ბარსელონას ხელბურთის გუნდი

“ბარსელონას” ხელბურთის სექცია ოფიციალურად 1943 წლის 23 ნოემბერს დაარსდა, თუმცა კატალონიელთა ხელბურთის გუნდი ამხანაგურ თამაშებს 1930-იან წლებშიც ატარებდა.

რადგან თანამედროვე, 7-კაცა ხელბურთი დახურულ დარბაზში 1950-იან წლებამდე პოპულარული არ იყო, თავდაპირველად ხელბურთს 11-11-ზე, საფეხბურთო მოედანზე თამაშობდნენ.

წარმატება 11-კაციან ხელბურთში

ხელბურთის გუნდმა პირველ წარმატებას მალევე მიაღწია. 1940-იანი წლების შუაში “ბარსამ” როგორც ესპანეთის, ასევე კატალონიის ჩემპიონატი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. იგივე 1949 და 1951 წლებშიც განმეორდა. 1950-იან წლებში გუნდმა ტიტულებს კატალონიის 4 და ესპანეთის 1 ჩემპიონატი შემატა.

თანამედროვე ხელბურთი

7-კაცა ხელბურთში იგივე წარმატების გასამეორებლად “ბარსელონას” ლოდინი 60-იანი წლების ბოლომდე მოუხდა. დარბაზში თამაშის დროს “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატი და თასი ერთად პირველად 1969 წელს მოიგო. 1971 წელს “პალაუ ბლაუგრანას” აშენებამ კი “ბარსელონას” დარბაზის მიმართულებებს ახალი გასაქანი მისცა. თუმცა 1970-იან წლებში ესპანურ ხელბურთში “გრანოლერსი”, “კალპისა” და მადრიდის “ატლეტიკო” დომინირებდნენ. ამ დროის მონაკვეთში “ბლაუგრანამ” მხოლოდ 2 თასი და 1 ჩემპიონატი მოიგო. თუმცა კლუბს ოქროს ხანა კარს მოსდგომოდა.

ოქროს ერა

80-იანი წლები 2 ჩემპიონატისა და 1 თასის მოგებით დაიწყო. 1984 წელს კი გუნდის მთავარ მწვრთნელად ვალერო რივერა დაინიშნა, რამაც გუნდის სხვა დონეზე აყვანა განაპირობა. ამას როგორც ესპანეთში, ასევე მის მიღმა “ბარსელონას” 20-წლიანი დომინაცია მოჰყვა. 1987-1992 წლებში “ბარსამ” ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო. მან იგივე 1995-2000 წლებშიც გაიმეორა, ესპანეთის თასი კი 9-ჯერ მოიგო.

ევროპის მეფეები

“ბარსელონამ” გემო საერთაშორისო წარმატებებსაც გაუგო. ლეგენდარული მოთამაშეების, სერანოსა და საგალესის წყალობით, 80-იანი წლების დასაწყისში “ბლაუგრანამ” თასების მფლობელთა თასი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა თასზე გამარჯვებას კი გემო პირველად 1991 წელს გაუსინჯა. ამას კიდევ 2 თასების მფლობელთა თასი მოჰყვა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 1996-2000 წლებში ვალერო რივერას გუნდმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ სპორტში ეს მიღწევა ოდესმე ვინმემ გაიმეოროს. კატალონიელებმა 4-ჯერ ევროპის სუპერ თასიც მოიგეს.

“ოცნების გუნდის” დასასრული

რივერამ გუნდი 2003/04 წლების სეზონში დატოვა. ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე, ენრიკ მასიპიც წავიდა. მას ლეგენდები — ურდანგარინი, გიხოსა, ორტეგა, შეპკინი და ო’კალაჰენი მიჰყვნენ. ხელბურთის “ოცნების გუნდი” უკვე აღარ არსებობდა.

მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩესკო ესპარმა ჩაიბარა, მის ასისტენტებად კი ლეგენდარული ხელბურთელები, მასიპი და ო’კალაჰენი დაინიშნენ. მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, წარმატებული პერიოდი არ სრულდებოდა.

“ოცნების გუნდიდან” შემორჩენილ ერთადერთ მოთამაშეს, კაპიტან დავიდ ბარუფეტს ნაგი, სკრბიჩი და იკერ რომერო დაემატნენ და “ბარსა” დომინირებას განაგრძობდა. 2005 წელს კატალონიელებმა მე-7 ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2006 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს.

უახლესი რეკორდები და დომინაცია

“ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატის, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ლოდინი 2011 წლამდე მოუხდა. 2009 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანოლო კადენასი ჩავი პასკუალმა შეცვალა. სწორედ მისი მეთაურობით, 2011 წლიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატს მუდმივად იგებს და ზედიზედ მოგებების რეკორდს აუმჯობესებს. ისეთი ხელბურთელების წყალობით, როგორებიც ვიქტორ ტომასი, ნიკოლა კარაბატიჩი და იესპერ ნოდესბო იყვნენ, “ბარსელონამ” საკონტინენტთაშორისო თასის (Super Globe) პირველი 2 გათამაშება მოიგო (2013, 2014), შემდეგ კი ამ ტურნირზე ზედიზედ 3-ჯერ იმარჯვა (2017-2019). ამას 2014/15 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეცხრედ მოგება დაემატა. იმ სეზონში “ბარსელონამ” ყველა, შვიდივე შესაძლო ტიტული მოიგო და 1999/2000 წლების მიღწევა გაიმეორა.

2021 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელი კარლოს ორტეგა გახდა, რომლის ხელმძღვანელობითაც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი კვლავ განაგრძეს და 2020/21, 2021/22 და 2023/24 წლების სეზონებში ევროპის უმაღლესი საკლუბო ტიტული მოიპოვეს.

ტიტულების ჩამონათვალში შეგიძლიათ ნახოთ, რომ 13 შესაძლო ტურნირიდან 12-ში “ბარსელონა” აბსოლუტური რეკორდსმენია. ის ერთადერთი კი ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირია, სადაც “ბარსამ” ბოლოს 2002/03 წლების სეზონში ითამაშა და მოიგო კიდეც.

ტიტულები

* რეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატი

ესპანეთის ჩემპიონატი

1968/69, 1972/73, 1979/80, 1981/82, 1985/86, 1987/88, 1988/89, 1989/90, 1990/91, 1991/92, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2002/03, 2005/06, 2010/11, 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25, 2025/26

33*
ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა

1990/91, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2004/05, 2010/11, 2014/15, 2020/21, 2021/22, 2023/24, 2025/26

13*
ესპანეთის თასი

ესპანეთის თასი

1968/69, 1971/72, 1972/73, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1987/88, 1989/90, 1992/93, 1993/94, 1996/97, 1997/98, 1999/00, 2003/04, 2006/07, 2008/09, 2009/10, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25, 2025/26

30*
Asobal Cup

Asobal Cup

1994/95, 1995/96, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2009/10, 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25, 2025/26

21*
ესპანეთის სუპერ თასი

ესპანეთის სუპერ თასი

1986/87, 1988/89, 1989/90, 1990/91, 1991/92, 1993/94, 1996/97, 1997/98, 1999/00, 2000/01, 2003/04, 2006/07, 2008/09, 2009/10, 2012/13, 2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25

27*
კატალონიის სუპერ თასი

კატალონიის სუპერ თასი

1997/98, 1998/99, 1999/00, 2000/01, 2001/02, 2003/04, 2005/06, 2006/07, 2007/08, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2012/13, 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2018/19, 2019/20, 2020/21, 2021/22, 2022/23, 2023/24, 2024/25

24*
Super Globe

Super Globe

2013/14, 2014/15, 2017/18, 2018/19, 2019/20

5*
EHF თასი

EHF თასი

2002/03

1
ევროპის სუპერ თასი

ევროპის სუპერ თასი

1996/97, 1997/98, 1998/99, 1999/00, 2003/04

5*
ევროპის თასების მფლობელთა თასი

ევროპის თასების მფლობელთა თასი

1983/84, 1984/85, 1985/86, 1993/94, 1994/95

5*
კატალონიის ლიგა

კატალონიის ლიგა

1981/82, 1982/83, 1983/84, 1984/85, 1986/87, 1987/88, 1990/91, 1991/92, 1992/93, 1993/94, 1994/95, 1996/97

12*
ესპანეთის ჩემპიონატი (11-კაცა)

ესპანეთის ჩემპიონატი (11-კაცა ხელბურთი)

1944/45, 1945/46, 1946/47, 1948/49, 1950/51, 1956/57

6*
კატალონიის ჩემპიონატი (11-კაცა)

კატალონიის ჩემპიონატი (11-კაცა ხელბურთი)

1943/44, 1944/45, 1945/46, 1946/47, 1948/49, 1950/51, 1953/54, 1954/55, 1956/57, 1957/58

10*