მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საახალწლო საჩუქრები კუნდესგან

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საახალწლო საჩუქრები კუნდესგან

     ესეც ასე, რევანში აღებულია. მინიმალისტურად, მაგრამ მაინც, მოგება მოგებაა. ჰგავდა ეს მატჩი "ლევერკუზენთან" შეხვედრას. მაშინ, ლუის სუარესმა შეასრულა დუბლი. ახლა კიდევ კუნდეს ჯერი ყოფილა. მე არც მახსენდება "ბარსას" განაპირა მცველს ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეესრულებინოს. ყველაზე გამტანი განაპირა მცველი ალბათ დანი ალვეში იყო, რომელსაც დუბლი ნამდვილად არ აქვს ლიგის მატჩებში. სერხი? ჯოვანი? აბიდალი? არა, არ მახსენდება. 

იქნებ ცენტრალური მცველები? აქ პიკე ლიდერობს, მაგრამ დუბლი არც მას აქვს. როგორც მახსოვს არც ფრან დე ბურს. რონალდ კუმანს კიდევ ცენტრალურ მცველს ვერ დავარქმევ, რონალდი ლიბეროდ თამაშობდა, ხანდხახან ფორვარდებზე წინაც გარბოდა, აბა ეგ რანაერი მცველია? თორემ, დუბლი იცოცხლე, აქვს, რა თქმა უნდა. 

ასეთი განსაკუთრებული რამ მოხდა. ჟიულ კუნდე ისედაც შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა "ბარსელონასთვის", ახლა კიდევ საერთოდ მისი გოლებით მოიგო ფლიკის გუნდმა. აი, მის მეგობარს კი ვერ აქვს კარგი დრო, რონალდ არაუხო ისრაელში წავიდა ტაძრების მოსალოცად, კითხვების დასასმელად და პასუხების მისაღებად, რთული პერიოდი აქვს და კლუბმაც ნება დართო განმარტოვდეს, იქნებ იპოვოს ისევ საკუთარი თავი? დიდი ხანია იმას აღარ ჰგავს რასაც ჰგავდა, სადღაც დაიკარგა ჩვენი ძმა არაუხო. ჩვენ კიდევ ის ხალხი არა ვართ ვინმეს ხელი ვკრათ და წიხლი დავაჭიროთ, კრიტიკი კი გავაკრიტიკებთ სადაც საჭიროა. 

აბა, შენ იცი ურუგვაელო! 

ისევ კნაუფი 

"აინტრახტის" ქომაგები ისევ მრავლად იყვნენ "კამპ ნოუზე", შემცირებული სკამების პირობებში მაინც ჩანდნენ და ხმაურობდნენ. მათ ხმაურს ბარსელონელები ფარავდნენ სტვენით, ახსოვთ ის ძველი წყენა და სულ ღრიალით პასუხობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში რომ გერმანელებმა ანგარიში გახსნეს აქ უკვე ვერაფერიც ვეღარ გადაიფარა, რადგან "კამპ ნოუ" დადუმდა და თეთრი ნაწილი აყვირდა. ასეთ მომენტს ხომ ყველა ქმნის "ბარსასთან"? ამოწეული დაცვის ხაზის გამო ერთი გრძელი პასია საჭირო და შანსი აუცილებლად მოგეცემა, მით უმეტეს, თუ სწრაფი ფორვარდი გყავს და "აინტახტს" სწორედ ასეთი კაცი ჰყავს. ვეღარ გვიშველა ვერც ბალდემ და ვეღარც მარტინმა, რომელსაც მგონი მართლა მალდინობას უპირებენ. გაიქცა ეს შავი კაცი და რომ მეგონა უკვე წონასწორობას კარგავს-მეთქი ზუსტად მაშინ დაარტყა და თურმე დაარტყა ზუსტად. ვეღარ შესწვდა ბურთს ჟოან გარსია, დაბლა კუთხეში შეგორდა ბურთი. აი, სანამ ეგ პასი გაკეთდებოდა კნაუფზე მანამდე "ბარსას" მთელი ნახევარდაცვა გაარღვიეს, ვერა და ვერ ვეღირსეთ საყრდენ ზონაში ისეთ კაცს, რომელიც ასე მარტივად არავის მისცემს გასეირნების უფლებას. 

ცუდი ტაიმი იყო, ცარიელი. ვერაფერს რომ ვერ გამოარჩევ ისეთი. ფერმინი ჯერ არ არის ფორმაში, მასაც დრო სჭირდება ტრავმის მერე. ლევანდოვსკიმ შეაგდო თავისი გოლი, მაგრამ თამაშგარე ასწიეს. რაფინია სანამ კარგად ჩააწვდიდა მანამდე წინ გადაუდგამს ნაბიჯი, არადა, ლამაზი გოლი იყო. სხვა პირველ ტაიმში არც არაფერი მახსენდება, გარდა "მალდინის" შორეული დარტყმისა, რომელსაც "აინტახტის" მეკარე კარგად დაუხვდა. ლამინე თავისთავად ცდილობდა დრიბლინგით გამწვავებას და პედრი დირიჟორობდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გამოსულა. 

ეს ვინ ყოფილა... 

მეორე ტაიმში მაშინვე გამოვიდა მოედანზე მარკუს რაშფორდი, თავიდანვე კარგად ჩაერთო თამაშში და უნდა ითქვას, რომ მთავარი ცვლილება ყოფილა. ასე გამოვიდა. ჯერ კიდევ ახალი განახლებული იყო მატჩი, როცა თავის სტილში ჩააწოდა კარისკენ, ძლიერად, კარგ სიმაღლეზე, იქ კიდევ ჟიულ კუნდე გამოფრინდა და ლამაზი გოლიც შეაგდო. მზად იყვნენ საჯარიმოში, ოთხი-ოთხზე მიდის თამაში და ამ გაწევ-გამოწევაში კუნდე გაექცათ. 

გადის კიდევ რამდენიმე წუთი და "ბარსა" უკვე წინ გავიდა, რაშფორდმა კუთხური გაათამაშა, რეჟისორი ჯიუტად კუნდეს გვიჩვენებს, ამ კაცისგან ელოდე საფრთხეს მაყურებელოო, ასე გვაფრთხილებს, ამოჰკრა იამალმა ბურთს და ასეთ ჩაწოდებებს როგორც წესი საფრთხე არ მოჰყვება, რადგან ამ "პარაშუტებს" რთულია თავი კარგად დაახვედრო, ძლიერად დაარტყა და კარისკენ გაუშვა, მაგრამ თურმე ასეთი ძალაც არ ყოფილა საჭირო, კუნდემ რბილად და ზუსტად მოახერხა ეს ამბავი და ამჯერად შორეულ კუთხეში გაიტანა თავური დარტყმით. 

აი, ყოჩაღ ძმაო. 

მერე კიდევ დაახრჩო ბარსამ "აინტრახტი" პრესინგით და ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმი სულ სხვა დონისა გამოდგა. ფლიკმა ისევ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. საბოლოოდ, კარგი მატჩი გამოვიდა. სამი ქულაც კარგია და ბარსა ივლის ასე პირველ რვა გუნდში მოსახევდრად, ჰოდა, ვნახოთ გამოვა თუ არა ეგ ამბავი. 

წინ რა გველის 

წინ გველის ლა ლიგის ორი მატჩი ზამთრის პაუზამდე. ერთი "ოსასუნასთან", მეორე კი მაგრად მოძლიერებულ "ვილიარეალთან", მიქაუტაძის წყალქვეშა ნავთან. თანაც, გასვლაზე. ეგ ბოლო გამოცდა იქნება პირველი ნახევრისთვის. დიდი ალბათობით ფლიკმა ლა ლიგა პირველ ადგილზე უნდა დაასრულოს. მადრიდში პრობლემებია. ჰანსმა შეძლო უკვე პრობლემებს მორეოდა და ძლიერი დარჩენილიყო, ვნახოთ ახლა ჩაბი რას იზამს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 11 დეკემბერი 2025 07:52
    0
    ვილიარეალთან ძალიან რთული თამაში გვექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 დეკემბერი 2025 14:29
    2
    Reels-ის ვიდეოები დევს ფბ-ზე, როგორ ამაზრზენად იქცევიან აინტრახტის ვაიფანები. ზემოდან ლუდით სავსე ჭიქებს ისვრიან და თავზე აწუწებენ ბარსას ფანებს. საერთოდ უნდა აუკრძალო ამ ცხოველებს სტადიონზე დასტრება. იმედია უეფა რამეს მოიმოქმედებს ამ ბო*ების წინააღმდეგ. არ მგონია ამათზე საზიზღარი ფანები ვინმეს ყავდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 დეკემბერი 2025 14:13
    1
    ლევერლუზენთან 2015/16 წლების მატჩზე თუა საუბარი სუარესს არ შეუსრულებია დუბლი.. რობერტომ გაათანაბრა იმ თამაშში ცვლილებაზე შემოსულმა

    აი იამალის რეაქცია რას ეძღვნებოდა შეცვლის მომენტში ძალიან მაინტერესებს..

    და მარტინი საინტერესოა ცენტრში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 დეკემბერი 2025 13:29
    2
    " ვნახოთ ახლა ჩაბი რას იზამს"
    რას იზავს და რაც ჭამა იმას, ცოტას პერესსაც გაუყოფს.