რეალ მადრიდი - ბარსელონა - ურთიერთშეხვედრების ისტორია
ხვალ "ელ კლასიკოა", "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" რიგით 250-ე ოფიციალური დაპირისპირება. თვალი გადავავლოთ ამ გუნდების წინა შეხვედრების სტატისტიკას.
"ბარსელონასთვის" ისტორიაში ყველაზე ხშირი მეტოქე "რეალ მადრიდია" და ასევეა პირიქითაც. სულ გამართული 249 ოფიციალური თამაშიდან 97 კატალონიელებმა მოიგეს, 100 მადრიდელებმა, ხოლო 52 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 415-408 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
წინა სეზონში "ბარსელონამ" ძალიან ცუდი სერია შეწყვიტა და ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ მეტოქე მისსავე მოედანზე 4-0 გაანადგურა.
ამ გუნდებს შორის მადრიდში გამართული 121 დაპირისპირებიდან 66 მასპინძლებმა მოიგეს, 30 სტუმრებმა, ხოლო 25 ფრედ დასრულდა.
ბოლო წლებში "ბარსას" მადრიდში კარგი შედეგები აქვს. დედაქალაქში გამართული ბოლო 9 "ელ კლასიკოდან" მასპინძლებმა 3 მოიგეს, ხოლო სტუმრებმა 6.
"ბარსა" ბოლო დროს კიდევ უფრო კარგად გამოიყურება "სანტიაგო ბერნაბეუზე". ამ სტადიონზე "ბლაუგრანამ" ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო, აქედან 3 გამანადგურებელი სხვაობით - 3-0, 3-0 და 4-0. "ბარსელონას" უყვარს "სანტიაგო ბერნაბეუ" რასაც პირიქით ვერ ვიტყვით.
თუ ამხანაგურ თამაშებსაც ჩავთვლით, მაშინ უპირატესობა უკვე "ბარსელონას" აქვს - 283 თამაშში 117 მოგება, 62 ფრე და 104 მატჩი, 492 გატანილი და 458 გაშვებული გოლი. რატომ უნდა ჩავთვალოთ ამხანაგური თამაშებიც? ამ თამაშების უმეტესობა მაშინაა გამართული, როდესაც სწორედ ამხანაგური მატჩები წყვეტდა, ვინ უკეთესი გუნდი იყო. იმ დროს, იყო შემთხვევები, გუნდს წელიწადში 1-2 ოფიციალური თამაშის გამართვა თუ უწევდა, ფეხბურთი კი ძირითადად სწორედ ამხანაგური მატჩებისგან შედგებოდა, რომლებიც არანაკლებ დაძაბული იყო. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებში არ იგულისხმება თანამედროვე ამხანაგური შეხვედრები, რომლებსაც გუნდები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. ადრე ამხანაგურები ოფიციალურების დონეზე, ზოგჯერ კი უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]