ქმნიან და ერთმანეთს პასებს აძლევენ, ცენტრში მყოფი მოთამაშე კი ბურთის დაჭერას ცდილობს.

ევროპის მესამე თასების მფლობელთა თასი

გუნდი თასების მფლობელთა თასის მესამედ მოგებას ზეიმობს

1989 წლის 10 მაისს, სალინასისა და ლოპეს რეკარტეს გოლებით ბარსელონამ სამპდორია 2-0 დაამარცხა. გუნდის მხარდასაჭერად 25,000-ზე მეტი გულშემატკივარი გაემგზავრა შვეიცარიაში. კრუიფის ახალი ბარსა სახლში მესამე თასების მფლობელთა თასით დაბრუნდა. იმედგაცრუების წლების შემდეგ, ქომაგები Canaletes-სა და Plaça Sant Jaume-ზე დაბრუნდნენ, რათა გუნდის გამარჯვება აღენიშნათ.

მიგელის გამომშვიდობება

მიგელი გუნდს 1989 წლის 5 სექტემბერს დაემშვიდობა

მიგელი კლუბის ისტორიაში პრივილეგირებულ ადგილს იკავებს, მან ბარსას მაისურით 553 მატჩი ჩაატარა. ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო, რომელსაც ბარსელონაში ოდესმე უთამაშია. 1989 წლის 5 სექტემბერს, მიგელმა ბარსას მაისური ბოლოჯერ მოირგო, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ბულგარეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. მიგელი ბარსელონაში 16 სეზონის განმავლობაში თამაშობდა ისეთი ლეგენდარული ფიგურების გვერდზე, როგორებიც იყვნენ კრუიფი და რეშაკი.

პირველი ევროპული თასი ხელბურთში...

ხელბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებას ზეიმობს

ბარსას ხელბურთის გუნდმა პირველად EHF ჩემპიონთა ლიგა ვალერო რივერას ხელმძღვანელობის დროს მოიგო. ვეტერან მოთამაშეთა კომბინაციამ, ისეთების, როგორიცაა რიკო, საგალესი და სერანო და პერსპექტიულმა ახალგაზრდა მოთამაშეებმა, ისეთები, როგორიცაა მასიპი, ურდანგარინი და ბარუფეტი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშესთან, ვესელინ ვუჩოვიჩთან ერთად, სასურველ შედეგებს მიაღწია. ბარსამ ევროპული დომინაცია აქ დაიწყო, გუნდით, რომელიც წლიდან წლამდე ტიტულების მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

... და ფეხბურთში

რონალდ კუმანის ისტორიული დარტყმა...

ოცნება რეალობად იქცა 1992 წლის 20 მაისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე, როდესაც ბარსამ სამპდორია დაამარცხა. ბარსელონას ისტორიის კურსი სამუდამოდ შეიცვალა. იოჰან კრუიფის ბოლო მითითება თავისი მოთამაშეებისთვის, ვიდრე ისინი მოედანზე გავიდოდნენ, იყო: გადით და ისიამოვნეთ. მატჩმა ნულოვანი ფრის შემდეგ დამატებით დროში გადაინაცვლა. 111-ე წუთზე, რონალდ კუმანის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ ბარსას პირველი ჩემპიონთა თასი მოაგებინა. გუნდს უემბლიზე 25,000 მხარდამჭერი ახლდა. ერთი მილიონი ადამიანი ბარსელონას ქუჩებში გავიდა, რათა ევროპის ჩემპიონებს მისალმებოდნენ.

ზედიზედ ოთხი ლიგის თასი

ლა ლიგის ბოლო ტურში, ფეხბურთელები კონკურენტის შედეგს რადიოთი იგებენ

ესპანეთის ჩემპიონატი ერთადერთი ტიტული იყო, რომელიც კრუიფს ჰქონდა მოსაგებად დარჩენილი. ბარსამ ამას მიაღწია. არა მხოლოდ მოიგო ესპანეთის ლიგა - არამედ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ეს ტიტული. ბოლო სამი, სეზონის უკანასკნელ მატჩებში მოიგო.

 
1996-08. ბარსამ საკუთარ საუკუნეს მიაღწია

ბარსელონას ლეგენდები - პატრიკ კლუივერტი და რივალდო

მხოლოდ ცოტა ორგანიზაციამ მიაღწია საკუთარ 100 წლის იუბილეს, ეს კი გამძლეობას, უწყვეტობასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ბარსელონას საუკუნოვანი იუბილე ორ მიზანს აერთიანებდა: ეზეიმათ დიადი წარსული და იმედიანად ყოფილიყვნენ მომავლის მიმართ.

სამახსოვრო ღონისძიებებმა დაგვანახა ბარსელონას განწყობა და კლუბს შესთავაზა ემოციური შესაძლებლობები, რათა ერთი წელი გუნდის საამაყო ისტორიისთვის გადაეხედათ. ჩართული იყო კატალონიური კულტურისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პიროვნება, ისევე, როგორც მედია და რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია. ცნობილმა მხატვარმა, ანტონი ტაპიესმა კლუბის 100 წლისთავის აღსანიშნავად შექმნა ოფიციალური პოსტერი, ამან კი იგი იმ დამსახურებული მხატვრების და მწერლების რიგში შეიყვანა, რომლებიც წლების განმავლობაში ბარსელონას სიმბოლურ მხარეს აძლიერებდნენ.

1998-1999 წლების სეზონი, იგივე საიუბილეო და საზეიმო სეზონი, ისტორიული გახდა სხვა მხრივაც - იგი გამოირჩა მრავალი სპორტული მიღწევით: ქვეყნის ჩემპიონატი კლუბის ოთხივე სპორტულმა გუნდმა (ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და ჰოკეი) მოიგო.

2003 წელს გამართულ კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა, რომელმაც ახალგაზრდა და ენერგიული დირექტორები მოიყვანა, რამაც ტოტალურად შეცვალა ბარსელონას იმიჯი. მისი პრიორიტეტი იყო, რომ კლუბის საფეხბურთო წარმატება ასახულიყო უფრო მეტ სოციალურ ასპექტზე.

მომდევნო წლები ძალიან შთამბეჭდავი იყო ბევრი თვალსაზრისით: იყო სპორტული წარმატება, წევრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, ეკონომიკური პროგრესი, რამაც კლუბი მსოფლიო ელიტის რიგებში დააბრუნა. ბარსელონა უპრეცედენტო საქველმოქმედო პროექტებში ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, 2006 წელს იუნისეფთან შეთანხმებაში აისახა, ამან კი კლუბის იმიჯი კიდევ უფრო გაზარდა და გაამართლა საკუთარი სლოგანი - "მეტი, ვიდრე კლუბი".

ლუი ვან გაალი და ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულები

ნუნიესი, ვან გაალი და პროფესიონალური გუნდების კაპიტნები 1998/99 წლების სეზონში მოგებული ტიტულებით

ბობი რობსონის შემდეგ, რომელმაც კატალონიურ კლუბში გატარებულ ერთადერთ სეზონში თასების მფლობელთა თასი და კოპა დელ რეი მოიგო, 1996-97 წლების სეზონში ბარსელონა ლუი ვან გაალმა ჩაიბარა. ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდში ახალგაზრდა და ძალიან ეფექტური თავდამსხმელი, რონალდო ჰყავდა. ვან გაალის ხელმძღვანელობით ბარსელონამ 39 წლის შემდეგ პირველად შეძლო ოქროს დუბლის შესრულდება, მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და კოპა დელ რეი. კატალონიურ კლუბში გატარებულ მეორე სეზონში ჰოლანდიელმა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტული დაიცვა და ზედიზედ მეორედ მოიგო.

100 წლის იუბილეს აღნიშვნა

კლუბის 100 წლის იუბილეს აღნიშვნა

კლუბს სურდა, რომ ბარსელონას მეასე იუბილეს აღნიშვნა ერთ წელს გაგრძელებულიყო. გულშემატკივრებმა და ზოგადად სპორტის მიმდევრებმა სიამოვნება მიიღეს სამახსოვრო ღონისძიებებისგან, რამაც 1998 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე გასტანა. ყველაფერი სტადიონზე ჩატარებული მასიური ზეიმით დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მომენტი იყო, როდესაც ლეგენდარულმა კატალონიელმა მომღერალმა, მანუელ სერატმა ასი ათასი გულშემატკივრის წინაშე ბარსელონას ჰიმნი შეასრულა. მორიგი ძალიან ემოციური მომენტი იყო ათასობით სპორტის მიმდევარი ხალხის, რომლებიც ბარსელონას ფერებს წლების განმავლობაში იცავდნენ, აღლუმი.

ევროლიგის პირველი ტიტული

ბარსელონას საკალათბურთო გუნდი ევროლიგის ჩემპიონია

2003 წლის 11 მაისს ბარსელონას საკალათბურთო გუნდმა ევროსარბიელზე თავისი წარუმატებელი სვლა დაასრულა და ევროლიგა მოიგო. ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ გუნდი, რომელსაც სვეტისლავ პეშიჩი წვრთნიდა და დეიან ბოდიროგა, სარუნას ჟასიკევიციუსი და ხუან კარლოს ნავარო ლიდერობდნენ, ევროპის ჩემპიონი გახდა. ბარსელონამ პალაუ სან ჟორდის პარკეტზე ბენეტონ ტრევისო დაამარცხა, ანგარიშით 76-65. დეიან ბოდიროგა ფინალის MVP გახდა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტული პარიზში

ბარსელონამ პარიზში, არსენალი 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო

2006 წლის 17 მაისს პარიზში  უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ბარსელონას მეტოქე ლონდონის არსენალი იყო. კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგეს. ეტო'ოსა და ბელეტის გოლებმა სტად დე პრანსზე გამოანათა. ეს იყო ლაღი ფეხბურთის გამარჯვება, რომელსაც ჟოგო ბონიტოს უწოდებდნენ. მწვავე და გაბედულმა სტილმა შედეგი გამოიღო და ბარსელონამ მსოფლიო დაიპყრო. ამ დიდ გამარჯვებას პარიზში ათასობით წევრი და გულშემატკივარი აღნიშნავდა, გარდა ამისა, მილიონობით ადამიანი ბარსელონასა და კატალონიის სხვა ქალაქების ქუჩებში ზეიმობდა.

ისტორიული შეთანხმება იუნისეფთან

პირველი თამაში UNICEF-თან ერთად - 2006 წლის 12 სექტემბერი

2006 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას იუნისეფთან, რომლის საფუძველზეც კლუბი აღნიშნულ ასოციაციასთან, რომლებიც ბავშვების უფლებებს იცავდა, ფინანსურად თანამშრომლობდა, მათ რეკლამას კი ბარსელონას პირველი გუნდის მაისური დღემდე ატარებს. იუნისეფის ლოგოს თანხლებით კატალონიელებმა პირველი მატჩი 2006 წლის 12 სექტემბერს გამართეს, ეს იყო კამპ ნოუზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი სოფიას ლევსკის წინააღმდეგ. ბარსელონამ იმ შეხვედრაში მოედანზე ნამდვილი სპექტაკლი დადგა და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 სძლია.

 
2008-16. საუკეთესო წლები კლუბის ისტორიაში

ანდრეს ინიესტა ჩელსის კარში გატანილ ლეგენდარულ გოლს ზეიმობს

გვარდიოლას ხელმძღვანელობით, გუნდი კიდევ უფრო გაუმჯობესდა. იმავე სტილში თამაშით, რაც კრუიფმა დანერგა, გვარდიოლა მტკიცედ ემხრობოდა თავისი გუნდის დაფუძნებას ახალგაზრდული აკადემიის სისტემის ირგვლივ და რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი პირველ გუნდში გადაიყვანა, შედეგი კი უდიდესი ბარსა იყო, რაც ოდესმე ყოფილა.

უდიდესი საერთაშორისო აღიარება მაშინ მოხდა, როდესაც 2010 წლის ფიფას ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში ჩავი, ინიესტა და მესი მოხვდნენ. სამივე ლა მასიაში აღიზარდა, ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბარსელონელი ახალგაზრდა სპორტსმენი ვარჯიშობს და განათლებას იღებს.

ამ გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა და სამი ესპანეთის ჩემპიონატი, ასევე დიდი ხნის ნანატრი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელიც საბოლოოდ 2009 წელს მოიპოვეს. ამ განსაკუთრებულ წელს ბარსელონამ ექვსივე ტიტული მოიგო, რაც ევროპული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. გვარდიოლას ეპოქა 2012 წელს დასრულდა, მაგრამ ბარსამ წარმატებების მიღწევა ტიტო ვილანოვასა (2012/13 სეზონის ლა ლიგა) და ლუის ენრიკეს დროსაც გააგრძელა, რომელმაც, გვარდიოლას მსგავსად, 2015 წელს, სადებიუტო სეზონშივე ტრებლი გაიფორმა: უეფას ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი.

ბარსამ ყველა შესაძლო რეკორდი დაამხო, ჩაატარა დაუვიწყარი მატჩები და მოიგო თითქმის ყველა ტიტული. მაგრამ გვარდიოლასთვის საუკეთესო საათი უემბლიზე იყო, როდესაც მთელი მსოფლიო ბარსას ფეხბურთით აღტაცებული იყო. ფეხბურთით, რომლისგანაც ოცნებები შეიქმნა. მსოფლიო პრესამ ამ უჩვეულო მხარეს მაღალი შეფასება მისცა, რომელმაც ისტორიის ფურცლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი თავი დაწერა.

მაგრამ მხოლოდ საფეხბურთო გუნდს არ მოუგია ამდენი ჯილდო. კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალისა და გორგოლაჭიანი ჰოკეის გუნდებმა ასევე მოიგეს ევროპული ტიტულები.

სანდრო როსელი, ახალი პრეზიდენტი

სანდრო როსელი, ახალი პრეზიდენტი

სანდრო როსელი ბარსელონას პრეზიდენტობისკენ მიისწრაფოდა დიდი გამოცდილებით, როგორც მსოფლიო ბიზნესში, ისევე ფეხბურთში. მან კლუბის მმართველობაში მოღვაწეობა 2003 წელს, საბჭოს წევრის ამპლუაში დაიწყო, მაშინდელი პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ხელმძღვანელობის ქვეშ. როსელი რონალდინიოს ტრანსფერის მამოძრავებელი ძალა იყო.

როსელის კანდიდატურა იყენებდა სლოგანს "ჩვენ ყველა ბარსა ვართ" საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორი წლის განმავლობაში წევრთა მოსმენის შემდეგ შეიქმნა. 2010 წელს ის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 61.35%-ით ბარსელონას ახალი პრეზიდენტი გახდა. ამგვარად, სანდრო როსელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა არჩევნებში.

ბარსელონა ოქროს ბურთზე

მესი, ჩავი და ინიესტა - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები 2010 წელს

ბარსელონამ ისტორია შექმნა მაშინ, როდესაც 2010 წლის ოქროს ბურთის ფინალისტთა სიაში ჩავი, ინიესტა და მესი მოხვდნენ. ბარსას სამივე მოთამაშემ, რომლებიც ლა მასიიდან მოვიდნენ, პოდიუმზე გადაინაცვლა. ჟურნალისტები, მწვრთნელები და კაპიტნები მთელი მსოფლიოდან, მსოფლიო ფეხბურთის ელიტა, ბარსას სტილს აქებდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სამივე პრეტენდენტი ერთი და იგივე კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოვიდნენ. ეს იყო ლა მასიაში გაწეული მუშაობის სრული აღიარება. მშობლიურ მიწაზე განვითარებული სამი სუპერვარსკვლავი, ძალისხმევის ღირებულებებით, თავმდაბლობით, სპორტითა და ენთუზიაზმით გაჟღენთილნი, 2010 წლის მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.

უემბლი, კვლავ

ჩემპიონთა ლიგის უემბლიზე მოგების შემდეგ, პუიოლმა თასის აწევის პატივი აბიდალს დაუთმო

2011 წლის 28 მაისს, ბარსამ ჩემპიონთა ლიგის თასი მეოთხედ აღმართა. გუნდმა უემბლის ახალ სტადიონზე გაიმარჯვა, ადგილზე, სადაც 1992 წელს, კრუიფის ბარსამ პირველად მოიგო ეს ტიტული. ეს სრული სიმბოლიზმი იყო. რეალ მადრიდის წინააღმდეგ ძალიან რთული ნახევარფინალის მოგების შემდეგ, ბარსა ტიტულისთვის მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა, რომელსაც ორი წლის წინაც შეხვდა ფინალში, რომში, და მაშინაც დაამარცხა. ბარსამ შემტევი ტრიოს გოლებით 3-1 გაიმარჯვა. გოლები პედრომ, მესიმ და ვილიამ გაიტანეს, ხოლო ინგლისელთა მხრიდან რუნიმ.

ეს ფეხბურთის უდიდესი ჩვენება იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნახავთ. ევროპა ბარსას ადიდებდა და მსოფლიო პრესამ მათ მიბაძა. ზაფხულის დასასრულს, ბარსამ თავისი დიდება რეალ მადრიდის წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერ თასის მოგებითა და პორტუს წინააღმდეგ, უეფას სუპერ თასის მოგებით დააგვირგვინა.

ტიტო ვილანოვას სიკვდილი

ტიტო ვილანოვა

ბარსამ, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სიახლე 2014 წლის 25 აპრილს მიიღო, როდესაც ფრანსესკ ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა. კაცი, რომელიც ყველას უყვარდა, 45 წლის ასაკში, სიმსივნესთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა. მისი მწვრთნელობის დროს, ბარსამ ლა ლიგის ტიტული სარეკორდო, 100 ქულით მოიგო. ვილანოვა 2008-დან 2012 წლამდე, გვარდიოლას ასისტენტი იყო. სეზონის ბოლოს ის იძულებული გახდა ავადმყოფობის გამო მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეტოვებინა. მისი სიკვდილის შემდეგ დღეებში კამპ ნოუზე 53,000 ადამიანი მივიდა, რათა მისთვის პატივი მიეგოთ.

მშვიდობით ლეგენდებო: პუიოლი და ვალდესი

ბარსელონას ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი

2014 წლის ზაფხულში ბარსა ორ კაპიტანს დაემშვიდობა. ორ სიმბოლოს. ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა 593 ოფიციალური მატჩისა და კარიერის შემდეგ, რომლითაც ის ბარსას ქომაგების კუმირად იქცა, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. აქედან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები იყო, როდესაც მან რეალთან 6-2 გამარჯვების დროს გოლი გაიტანა და კაპიტნის სამკლავურს აკოცა და ასევე, როდესაც 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ თასის აღმართვის უფლება ერიკ აბიდალს მისცა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. პუიოლის წასვლა ვიქტორ ვალდესის წასვლასაც დაემთხვა, ბარსას დიდი ხნის მეკარეს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ დააანონსა გუნდის დატოვება, 2013/14 სეზონის ბოლოს. ვალდესმა 535 მატჩში მხოლოდ 441 გოლი გაუშვა.

მისი საუკეთესო ასპარეზობა 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც პარიზში შედგა და 2009 წელს, ჩელსის წინააღმდეგ ნახევარფინალში იყო.

ლუის ენრიკე: მოსვლა და ტრებლი

ლუის ენრიკე მარტინესი

ტიტო ვილანოვას შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში მთავარ მწვრთნელად არგენტინელი ხერარდო ტატა მარტინო დანიშნეს. მიუხედავად კარგი სტარტისა, 2013/14 სეზონის ბოლოს მოგებული მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასი იყო. 2014 წლის ზაფხულში, მარტინოს ადგილი ბარსელონას ყოფილმა მოთამაშემ, ლუის ენრიკემ დაიკავა და წარმატება მალევე მოვიდა. ლუის ენრიკეს სადებიუტო სეზონში ბარსამ ისტორიაში მეორე ტრებლი გაიფორმა, პირველიდან მხოლოდ ექვსი სეზონის შემდეგ. ბარსელონამ ერთ მაგიურ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იმავე გუნდმა, რომელიც საუკეთესო მოთამაშეებისგან შედგებოდა, ისეთები როგორებიცაა მესი, ინიესტა, ნეიმარი და ლუის სუარესი, 2015 წელს, საერთო ჯამში, 5 ტიტული მოიგო, ტრებლისთვის უეფას სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დამატებით. შემდეგ წელს, გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი კვლავ მოიგო.

ჩავის გამომშვიდობება

ჩავი ერნანდესი და მისი ტიტულები

2015 წლის ზაფხულში, ჩავი ერნანდესმა წასვლის შესახებ განაცხადა. ბარსელონას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა კლუბში 17 სეზონი გაატარა და 25 ტიტული მოიგო: რვა ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხი ჩემპიონთა ლიგა, სამი ესპანეთის თასი, ექვსი ესპანეთის სუპერ თასი, ორი ევროპის სუპერ თასი და ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ჩავიმ 767 ოფიციალურ მატჩში 85 გოლი გაიტანა. მან ფეხბურთის თავისი უნიკალური სტილის მემკვიდრეობა დატოვა.

ჟოზეპ მარია ბართომეუ იგებს არჩევნებს

2015 წლის 18 ივლისს, ჟოსეპ მარია ბართომეუმ ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. 25,823 ხმით, რაც 54.6%-ს შეადგენს, ბართომეუმ ამ მხრივ, კლუბის ისტორიაში მესამე ადგილი დაიკავა. ბართომეუმ მალევე განაახლა რამდენიმე სამუშაო, რომლებიც 2014 წლის იანვარში, წინა პრეზიდენტის, სანდრო როსელის გადადგომის შემდეგ დაიწყო.