ბარსელონას ფინალისიმას მასპინძლობა სურს
ფინალისიმას მორიგი თამაში, რომელშიც ლიონელ მესისა და ლამინ იამალის დაპირისპირებას ვიხილავთ, შესაძლოა, "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გაიმართოს.
დატვირთული სანაკრებო კალენდრის გამო ორგანიზატორებს კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდებს შორის თამაშისთვის დროის გამონახვა უჭირთ. ცნობილია, რომ არგენტინისა და ესპანეთის დაპირისპირება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე უნდა გაიმართოს. ერთ-ერთ ვარიანტად 2025 წლის ოქტომბერი ან ნოემბერი მიიჩნევა, მაგრამ ამ დროისთვის, დიდი ალბათობით, ესპანეთს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები ექნება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ დაპირისპირება 2026 წლის მარტში გაიმართება. სწორედ ამის იმედი აქვს "ბარსელონას".
2026 წლის მარტისთვის "სპოტიფაი კამპ ნოუს" რეაბილიტაცია დასრულებული იქნება და "ბარსას" განახლებული სტადიონის ტევადობა 105 ათას ადამიანამდე იქნება გაზრდილი. ეს მიმზიდველი ციფრია ტურნირის ორგანიზატორებისთვის, რომლებისთვისაც ტრიბუნების ტევადობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ შეხვედრა მართლაც 2026 წლის მარტში გაიმართება, მაშინ დიდი შანსი იქნება, "ბარსელონას" სურვილი რეალობად იქცეს და ფინალისიმას რიგით მეოთხე გათამაშებას "სპოტიფაი კამპ ნოუმ" უმასპინძლოს.
ფინალისიმა აქამდე სამჯერ გამართულა. 1985 წელს საფრანგეთმა ურუგვაი 2-0 დაამარცხა, 1993 წელს არგენტინამ დანიას პენალტების სერიაში სძლია, 2022 წელს კი არგენტინელებმა იტალიას აჯობეს, ამჯერად 3-0.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]