"ბარსელონას" ფუტსალის გუნდი

"ბარსელონას" ფუტსალის სექცია ოფიციალურად 1978 წელს ამოქმედდა. თუმცა, 2 წლით ადრე უკვე არსებობდა ფუტსალის გუნდი, რომელიც "ბარსელონას" ფორმებით თამაშობდა. ეს იყო გუნდი შემდგარი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელებისგან, რომლებმაც ფუტსალის სათამაშოდ შეკრებები დაიწყეს. ეს ის დროა, როდესაც სპორტის სახეობა კატალონიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

პირველი ოფიციალური ტურნირი, რომელზეც "ბარსელონამ" ითამაშა, The Christmas Trophy იყო და ის კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

წარმატება დაარსებისთანავე

1978 წლის სექტემბერში "ბარსელონამ" ფუტსალის სექცია ოფიციალურად გახსნა და კატალონიის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონს შეუერთდა. გუნდი სანახაობრივ თამაშს აჩვენებდა და პირველი შესანიშნავი სეზონის შემდეგ კატალონიელები ერთი დივიზიონით ზემოთ აღზევდნენ. "ბარსამ" მე-2 დივიზიონშიც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და 1979/80 წლების სეზონის შემდეგ უმაღლეს ლიგაში გადავიდა, სადაც პირველივე 2 გათამაშება მოიგო.

მშვიდობით და სალამი

მომდევნო სეზონში დირექტორთა საბჭომ ფუტსალის სექციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 4 წლის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის ამჟამინდელი ფორმატის ამოქმედების პარალელურად, "ბარსელონამ" ფუტსალის სექცია აღადგინა. წარმატებული გამოდგა მეორედ დაბადებაც. 1987/88 წლების სეზონში "ბარსელონამ" ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა, მომდევნო სეზონში კი ეს ტურნირი მოიგო. 1989/90 წლების სეზონში "ბარსამ" პირველი ევროპული ტიტული მოიგო - ფუტსზალის თასების მფლობელთა თასი. კატალონიელებმა იტალიის ჩემპიონი "რომა" "პალაუ ბლაუგრანაზე" 3-1 დაამარცხეს.

რთული პერიოდი

3 წლის განმავლობაში კარგი შედეგების ჩვენების შემდეგ "ბარსელონას" ფუტსალის გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ეკონომიკურმა სირთულეებმა ფეხბურთელების ხელფასების შემცირება გამოიწვია, რაც იმით დასრულდა, რომ გუნდი ახალგაზრდული აკადემიის მოთამაშეებით დაკომპლექტდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომების მიუხედავად 1997/98 წლების სეზონში "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონატში მე-17 ადგილი დაიკავა, რაც მე-2 დივიზიონში დაქვეითებას ნიშნავდა. "ბლაუგრანას" ელიტაში დასაბრუნებლად 2 წელი დასჭირდა, თუმცა 3 წლის შემდეგ გუნდი ისევ დაქვეითდა.

მე-3 და სამართალი

უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ადვილი არ ყოფილა. პირველი სეზონი ჩავი კლოსასის მიერ გაწვრთნილმა "ბარსამ" მე-2 ადგილზე დაასრულა და ფლეი ოფის პირველი ეტაპიც გადალახა, მაგრამ შემდეგ "მუებლეს კატოლოსთან" დამარცხდა. მომდევნო სეზონის რეგულარური ჩემპიონატი "ბლაუგრანამ" მოიგო, მაგრამ ფლეი ოფში "გესტესა გვადალახარასთან" პირველივე ეტაპზე დამარცხდა. 2005/06 წლების სეზონში კი "ბარსელონა" უმაღლეს დივიზიონში გადავიდა.

გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედი "ბარსელონას" ყოფილი ფუტსალის მოთამაშე და კატალონიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარკ კარმონა იყო, რომელიც კლუბში ტექნიკურ დირექტორადაც მუშაობდა. 

ახალი პროფესიონალური სექცია

აღზევების შემდეგ გუნდი ელიტაში მოხვდა და პროფესიონალური სტატუსი მიიღო, რამაც საუკეთესო მოთამაშის, ხავი რდორიგესის გუნდში მიყვანა გამოიწვია. ესპანეთის საუკეთესო ფუტსალის ფეხბურთელმა და ეროვნული ნაკრების კაპიტანმა "ბარსელონას" შეთავაზება მიიღო და ის "პლაიას დე კასტელონის" დატოვებას დასთანხდა. პირველ სეზონში "ბარსელონამ" დასახულ მიზანს მიაღწია და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა.

მოგებების დასაწყისი

მომდევნო 3 წლის განმავლობაში "ბარსელონამ" ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა, მაგრამ გუნდი ფლეი ოფის ეტაპზე წარმატებას ვეღარ აღწევდა (2 ნახევარფინალი და 1 მეოთხედფინალი) და იძულებული იყო კატალონიის თასის 2-ჯერ მოგებით დაკმაყოფილებულიყო. 2010/11 წელს, როგორც იქნა, გუნდმა წარმატებას მიაღწია და ოთხივე შესაძლო ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სამეფო თასი და კატალონიის თასი.

ამ წელმა სათავე დომინირების ახალ ერას დაუდო. საერთო ჯამში "ბარსამ" ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და ესპანეთის სამეფო თასი.

2012 წელს "ბარსელონამ" ევროპის დაპყრობაც მოახერხა. ესპანეთის ქალაქ ლეიდაში გამართული ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის ნახევარფინალში კატალონიელებმა "სპორტინგი" 5-1, ხოლო ფინალში მოსკოვის "დინამო" 3-1 დაამარცხეს.

2014 წელს, როდესაც გუნდში ფერნანდაუ, ვილდე და ტორესი ბრწყინავდნენ, ბაქოში გამართული ოთხთა ფინალის გადამწყვეტ მატჩში "ბლაუგრანამ" ისევ მოსკოვის "დინამო" დაამარცხა (5-2) და ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო. "ბარსას" დომინირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა, 2013 და 2015 წლებში ოთხთა ფინალში რომ არ წაეგო და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 4-ჯერ მოგების შანსი ხელიდან არ გაეშვა. "ბარსა" ორივე შემთხვევაში "კაირატთან" დამარცხდა, ჯერ ნახევარფინალში, შემდეგ კი ფინალში. ცნობისთვის, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი თბილისში ჩატარდა, მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში კი "ბარსელონამ" თბილისური "იბერია სტარი" დაამარცხა (4-1).

მორიგი წარმატების დრო 2019/20 წლების სეზონში დადგა. ბარსელონაში ჩატარებული ოთხთა ფინალის 1/2-ფინალში მასპინძლებმა რუსული KPRF დაამარცხეს თერთმეტმეტრიანების სერიაში, ფინალში კი ესპანურ "ელპოცოს" 2-1 სძლიეს.

ტიტულები

*რეკორდი

ესპანეთის ლიგა

7
2010-11, 2011-12, 2012-13, 2018-19, 2020/21, 2021/22, 2022/23

ჩემპიონთა ლიგა

4
2011-12, 2013-14, 2019-20, 2021-22

ესპანეთის თასი

6
2010-11, 2011-12, 2012-13, 2018-19, 2019-20, 2021/22

ესპანეთის სამეფო თასი

7*
2010-11, 2011-12, 2012-13, 2013-14, 2017-18, 2018-19, 2019-20

ესპანეთის სამეფო თასი (ძველი)

1
1988-89

ესპანეთის სუპერ თასი

4
2013-14, 2019-20, 2021/22, 2022/23

თასების მფლობელთა თასი

1
1989-90

კატალონიის თასი

10
1999-00, 2008-09, 2009-10, 2010-11, 2013-14, 2014-15, 2015-16, 2016-17, 2017-18, 2018-19

პირველი დივიზიონი

3
1980-81, 1981-82, 1991-92

მე-2 დივიზიონი

1
1979-80

მე-3 დივიზიონი

1
1978-79