ბარსელონა დანიური კლუბების წინააღმდეგ
თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრია საწერი. ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან იწყება ეს გადაკვეთა და აგერ ორიათასიანებში გრძელდება. ბარსა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს "კოპენჰაგენთან" ჩაატარებს და მოგების შემთხვევაში დიდი ალბათობით შევა საუკეთესო რვა გუნდში. თავის დაზღვევის მიზნით უნდა შეაგდონ რაც შეიძლება მეტი გოლი. ასე რომ, კარგი გასართობი გველის წინ.
ახლა კი ურთიერთშეხვედრებზე გადავიდეთ:
50's
პირველი მატჩი გაიმართა შორეულ 1955 წელს, საერთაშორისო ტურნირის (Fairs Cup) ჯგუფურ ეტაპზე. ბარსა კოპენჰაგენს შეხვდა, ეს კიდევ სულ სხვა კოპენჰაგენია, სულ სხვა გერბითა და სულ სხვა ისტორიით. კლუბს ჰქონდა მეორე სახელიც (Staevnet) წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოითქმის. ეს კლუბი 1994 წელს გაუქმდა. სხვათა შორის, მათი პირველი ფორმა ლურჯ-წითელი იყო.
ბარსამ საერთაშორისო ტურნირზე 6:2 დაამარცხა მეტოქე. პირველ ტაიმში უკვე 4:0 იგებდნენ, არეტას დუბლით, ტეხედასა და ვილავერდეს გოლებით. მეორე ტაიმში კუბალამ ანგარიში ხუთამდე გაზარდა. ამის მერე დანიელებმა პრესტიჟი დაიცვეს და ორი გოლი შეაგდეს - თავი გამოიჩინეს ლუნდბერგმა და იაკობსენმა.
წერტილი კი ისევ ტეხედამ დასვა, არეტას მსგავსად მანაც დუბლი მიითვალა.
მომდევნო წელს იმავე ტურნირზე გუნდები ისევ ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად დანიელებმა ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ქულაც მიითვალეს. მატჩი 1:1 დასრულდა. დანიელთა მხრიდან გოლი ლუნდბერგმა შეაგდო, ბარსას მხრიდან კი ვილავერდემ.
გავიდა ბარსა პლეიოფში სადაც "ბირმინგემს" აჯობა და მერე ფინალში "ლონდონიც" დაამარცხა. ასე რომ, ტურნირის ისტორიაში პირველი გამარჯვებული გახდა.
60's
ისევ საერთაშორისო ტურნირი. ამჯერად 1969/70 წლების სეზონი. ბარსა მეთექვსმეტედ ფინალში შეხვდა დანიურ ოდენსეს და მათი ბარიერი მარტივად დაძლია. პირველი შეხვედრა 4:0 მოიგეს, გოლების ავტორებს ვუყურებ და არაფერს მეუბნება, ესე იგი, ეს ბარსა დიდად ვერ ბრწყინავდა. ასე იყო დიდი იოჰანის მოსვლამდე. გოლები შეაგდეს - ეილერტსენმა (თავის კარში), ზალდუამ და ფილოსიამ (ორი).
განმეორებით შეხვედრაში ისევ ბარსამ იმარჯვა, ანგარიშით 2:0. კარლოს პელისერისა და კარლეს რეშაკის (გაგახაროს ღმერთმა) გოლებით.
80's
1988/89 წლების სეზონის თასების თასი. ბარსა მეოთხედფინალში შეხვდა დანიურ "არჰუსს". ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხეს. მძიმე ბრძოლა გამოდგა. მოგეხსენებათ ამ წელს ბარსამ მოიგო თასების თასი. "არჰუსის" შემდეგ ნახევარფინალში "სოფია" დაამარცხეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გამოდგა, რადგან ბულგარელთა რიგებში ბრწყინაბდა სტოიჩკოვი, კრუიფმა თვალი დაადგა და თავისთან წაიყვანა. ფინალში ბარსამ "სამპდორია" დაამარცხა და ესეც რეპეტიცია გამოდგა, წლების შემდეგ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ "სამპდორიას" დაამარცხებენ.
"არჰუსთან" ერთადერთი გოლი გარი ლინეკერმა გაიტანა. გარიმ თავი გამოიჩინა ნახევარფინალის ორივე შეხვედრაშიც, მაგრამ კრუიფმა მაინც სტოიჩკოვი არჩია. (და სწორადაც მოიქცა).
90's
არ მიყვარს ამის გახსენება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. 1998/99 წლების სეზონი. ბარსას 100 წლის იუბილე. ნუნიესმა მოახერხა და ფინალის "კამპ ნოუზე" ჩატარების უფლება მოიპოვა. ასე დაგეგმა ზეიმი, მაგრამ სიკვდილის ჯგუფში მოხვდა - ბარსა, "მანჩესტერი", "ბაიერნი" და "ბრონდბიუ". დანიელები განწირულნი იყვნენ. თავიდანვე ითქვა - ვინც "ბრონდბიუსთან" ქულებს დაკარგავს ის ჩარჩება ამ ჯგუფშიო. ჰოდა, "ბაიერნმა" პირველივე ტურში დაკარგა ქულები "ბრონდბიუსთან" და მაგრად გაირთულა საქმე.
ბარსა და "მანჩესტერი" ორივე შეხვედრაში დაზავდნენ, თანაც, ლეგენდად ქცეულ შეხვედრებში, ორივე მატჩი 3:3 მორჩა.
"მანჩესტერი" და "ბაიერნიც" ორივე შეხვედრაში დაზავდნენ.
თითქოს იმ ერთ ფეხის დაცდენას უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი, მაგრამ "ბაიერნმა" ბარსას ორივე მატჩი მოუგო. უპირატესობა არცერთში არ ჰქონია, მაგრამ როგორღაც ორივე მოუგო და იარეს ფინალამდე "ბაიერნმაც" და "მანჩესტერმაც" და ზღაპრული ფინალიც ითამაშეს "კამპ ნოუზე". ბარსას რა? არც არაფერი.
ბარსამ "ბრონდბიუს" ორივე მატჩი მოუგო, ორივე 2:0. პირველ შეხვედრაში სონი ანდერსონმა დუბლი შეასრულა. მეორე შეხვედრაში რივალდომ და ფიგუმ გამოიჩინეს თავი.
00's
ისევ "ბრონდბიუ". ამჯერად უეფას თასის მესამე რაუნდი. ეს ის სეზონია, როცა რონალდინიო მოვიდა და დიდი ზეიმი დაიწყო. თუმცა, მხოლოდ რონალდინიო ვერაფერს გააწყობდა, უეფას თასსაც ვერ შეწვდა. "სელტიკმა" გააგდო. "ბრონდბიუს" ბარიერი კი გადალახა და ბარსას შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლიც შეაგდო. გახსოვთ? ჯერ ჯარიმა დაარტყა და ხარიხას გაარტყა, გადმოვარდნილი ბურთი ისევ თავად მოიგდო ფეხებში და ცხრიანში შეაგდო. საოცარი გოლი იყო.
ბარსამ ის მატჩი გასვლაზე 1:0 მოიგო. "ბრონდბიუს" კი ბარსას ლეგენდა, მიქაელ ლაუდრუპი წვრთნიდა.
მეორე მატჩიც ბარსას გამარჯვებით დასრულდა, 2:1. გოლები ლუის გარსიამ და კოკუმ გაიტანეს. ერთი გოლი ნელსენმა გაქვითა.
10's
აგერ, მოვედით "კოპენჰაგენამდე". ეს გუნდი გვარდიოლას ბარსას შეხვდა. 2010/11 წლების სეზონში. ესე იგი, იმ სეზონში, როცა ბარსამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჯგუფში პირველი მატჩი ბარსამ 2:0 მოიგო. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა. განმეორებითი მატჩის წინ სოლბაკენი იმუქრებოდა ქულის აღება შეგვიძლიაო და მართლა აიღეს. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ლეომ ისევ გაიტანა, ამჯერად მარჯვენა ფეხით.
ეს არის და ეს. ამჯერად კი ისევ "კოპენჰაგენის" ჯერია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 3 ]