ინიესტას დებიუტი, რიკელმე და მენდიეტა - რა გვახსოვს ბრიუგესთან
"ბარსა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგეს" შეხვდება. ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია ამ კლუბებს არ აქვთ, გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ რაც ითამაშეს იმათგან რაღაც დასამახსოვრებელი შემოგვრჩა. ოთხი მატჩია ჩატარებული, ორი უეფას თასზე (2000/01 წლების სეზონში) ორიც ჩემპიონთა ლიგაზე. (2002/03 წლების სეზონში). ესე იგი, დიდი ვერაფერი "ბარსა" იყო. ერთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ და ისე გადაინაცვლეს უეფაზე, ლა ლიგაში მეოთხე ადგილი რივალდოს სასწაულით გაინაღდეს. მეორე შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდნენ "იუვენტუსთან", მაგრამ ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებული იყო მთავარ დამნაშავედ მიჩნეული ლუი ვან გაალი. ლა ლიგაში "ბარსამ" ბოლო ტურში გაინაღდა მეექვსე ადგილი.
მაგრამ, "ბრიუგეს" მოგებას რა უნდა...
რივალდო & კლუივერტი
ლიგიდან გავარდნის მერე "ბარსა" უეფას თასზე მთავარი ფავორიტი იყო. ფიგუს წასვლის მერე რივალდო გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. სწორედ ეს სეზონი შემორჩა ყველაზე კარგად რივალდოს ქომაგების მეხსიერებას, რადგან ფაქტობრივად მარტო თამაშობდა. "ბარსას" ხელმძღვანელებმა კი გააკეთეს ის, რაც ბართომეუმ გააკეთა ნეიმარის გაყიდვის მერე, ფიგუში აღებული თანხა გაფლანგეს, მიახლოვებული შემცვლელიც კი ვერ მოუნახეს და გუნდი ჩამოიშალა. თანაც, მთავარ მწვრთნელად ლორენცო ფერერი დანიშნეს, რომელიც ძალიან საყვარელი, მაგრამ მაინც პატარა კაცი გამოდგა.
"ბარსამ" ვერც უეფას თასი მოიგო, ნახევარფინალამდე იარა და იქ "ლივერპულთან" დამარცხდა. კლუივერტის სისულელის გამო. რატომღაც საჯარიმოში ხელით თამაში გადაწყვიტა და პენალტით დაისაჯა. ეგრე გავარდა "ბარსა", ფინალში კიდევ "ლივერპული" და "ალავესი" გაუშვეს და იყო იქაც დიდი სპეკტაკლი. გამოიჩინეს თავი ყოფილმა "ბარსელონელებმაც" - ხავი მორენომ და ჟორდი კრუიფმა.
სხვათა შორის, ფინალის წინ, იოჰან კრუფს ჰკითხეს აზრი და მანაც უპასუხა "ლივერპული" მოიგებს მინიმალური სხვაობითო. ამაზე ჟორდი გაბრაზდა და მაისურზე გვარის ნაცვლად მხოლოდ "ჟორდი" დაიწერა. საბოლოოდ, ზღაპრული ფინალი იყო და "ლივერპულმა" 5:4 მოიგო.
სანამ ეს ამბები იქნებოდა მანამდე "ბარსამ" "ბრიუგე" გააგდო. სახლში 1:1 ითამაშეს, რივალდომ პენალტი გაიტანა, მერე კიდევ ემანუელ პეტიმ და რეინამ გოლი მოიგონეს საკუთარ კარში. მათი შეცდომით ვერჰეინმა ისარგებლა. ბელგიაში "ბარსამ" ორი უპასუხო გოლი გაიტანა. ჯერ რივალდომ გახსნა ანგარიში თავისი ცაციათი, დაბალი დარტყმით კუთხეში, მერე კი პატრიკ კლუივერტმა შეაგდო თავური დარტყმით. ეგ იყო და ეგ.
მენდიეტა, რიკელმე და ინიესტა
მთავარი ამბავი რაც "ბრიუგეს" უკავშირდება, რა თქმა უნდა, ანდრეს ინიესტას დებიუტია. ლეგენდარული ესპანელი პირველად სწორედ ბელგიელებთან ვნახეთ. ჩავისი არ იყოს, ანდრესიც ლუი ვან გაალმა დააწინაურა მთავარ გუნდში და მის ხელში შედგა ანდრესის დებიუტიც. ბრწყინვალე იყო. თავიდანვე ძალიან გამორჩეული. მოედნის ცენტრში მართლა კარგი სანახავი გამოდგა ინიესტასა და რიკელმეს ხილვა. და მიუხედავად იმისა, რომ რიკელმესგან იყო გაცილებით დიდი მოლოდინი, ამ პატარა ბიჭს რაღაც სხვა ჰქონდა, რაღაც ისეთი, რაც არავის ჰქონია მოედანზე. მოგვიანებით მაგია დაარქვეს ამ ამბავს. კი ბატონო, იყოს მაგია.
თავის მხრივ, ალბათ "ბარსელონურ" კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა არგენტინელმა, ძალიან კარგი გოლიც შეაგდო. ამის მერე კი ვიფიქრეთ, არიქა, ეშველა რიკელმეს... მაგრამ არა. ვერაფერიც ვერ ეშველა.
"კამპ ნოუზე" გამართულ მატჩს რაც შეეხება, აქაც იმედიანად ვიყავით, რადგან მეორე კაცმა შეძლო კარგი გოლის შეგდება, მეორე ვარსკვლავმა, რომლისაც ყველას ეიმედებოდა, განსაკუთრებით რივალდოს წასვლის მერე, გაისკა მენდიეტას კარიერაც ვერ გამოდგა წარმატებული, რიკელმეს მსგავსად, მანაც ერთ წელში დატოვა კლუბი. რივალდოსთან ახლოს ვერ მივიდა, ვერც ერთი და ვერც მეორე. "ბრიუგესთან" კი კარგი ჯარიმა გაიტანა. აქაც ვიფიქრეთ, ვაჰ, მოვიდა აზრზე, იქნებ "ვალენსიას" დროინდელი მენდიეტა ვიხილოთ, მაგრამ არა, მაგის ნახევარიც ვერ ვნახეთ.
იმავე შეხვედრაში გაიტანეს ლუის ენრიკემ და სავიოლამ. არგენტინელმა ძალიან კარგი გოლი შეაგდო, თავის სტილში იძრომიალა მცველებში და გაიტანა. "კამპ ნოუც" სულ სხვაგვარად აღნიშნავდა მის გოლებს, განსაკუთრებით უყვარდათ, რატომღაც, რა ვიცი.
აბა შეხვედრამდე, ბრიუგეში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 54 ]