მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ფერმინის დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებს

ბარსელონა ფერმინის დისკვალიფიკაციას არ გაასაჩივრებს

მოკლედ
"ბარსელონამ" ფერმინ ლოპესის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებაზე უარი თქვა. ესპანელი ნახევარმცველი "დეპორტივოსთან" და "ატლეტიკოსთან" შეხვედრებს გამოტოვებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ფერმინ ლოპესის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებაზე უარი თქვა.

ესპანელი ნახევარმცველი “ვილიარეალთან” შეხვედრაში გააძევეს, როდესაც ის შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა ფეხბურთელს წითელი ბარათი მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო უჩვენა.

მატჩის ოქმის თანახმად, ფერმინი სათადარიგოთა სკამიდან წამოდგა, მეოთხე მსაჯთან ახლოს მივიდა და მის მიმართ პრეტენზიებს ხმამაღლა, არაერთგზის გამოთქვამდა.

დისციპლინარულმა კომიტეტმა ფეხბურთელი დისციპლინარული კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე დასაჯა. აღნიშნული მუხლი მთავარი მსაჯის, მისი ასისტენტების ან მეოთხე მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის, თუ ქმედება უფრო მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, 2-დან 3 მატჩამდე ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბი დისკვალიფიკაციის მოხდის თანმიმდევრობის გასაჩივრებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

შედეგად, ფერმინი 29 ნოემბერს “დეპორტივოსთან” და 2 დეკემბერს “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს. ნახევარმცველი 5 დეკემბერს, “სელტასთან” დაპირისპირებაში შეძლებს თამაშს.

ჰანსი ფლიკმა, რომელმაც იცოდა, რომ უახლოეს ტურში ფერმინის იმედი ვერ ექნებოდა, ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” შეხვედრაში ფეხბურთელს სრული 90 წუთი ათამაშა.

გერმანელმა სპეციალისტმა ფერმინის საქციელიც შეაფასა.

“ვფიქრობ, ფერმინი არასწორად მოიქცა. შემდეგ ჯერზე მას სათადარიგოთა სკამის ბოლო რიგში დავსვამთ.”

ფლიკმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთელებსა და მსაჯებს შორის კომუნიკაცია უნდა გაუმჯობესდეს. გერმანელის აზრით, მსაჯები კარგ სამუშაოს ასრულებენ, თუმცა მათი მხრიდან ზემოდან საუბარი სასიამოვნო არ არის. ამავდროულად, მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საკუთარი ქცევის გაუმჯობესებაზე ფეხბურთელებმაც უნდა იზრუნონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი