ბარსა ატლეტიკი

"ბარსა ატლეტიკი" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" სარეზერვო გუნდია, რომელიც საშინაო თამაშებს იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ატარებს.

იმის გამო, რომ "ბარსა ატლეტიკი" სარეზერვო გუნდია, მას ლა ლიგაში დაწინაურებისა და ესპანეთის თასზე თამაშის უფლება არ აქვს.

"ბარსა ატლეტიკში" სამწვრთნელო კარიერა დაიწყეს "ბარსას" ისეთმა ლეგენდარულმა დამრიგებლებმა, როგორებიც პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე არიან.

ისტორია

"ბარსელონას" პირველი სარეზერვო გუნდი "ესპანია ინდუსტრიალი" იყო, რომელიც ლურჯ-თეთრი ფორმებით თამაშობდა. ეს კლუბი ჟოზეპ ანტონი დე ალბერტს ეკუთვნოდა. ალბერტი 1943 წელს "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდა და მან "ესპანია ინდუსტრიალი" "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდად აქცია.

1956 წელს "ესპანია ინდუსტრიალს" "დეპორტივო კონდალი" ეწოდა და ის "ბარსელონას" გამოეყო. 1956/57 წლების სეზონში "კონდალმა" ლა ლიგაში ითამაშა, 1968 წელს კი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდად დაბრუნდა და თამაში ლურჯ-წითელი ფორმით დაიწყო.

1970 წელს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, აგუსტი მონტალმა "კონდალის" "ატლეტიკ კატალუნიასთან" გაერთიანების გადაწყეტილება მიიღო და შედეგად დაარსდა "ბარსელონა ატლეტიკი". სწორედ ეს წელი ითვლება "ბარსა ატლეტიკის" დაარსების ოფიციალურ თარიღად.

1990 წელს "ბარსელონა ატლეტიკს" სახელი გადაერქვა და "ბარსელონა ბ" ეწოდა. 2008 წელს პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გუნდს პირველი სახელი დაუბრუნა - "ბარსელონა ატლეტიკი". თუმცა სულ რაღაც 2 წელიწადში, ლაპორტას შემცვლელმა, სანდრო როსელმა გუნდს სახელი კიდევ ერთხელ გადაარქვა. ჟოან ლაპორტამ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ, 2022 წელს, გუნდს ისევ ძველი სახელი "ბარსა ატლეტიკი" დაუბრუნა.

"ბარსა ატლეტიკი" ძირითადად ესპანეთის რანგით მე-2 და მე-3 დივიზიონებში თამაშობს. საუკეთესო პერიოდი მას 2010-იანი წლების პირველ ნახევარში ჰქონდა, როდესაც მე-2 დივიზიონში ორჯერ დაიკავა მე-3 ადგილი.