ბარსელონას ტერ შტეგენის ტრანსფერზე შეთავაზებები ჯერ არ მიუღია
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების მიუხედავად, რომელთა თანახმადაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, "ბარსელონას" გერმანელ მეკარეზე შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
ცნობილია, რომ 33 წლის კარის დარაჯს "ბლაუგრანაში" მომავალი არ აქვს, თუმცა მის მიმართ კონკრეტულ ინტერესს ჯერ არც სხვა გუნდები იჩენენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონაში" ელოდებიან, როდის გამოჯანმრთელდება მარკი სრულად. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ სხვა გუნდების მხრიდან დაინტერესება ამის შემდეგ გაჩნდება.
დიდი ხნის განმავლობაში ტერ შტეგენი "ბარსელონადან" წასვლაზე უარს ამბობდა და ის სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებდა. თუმცა კატალონიური მედიის ცნობით სიტუაცია იცვლება. ფეხბურთელის აგენტები უკვე ცდილობენ, ტერ შტეგენისთვის ისეთი კლუბი მოძებნონ, სადაც მას სეზონის ბოლომდე რეგულარული სათამაშო დრო ექნება. მომდევნო ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია და მარკის მიზანი გერმანიის ნომერ პირველ მეკარეობაა. გერმანელთა თავკაცი, იულიან ნაგელსმანი კი მას ამ სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიანიჭებს, თუ ფეხბურთელი საჭირო სათამაშო დროს მიიღებს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]