“ბარსელონა” დღეს ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას იწყებს, რომლითაც კატალონიელები მგზავრობის თვალსაზრისით განსაკუთრებით დამღლელ კვირას დაასრულებენ.
კალენდარი ისე შედგა, რომ “ბარსელონას” რამდენიმე დღის ინტერვალით ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შორეულ შესაძლო მეტოქესთან სტუმრობა და ლა ლიგაში ყველაზე შორეული გასვლითი მატჩის ჩატარება უწევს.
ბაქო ბარსელონადან 3 970 კილომეტრითაა დაშორებული, ლა კორუნია კი დაახლოებით 900 კილომეტრით. ორივე მიმართულებით მგზავრობის გათვალისწინებით, კატალონიელები ერთ კვირაში თითქმის 10 000 კილომეტრს დაფარავენ.
“საბაჰთან” შეხვედრის შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელები კატალონიაში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 5:45 საათზე დაბრუნდნენ. ფრენამ 5 საათი და 30 წუთი გასტანა. აეროპორტიდან ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე გაემგზავრნენ, იქიდან კი საკუთარ სახლებში წავიდნენ.
ხუთშაბათს გუნდმა დაისვენა, პარასკევისა და შაბათის ვარჯიშების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი ფეხბურთელების ძალების აღდგენა იქნება.
“დეპორტივოსთან” შეხვედრა კვირას, ადგილობრივი დროით 16:15 საათზე გაიმართება, რის გამოც კატალონიელებს შაბათის ღამის სასტუმროში გატარებაც მოუწევთ. საბოლოოდ, ამ კვირაში “ბარსელონას” ფეხბურთელები სამ ღამეს სასტუმროში გაატარებენ, ერთს კი თვითმფრინავში.
ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ 2 დეკემბერს “ბარსელონას” მადრიდის “ატლეტიკოსთან” ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრის მატჩის ჩატარება უწევს.
რომ არა ეს შეხვედრა, “დეპორტივოსთან” მატჩის კვირას უფრო გვიან გამართვა იქნებოდა შესაძლებელი, რაც კატალონიელებს ლა კორუნიაში დამატებითი ღამის გატარებას აარიდებდა თავიდან.




არაუშავს, მე ეგ მანძილები აქედან თვითმფრინავით და იქიდან მანქანით მაქვს გავლილი, თანაც ერთ კვირაში და 3 ღამის გათენება მანქანაში. რო ჩამოვედი პირდაპირ რუსთავში ბაზრობაზე,😍