ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ბარსელონას” მიერ აზერბაიჯანული “საბაჰის” ანგარიშით 4-1 დამარცხების შემდეგ ჰანსი ფლიკმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა.
როგორც Opta-ს მონაცემებზე დაყრდნობით Mundo Deportivo იუწყება, გერმანელი სპეციალისტი გახდა მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე 150 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანეს.
ფლიკს ამ ნიშნულის მისაღწევად მხოლოდ 49 მატჩი დასჭირდა, რაც წინა რეკორდსმენის, პეპ გვარდიოლას შედეგზე 16 შეხვედრით ნაკლებია.
ორივე მწვრთნელმა 150-გოლიან ნიშნულს “ბარსელონასა” და მიუნხენის “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში მიაღწია.
ფლიკის ხელმძღვანელობით გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა, “ბარსელონამ” კი 31 მატჩში მეტოქეთა კარი 93-ჯერ აიღო.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა 49 შეხვედრაში 116 გოლი გაიტანა, “ბაიერნმა” კი 16 მატჩში – 35.
პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე 150-გოლიან ნიშნულს 2014 წლის 5 ნოემბერს, “რომასთან” გამართულ შეხვედრაში მიაღწია.




ამას არ ჰქვია “ისტორიული” რეკორდი. ისტორიულია რეკორდი რომლის გამეორებაც პრაქტიკულადაა შეუძლებელი. მაგალითად გერდ მიულერის რეკორდი რომელიც მესიმ გააუმჯობესა. რეკორდი რომელიც 30 წელზე მეტი იყო. და რომლის გამეორებასაც ასევე ათწლეული დასჭირდება.