"ბარსა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებული ზედიზედ მეთორმეტედ გახდა
პსვ-სთან გუშინდელი მოგებით, კატალონიურმა გრანდმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. აღსანიშნავია ამ მხრივ "ბარსელონას" შესანიშნავი შედეგი.
საერთო ჯამში, გუნდი ისტორიაში 20-ჯერ გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული, წლევანდელი სეზონი კი ამ მხრივ ზედიზედ მეთორმეტეა. ეს სერია 2007/08 სეზონიდან მოყოლებული გრძელდება.
ზოგადად კი, "ბარსელონა" ახლებური ფორმატით ჩატარებული ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფატორია. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა, გუნდმა თასის აღება 4-ჯერ შეძლო - 2005/06, 2008/09, 2010/11 და 2014/15 სეზონებში.
ასევე, 2004/05 წლების სეზონიდან მოყოლებული, კატალონიელები მერვედფინალში გადიან და საკმაოდ რთული მეტოქეების მიუხედავად, როგორებიც არიან "იუვე", "სიტი", ან თუნდაც წლევანდელი კონკურენტები - "ტოტენჰემი", "ინტერი" და "პსვ", 2007/08 წლების სეზონის შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილსაც იკავებენ.
ამ მხრივ, "ბარსას" "რეალი" და "მანჩესტერი" მოჰყვებიან ჯგუფში ჯამში 16-16 გამარჯვებით.
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის საუკეთესო პერიოდი 2007-2013 წლებია, როცა კატალონიურმა კლუბმა 2-ჯერ გაიმარჯვა და ზედიზედ 4-ჯერ ნახევარფინალში გავიდა. ბოლო 3 სეზონში კი "ლურჯ-ბროწეულისფერები" მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ ტურნირს და წელს ერნესტო ვალვერდე ამ ნავსის გატეხვას გეგმავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]