ვინ შეცვლის ლევანდოვსკის - The Athletic-ის ანალიზი
The Athletic ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს ბარსას სატრანსფერო ინტერესების შესახებ. ფოკუსში ორი ფორვარდია - ჰარი კეინი და ხუან ალვარესი. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი ზაფხულში იწურება და კლუბში ელიან, რომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ბარსა მისი შემცვლელის ძიებაშია, მიუხედავად იმისა, რომ პოლონელი ფორვარდის საუკეთესო ვერსია ბარსას არ უნახავს, მისი შეცვლა მაინც ძალიან რთული იქნება, ის ხომ "ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფორვარდია", როგორც ჰანსი ფლიკმა დაახასიათა.
შეუძლებელი იყო ბარსას ლევანდოვსკიზე საჭირო კაცი მოეყვანა, იმ პირობებით რა პირობებსაც პოლონელი დათანხმდა. კრიზისში მყოფ "ბარსელონაში" გადავიდა, როელმაც სეზონი 73 ქულით დაასრულა, (ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ) ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ კი ბარსამ სამწლიანი მშრალი სერია შეწყვიტა და ლა ლიგა მოიგო. ჯერ ჩავის, შემდეგ კი ფლიკის მწვრთნელობის დროს. როცა კლუბს კრიზისი აქვს, როცა ელემენტალურად ფეხბურთელების ხელფასების გაცემისა და რეგისტრირების პრობლემები იქმნება და ამ დროს ორჯერ იგებ ლა ლიგას, ეს დიდი ამბავია. ორივე ამ ტიტულში ლევანდოვსკის ლომის წილი აქვს - 165 მატჩში 109 გოლი გაიტანა. დიდებული მაჩვენებელია ვეტერანი პოლონელისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ბებერმა პოლონელმა ბოლომდე გაამართლა.
ლევანდოვსკის მაჩვენებლები ბარსაში გადასვლის დღიდან
ლევანდოვსკის როლი იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ის ძალიან ახალგაზრდა გუნდში მივიდა, რომელსაც გამოცდილი ლიდერი სჭირდებოდა, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი. მიმდინარე სეზონში ბარსას საშუალო ასაკი 25.3 წელია. ეს კი ნიშნავს, რომ საუბარი გვაქვს ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდზე. თანამედროვე ფეხბურთში მაღალი დონის ფორვარდის პოვნა ისედაც ძალიან რთულია, ამას დაუმატეთ კლუბის ფინანსური მდგომარეობა. ასე რომ, წინასწარ რთულია იმის თქმა, ბარსა ღირსეულად შეცვლის თუ ვერა ლევანდოვსკის ზაფხულში.
The Athletic-მა რამდენიმე ვარიანტი განიხილა, როგორც ელიტური ფორვარების, ისე შედარებით დაბალი ფასის ფორვარები.
ხულიან ალვარესი
ხულიან ალვარესი ლაპორტას საოცნებო ტრანსფერია, მაგრამ ორი რამ აბრკოლებს, პირველი, რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობაა, ბარსასთვის ყველა ტრანსფერი რთულია. მეორე კი არჩევნებია - ან დარჩება ლაპორტა პრეზიდენტად, ან, არა. ალვარესი კი მშვენივრად მოერგო ესპანეთს, "ატლეტიკომ" 95 მილიონ ევროდ შეიძინა "მანჩესტერ სიტისგან". მისი შეძენა რთული იქნება, რადგან დიეგო სიმეონეს ფავორიტ ფეხბურთელად იქცა და "რაიოსთან" მოგების მერე, როცა ალვარესმა ჰეთთრიქი შეასრულა დიეგომ მას "ატლეტიკოს" საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა. განსაკუთრებით სახიფათოა კართან ახლოს, გასული სეზონიდან მოყოლებული მასზე მეტი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეაგდო, (მათ შორის, ლევანდოვსკიმ). ალვარესი ძალიან განსხვავდება ლევანდოვსკისგან, სათამაშო ტიპით და უნარებით, უბურთოდ დარჩენილი ლევანდოვსკი სივრცის ათვისებას იწყებს, უბურთოდ დარჩენილი ალვარესი გიჟივით ცდილობს ბურთის დაბრუნებას.
ფოტოზე ხედავთ ფორვარდების მაჩვენებლებს პრესინგში - ალვარესი მეორეზეა (წითელი წერტილი) ლევანდოვსკი გაცილებით ქვემოთ არის (შავი წერტილი)
კონტრპრესინგი, რომელიც ბურთის დაკარგვიდან მაქსიმუმ სამ წამში ზეწოლას გულისხმობს "ბარსელონას" სათამაშო ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია, განსაკუთრებით ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით, რომლის გუნდებიც ცნობილია უკიდურესად მაღალი დაცვის ხაზით. სწორედ ეს მაღალი ხაზი აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოწყვლადი, ეს გვაფიქრებინებს, რომ ალვარესის კარგი მაჩვენებლები კონტრპრესინგზე ბარსას ძალიან გააძლიერებდა. ასეთი ფეხბურთელი კი ძალიან ძვირია - ერთი მხრივ გამტანი ფორვარდია, პასის მიმცემი, პრესინგზე ძალიან კარგია და სათამაშო სტილშიც მშვენივრად ჯდება. წარმოდგენაც გაჭირდება "ატლეტიკო" რამდენს მოითხოვს.
ევანილსონი
თუმცა, ვიცით, რომ ალვარესი არ არის კლასიკური ცხრა ნომერი, ის უფრო მეორე ფორვარდია, რომელიც ხან ერლინგ ჰოლანდის ირგვლივ მოძრაობს, ხან სორლოტის, ლევანდოვსკისთან ერთადაც მშვენივრად შეძლებდა თამაშს, მაგრამ მარტო ცხრა ნომერზე? აქ გაუჭირდება. ესე იგი, ბარსას თუ ლევანდოვსკის როლის შენარჩუნება სურს სათამაშო ტაქტიკაში, მაშინ, სხვა ტიპის ფორვარდებსაც უნდა დააკვირდეს. დიაგრამაზე კი გაჩვენებთ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავდნენ რობერტ ლევანდოვსკის.
ერლინგ ჰოლანდი ამ ჩამონათვალში აშკარა გამორჩეული ფიგურაა, თუმცა მისი „მანჩესტერ სიტიდან“ წაყვანა პრაქტიკულად გამორიცხულია. პრემიერ ლიგიდან მეორე ვარიანტი, რომელიც სიაში ფიგურირებს, „ბორნმუთის“ ფორვარდი ევანილსონია, შედარებით ბიუჯეტური ალტერნატივა.
ევანილსონი დიდად გამტანი ფორვარდი ვერ არის, გასული სეზონიდან მოყოლებული სულ რაღაც 12 გოლი აქვს შეგდებული, xG 4.6. ამ დროის განმავლობაში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ასე "კამპ ნოუზე" არაფერი ესაქმება, მაგრამ აქვს სხვა უპირატესობები - "ბორნმუთის" მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა ხშირად უსვამს ხაზს 26 წლის თავდამსხმელის გუნდურობას, გასულ სეზონში "ვულვზთან" გამარჯვების მერე ირაოლამ თქვა - "ევანილსონმა მთავარი განსხვავება შექმნა, მცველებსა და მეკარეზე ზოწილით", - ეს მაშინ, როცა გოლი საერთოდ არ შეუგდია. ასე რომ, ევანილსონი არის ფორვარდი, რომელსაც ერთი მხრივ ზურგით მყოფს შეუძლია კარგი თამაში, მეორე მხრივ კი პრესინგზე არის ძალიან კარგი. თუმცა, არის კი ბარსას დონის ფორვარდი?
ჰარი კეინი
ერთ დროს მძვინვარე ცხრა ნომერი ახლა ფაქტობრივად გამთამაშებლის ფუნქციებს ასრულებს. ეს ისედაც ღიად ჩანს, მაგრამ სტატისტიკასაც შევხედოთ. განსაკუთრებით გამოიკვეთა ამ მხრივ გერმანიაში გადასვლის შემდეგ. "ბაიერნს" ლევანდოვსკის წასვლა არც უგრძნია, კეინმა მარტივად შეცვალა.
შედარება ლევანდოვსკისთან - კეინი დროის 13%-ს ატარებს ცხრიანის პოზიციაზე, 18%-ს ათიანის პოზიციაზე. ლევანდოვსკის მაჩვენებელი 20/19-ზეა.
კეინი კომპანის გუნდის კვარტერბეკია, ბურთის მთავარი გამანაწილებელი და ხშირად ბოლო პასის ავტორიც, მაგრამ ამას მის გოლეადორულ თვისებებზე არ უმოქმედია. კეინს კვლავ გააქვს, გააქვს ბევრი. მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 30 გოლის გატანა შეძლო.
კეინი ივლისში 33 წლის გახდება. ცოტა სასაცილოც კი იქნება "ბაიერნის" ბებერი ფორვარდი ისევ ბარსამ შეიძინოს. კეინმა ბილდთან ინტერვიუში თქვა, რომ დიდი ალბათობით დარჩება "ბაიერნში", მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ რთავს წასვლის უფლებას. თუმცა, თუ ასე გადაწყვეტს ამის შესახებ კლუბს ზამთარშივე უნდა შეატყობინოს.
კარგი ვარიანტია? რა თქმა უნდა. ალვარესს ასეთ ფასად არავინ მოგცემს. კეინი კი განაგრძობს გოლების შეგდებას.
სამუ აგეოვა
21 წლის სამუმ 14 თამაშში 9 გოლი შეაგდო. პორტუგალიის ჩემპიონატში გაბრწყინება, რომ ავტომატურად ტოპ 4-ში გაბრწყინებას არ უდრის ეს ბოლო წლებში რამდენჯერმე ვიხილეთ, თუმცა, სამუ პროგრესირებადი ფორვარდია, რომელიც მუდმივად მცველებს ზურგსუკან გარბის, თან ძალიან სწრაფად.
საუკეთესოა აჩქარებაში, დაუღალავია, იდეალური დარტყმა აქვს, მაგრამ უხეში პირველი შეხება. რთული გასახსენებელია როდის ჰყავდა ბოლოს ბარსას ფორვარდი, რომელსაც პირველი შეხება არ უვარგოდა. თუ ბარსას საერთოდ არ აღმოაჩნდა თანხა ვარსკვლავის შესაძენად სამუ კარგი ვარიანტია ტორესთან კონკურენციისთვის.
დანარჩენი კი არჩევნებზეა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

კომენტარები [ 24 ]