ენტონი გორდონისა და ბაქოს განსაკუთრებული ურთიერთობა გრძელდება. “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად “საბაჰი” 4-1 დაამარცხა, ინგლისელმა შემტევმა კი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გორდონმა, რომელმაც თებერვალში “ნიუკასლის” მაისურით “ყარაბაღს” ოთხი გოლი გაუტანა, აზერბაიჯანის დედაქალაქში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა.
მატჩის შემდეგ ინგლისელს ხუმრობით ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა თავს ბაქოს მეფედ.
“ასე არ ვიტყოდი (იცინის), მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული ადგილია. ჰეთ-თრიქი უნდა შემესრულებინა, თუმცა მარცხენა ფეხით დარტყმისას შანსი ხელიდან გავუშვი. ძალიან ბედნიერი ვარ.”
გორდონმა აღიარა, რომ მატჩი მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით კი სახლიდან დიდი მანძილით დაშორების გამო.
“მგზავრობისა და ოჯახისგან შორს ყოფნის გამო ბოლო რამდენიმე დღე მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჩვენი საქმე გავაკეთეთ და “საბაჰს” პატივისცემით მოვეპყარით. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.”
ინგლისელმა შემტევმა “ბარსელონას” გუნდური თამაშიც შეაფასა.
“მეტოქეს მოედნის ზედა ნაწილში კარგად ვაპრესინგებდით, მომენტები შევქმენით და გამოვიყენეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ჩვენი მიზანი ყოველთვის გოლების გატანაა. შეტევა არ შეგვიწყვეტია, ეს ჩვენი სტილია.”
ბოლოს გორდონს ჰკითხეს, სურდა თუ არა ბაქოში კიდევ ერთხელ დაბრუნება.
“დიახ, დაბრუნება მინდა (იცინის). იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები.”




forum კომენტარები (0)