მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი წარმატებამდე
წინა მატჩის მიმოხილვისას დავწერეთ, მთავარია, რომ პედრი გადარჩა, ეგ სამი ქულა ჯანდაბაში წასულა. ახლა კიდევ ვეღარ გადარჩა და როგორც ამბობენ 3-4 კვირას გამოტოვებს. ეს კიდევ რთული ამბავია, პედრი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "ბარსასთვის". ის კაცია, რომლის ირგვლივაც ყველაფერია აწყობილი, მის ირგვლივ ტრიალებს გუნდი, ის არის გუნდის ტვინი. მოკლედ, დანაკლისი დიდი იქნება მომდევნო დღეებში. შემცვლელი კი ჰყავს, მაგრამ პედრის შეცვლა სრულფასოვნად შეუძლებელია. აი, გავი რომ ჯანმრთელი იყოს, სხვა ხასიათსა და უპირატესობებს მოიტანდა, მაგრამ მის გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მერეც დიდი დრო დასჭირდება ფორმაში შესასვლელად.
მატჩამდე მთავარი თემა ტრანსფერი იყო. თავდაპირველად იწერებოდა, რომ "ჟირონაში" ბერნალი გადავიდოდა, საბოლოოდ კი შტეგენი გადავიდა. როგორც იქნა მიხვდა გერმანელი, რომ თამაშია საჭირო ფორმაში შესაასვლელად. მე მგონია, რომ მაგრად დააგვიანა, მაგრამ იქნებ შეძლოს და ნაკრებში მაინც მოხვდეს. გამიხარდება რასაკვირველია.
ბარსამ კი მოიგო თავისი მატჩი "სლავიასთან". წარმატებამდე (რვა გუნდში მოხვედრამდე) ერთი ნაბიჯია. ერთი მოგება. ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "კოპენჰაგენს" მიიღებენ და მათი დამარცხების შემთხვევაში 99% - ით შევლენ კიდეც რვა გუნდში. ამჟამად ბარსას წინ არიან პსჟ და "ნიუკასლი", რომელთაც ბარსას მსგავსად 13 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი მაჩვენებლების გამო მეშვიდე და მეექვსე ადგილს იკავებენ. ბარსა კი მეცხრე ადგილზეა. მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და რომელიმე აუცილებლად დაკარგავს ქულებს. ან, ორივე. ბარსა კიდევ ამით ისარგებლებს. ოღონდ, თავის დასაზღვევად რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა შეაგდონ, რადგან კიდევ ხუთი გუნდია 13 ქულით.
ბევრი გოლი - კარგი მატჩი
უხვგოლიანი მატჩი მოსალოდნელიც იყო. პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. მეორეში ბარსა გაცილებით კარგი იყო. "სლავიამ" მეათე წუთზე გახსნა ანგარიში. დაამიწეს ბურთი კარის ხაზის მიღმა. უმახინჯესი გოლი იყო, მაგრამ ყველა გოლს იდენტური მნიშვნელი აქვს. ისევ ვერ იცავს გუნდი კარგად თავს სტანდარტების დროს. ჟოან გარსიაც მეტად აგრესიული უნდა იყოს, თუნდაც, მცველებისთვის კარნახის ამბავში. მერე ფერმინ ლოპესმა რვაწუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო. გადასარევ სეზონს ატარებს. ჯერჯერობით საუკეთესოს კარიერაში. ლამაზი გოლებიც შეყარა. ორივე გოლი ლამაზი გამოვიდა, პირველი ძალიან კარგ კომბინაციას მოჰყვა, რაფინიას პასი ქუსლით დე იონგზე, ფრენკის საგოლე პასი ფერმინზე და ესპანელმაც მახვილი კუთხიდან შეაგდო. მეორე გოლი ალბათ კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა, ამჯერად პასი პედრისი იყო, დატრიალდა ჩავის მსგავსად, ფერმინი მონახა, რომელსაც რატომღაც დიდი სივრცე მისცეს საჯარიმოს მისადგომებთან და უზუსტესი და ძლიერი დარტყმით ბარსა დააწინაურა.
ტაიმის ბოლოს ლევანდოვსკიმ თავის კარში შეაგდო. გოლი ისევ კუთხურს მოჰყვა. ბარსამ თავი ვერც ამჯერად დაიცვა.
მეორე ტაიმი
ბარსამ აქტიურად დაიწყო და აღარ აპირებდა გოლების გაშვებას. მატჩამდე ხომ საჩუქრები მიიღეს "სიტისგან" და "ინტერისგან", ამ საჩუქრებს კი გამოყენება უნდა. სამწუხაროდ პედრი დაშავდა, მის ნაცვლად ოლმო გამოვიდა და სულ რამდენიმე წამში ულამაზესი გოლიც შეაგდო. მცველის მოგერიებული ბურთი მოიგდო ფეხში და ფერმინის გოლზე ლამაზი გოლიც გამოუვიდა. გაუქანა შორეულ ცხრიანში. უმატებს ოლმოც, წინა მატჩში არც უმართლებდა და ვერც ტვინი დაატანა ქმედებას, ჯერ ისევ არასტაბილურია, მაგრამ სარგებელი მოაქვს.
სამოცდამეათე წუთზე კი როგორც იქნა ლევანდოვსკიმაც შეაგდო. ბევრს ცდილობდა, ავტოგოლის მერე თავისი შეცდომის გამოსწორება სურდა და შეძლო კიდეც რაშფორდის პასის შემდეგ. ინგლისელი ისევ შედეგიანი იყო. ის ხომ არ ტოვებს მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე. რაფინიას დაბრუნებამ მაგრად შეუმცირა სათამაშო დრო, მაგრამ გამოდის და თავის საქმეს კარგად აკეთებს.
აი, რუნი ბარდაჯისგან მეტს ველოდით. ვერ იყო ისეთი კარგი როგორც "ბილბაოსთან".
წინ რა გველის
წინ გველის მარტივი კალენდარი. ესე იგი, სანამ პედრი დაბრუნდება ბარსამ უნდა აკრიფოს და აკრიფოს ქულები. ჯერ "ოვიედოსთან" მატჩია, მერე "კოპენჰაგენთან" ლიგაზე. თუ ყველაფერი ლოგიკურად წავიდა ბარსა რვა გუნდში მოხვდება, პლეიოფის ხიფათს ასცდება. მერე კიდევ ვნახავთ ვინ გვერგება მეტოქედ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 17 ]