კამპ ნოუ

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში "ბარსელონაში" უნგრელი ვარსკვლავი ლადისლაო კუბალა თამაშობდა და იმდროინდელი არენა "ლეს კორტსი", რომელიც მხოლოდ 48 ათას ადამიანს იტევდა, გულშემატკივრების მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებდა. ამიტომ ახალი არენის აგების საჭიროება დადგა.

ახალი სტადიონის არქიტექტორები ფრანსესკ მიტიანს მირო (კლუბის იმდროინდელი პრეზიდენტის ნახევარძმა) და ჟოზეპ სოტერას მაური იყვნენ, რომლებმაც პროექტი ლორენსო გარსია ბარბონთან ერთად შეადგინეს. მშენებლობა, რომლის დროსაც ძირთადად ბეტონსა და რკინას იყენებდნენ, 1955-1957 წლებში მიმდინარეობდა. ახალი არენა 288 მილიონი პესეტა დაჯდა, რის გამოც, მომდევნო წლებში, კლუბს დიდძალი ვალები ჰქონდა.

თავდაპირველად სტადიონის ოფიციალურ სახელად Estadi del FC Barcelona (საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სტადიონი) შეირჩა, მაგრამ პოპულარული გახდა სახელი Camp Nou ("ახალი სტადიონი"), საპირისპიროდ ძველი არენის "ლეს კორტსის" მეტსახელისა Vell Camp ("ძველი სტადიონი"). 2000 წელს კლუბის წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიღეს გადაწყვეტილება, "ბარსელონას" სტადიონისთვის ოფიციალურად "კამპ ნოუ" ეწოდებინათ. 29 120 გამოკითხულიდან 19 861-მა (68.25%) "საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სტადიონს" "კამპ ნოუ" ამჯობინა.

სტადიონის მაქსიმალური სიმაღლე 48 მეტრია და ის 55 ათას კვადრატულ მეტრს ფარავს. მოედნის საფარი კი 105 მეტრის სიგრძისა და 68 მეტრის სიგანისაა.

"კამპ ნოუ", რომელიც 99 354 ადამიანს იტევს (ტევადობის ზუსტი მაჩვენებელი პერიოდულად იცვლება), ევროპის უდიდესი საფეხბურთო სტადიონია. 1957 წელს, გახსნის დროს, არენა 93 053 ადამიანს იტევდა. 1982 წელს ტევადობა 120 ათასამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც მსოფლიო ჩემპიონატი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს დაწესებული რეგულაციების (ყველა ადგილი დასაჯდომი უნდა ყოფილიყო) გამო "კამპ ნოუს" ტევადობა 99 ათასამდე შემცირდა.

1998/99 წლებში UEFA-მ "კამპ ნოუს" 5 ვარსკვლავი მიანიჭა, რაც უმაღლეს კატეგორიას ნიშნავდა. 2010 წელს სტადიონების შეფასების სისტემა შეიცვალა, "კამპ ნოუ" კი უმაღლეს, მე-4 კატეგორიის სტადიონებს შორის მოხვდა.

"კამპ ნოუს" შენობაში განთავსებულია გასახდელი ოთახები, საპრეზიდენტო ბოქსი, VIP ზონა, პრესის ოთახები, სატელევიზიო სტუდიები, სპორტული მედიცინის ცენტრი, ოპერატიული კონტროლის განყოფილება, ვეტერანი ფეხბურთელების სივრცე, "ბარსელონას" მუზეუმი და კლუბის ოფისები.

გარდა საფეხბურთო მატჩებისა, "კამპ ნოუ" სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს სტადიონს რომის პაპი, ივანე პავლე მეორე ეწვია, რომელიც კლუბის ფან–კლუბშიც გაწევრიანდა 108 000–ე წევრად. "კამპ ნოუზე" გამართულა ისეთი მომღერლების კონცერტები, როგორებიც არიან ფრენკ სინატრა, მაიკლ ჯექსონი, ხულიო იგლესიასი, პაბლო დომინგო, ლუჩანო პავაროტი და ხოსე კარერასი. გარდა ამისა, სტადიონზე ასევე იმართება მოდების ჩევნებებიც. "კამპ ნოუ" ასევე არის ადგილი, სადაც ხდება კლუბის ახალწვეულების წარდგენა და ტიტულის მოპოვების შემდეგ ზეიმი.

გარდა "ბარსელონასი", "კამპ ნოუზე" საშინაო მატჩებს კატალონიის ნაკრებიც ატარებს. 1992 წელს ამ არენამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალს უმასპინძლა. მაშინ ალბერტ ფერერისა და პეპ გვარდიოლას მონაწილეობით ესპანელებმა პოლონეთის ნაკრებს 3:2 სძლია. ამავე სტადიონმა უმასპინძლა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩს, რომელშიც არგენტინამ მოულოდნელი მარცხი განიცადა ბელგიასთან, 0:1. "კამპ ნოუზე" გაიმართა იმავე ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები პოლონეთის, ბელგიისა და საბჭოთა კავშირის მონაწილეობით. ასევე ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც იტალიამ პოლონეთი 2:0 დაამარცხა. "კამპ ნოუზე" გამართული რამდენიმე ევროტურნირის ფინალებიდან გამოსარჩევია 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც ფაქტობრივად უკვე დამარცხებულმა "მანჩესტერმა" სასწაულებრივად მოახერხა თამაშის შემობრუნება და მიუნხენის "ბაიერნის" 2:1 დამარცხება.

2016 წლის 24 ივნისს "კამპ ნოუმ" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. TOP 14-ის გადამწყვეტ დაპირისპირებაში "ტულონი" "რასინგ 92-ს" დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში ლელო "ტულონის" ქართველმა მორაგბემ, მამუკა გორგოძემ დადო.