workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ცენტრალური მცველის ძებნა დაიწყო – 4 კანდიდატი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის

ბარსელონამ ცენტრალური მცველის ძებნა დაიწყო – 4 კანდიდატი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის

“ბარსელონას” შთამბეჭდავი, 11-მატჩიანი გამარჯვებების სერია (9 ლა ლიგაში და 2 ჩემპიონთა ლიგაზე) წარუმატებელმა კვირამ დაასრულა. პარიზში, “პარკ დე პრენსზე”, “პარი სენ-ჟერმენთან” და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართულ კლასიკოში “რეალ მადრიდთან” განცდილმა მარცხებმა გუნდის ერთ-ერთი მთავარი სისუსტე გამოავლინა, რომლის აღმოფხვრაც კატალონიურ კლუბს ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებია.

გასულ ზაფხულს “ბარსელონას” სპორტულმა ხელმძღვანელობამ შემადგენლობის გასაძლიერებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა. რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის წასვლის შემდეგ შეტევას ენტონი გორდონი, კარიმ ადეიემი და გაბრიელ ჟეზუსი დაემატნენ. კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი შესაძლებლობითაც ისარგებლა და ნახევარდაცვა “ოქროს ბურთის” მფლობელი როდრით გააძლიერა.

გარდა ამისა, ექვსთვიანი იჯარის პერიოდში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ “ბარსელონამ” ჟოაუ კანსელუც შეინარჩუნა, ხოლო მეკარის პოზიციაზე დომინიკ ლივაკოვიჩი დაიმატა, რომელიც ჟოან გარსიასთვის საიმედო შემცვლელად მოიაზრება.

თუმცა ბიუჯეტი დაცვის ხაზის სრულფასოვნად გასაძლიერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბარსელონა” რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას იმედოვნებდა, რაც კლუბს ცენტრალური და განაპირა მცველების დამატების შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ტრანსფერების განხორციელება ვერ მოხერხდა.

ჰანსი ფლიკმა ანდრეას კრისტენსენის შენარჩუნება გადაწყვიტა, რათა ცენტრალურ დაცვაში პაუ კუბარსისა და ჟერარ მარტინის გვერდით კიდევ ერთი ვარიანტი ჰქონოდა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ალტერნატივად ერიკ გარსია განიხილებოდა, ხოლო ჟიულ კუნდეს საჭიროების შემთხვევაში დაცვის ცენტრშიც შეეძლო თამაში.

თუმცა პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან” შეხვედრებმა ცხადყო, რომ ეს გადაწყვეტილებები საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბარსელონას” კვლავ შეექმნა პრობლემები ძლიერ მეტოქეებთან, რომლებთანაც ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლა მოუწევს.

მსგავსი სირთულეები გუნდს გასულ სეზონშიც ჰქონდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა, ხოლო ორი სეზონის წინ “ინტერთან” შეხვედრებში კონტრშეტევების შედეგად გოლები გაუშვა.

კლუბის ხელმძღვანელობას პრობლემის მიზეზი გაცნობიერებული აქვს და თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, გამოსავლის პოვნას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს. პრიორიტეტი გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატებაა, რომელიც გუნდს დაუყოვნებლივ გააძლიერებს.

თუმცა, როგორც გასულ ზაფხულს, ამჯერადაც “ბარსელონას” სატრანსფერო შესაძლებლობები დამოკიდებული იქნება ფეხბურთელების გაყიდვასა და მიღებულ შემოსავალზე.

ბარსელონას სამიზნეები – გვარდიოლი, ბასტონი, მარტინესი და ნატანი

იოშკო გვარდიოლი (24 წლის)

“ბარსელონასთვის” იდეალური ვარიანტი “მანჩესტერ სიტის” ხორვატი მცველი იოშკო გვარდიოლია. მის კანდიდატურას კლუბში ყველა ეთანხმება, თუმცა ტრანსფერის განხორციელება უკიდურესად რთული იქნება.

გვარდიოლმა გასულ ზაფხულს “სიტისთან” კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა. ხორვატ ფეხბურთელს ცენტრალური დაცვის გარდა მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველ კანდიდატად აქცევს.

“ბარსელონას” მისი შეძენის რეალური შანსი, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ “მანჩესტერ სიტის” ფინანსური დარღვევებისთვის მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მკაცრი სანქციები დაეკისრება. ასეთ შემთხვევაში გვარდიოლის ტრანსფერის შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს.

ალესანდრო ბასტონი (27 წლის)

კატალონიურ კლუბს “ინტერის” იტალიელი ცენტრალური მცველი ალესანდრო ბასტონიც მოსწონს, რომელიც გასულ ზაფხულსაც განიხილებოდა ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ.

ბასტონი მარცხენა ფეხით თამაშობს და “ინტერთან” კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი გადაბირება რთული იქნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, იტალიური კლუბი სეზონის შუაში ერთ-ერთი წამყვანი მცველის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს დათანხმდეს.

ლისანდრო მარტინესი (28 წლის)

შედარებით რეალისტურ ვარიანტებს შორისაა “მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი მცველი ლისანდრო მარტინესი.

მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან მომავალი წლის ივნისში იწურება. შესაბამისად, თუ “იუნაიტედს” ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის მიღება სურს, მისი გაყიდვა ზამთარში მოუწევს.

გარდა ამისა, 13 ოქტომბერს “ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ მარტინესმა კლუბის სპორტული ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

არგენტინელის ტრანსფერში მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ტრავმების ისტორიაა. “ბარსელონას” მისი გადაბირების გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხის საფუძვლიანად შეფასება მოუწევს.

ნატანი (25 წლის)

კიდევ ერთი გამოცდილი და შედარებით ხელმისაწვდომი კანდიდატი “ბეტისის” ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ნატანია, რომელიც მარცხენა ფეხით თამაშობს.

ბრაზილიელმა გასულ სეზონში შესანიშნავი თამაში აჩვენა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მაღალ დონეზე ასპარეზობას ის მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს.

ნატანის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება, რასაც დამატებითი ბონუსებიც დაემატება.

ამრიგად, “ბარსელონას” ოთხი განსხვავებული ვარიანტი აქვს. გვარდიოლი იდეალურ კანდიდატად მიიჩნევა, ბასტონის გადაბირება რთული იქნება, ხოლო ლისანდრო მარტინესისა და ნატანის ტრანსფერები შედარებით რეალისტურად გამოიყურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 29 ოქტ 2026, 22:12

    ებიჭო ლაპორტი მოიყვანეთ და დაამთავრეთ ბაზარი, ეძებენ ზე იდეალურ კანდიდატს და საბოლოოდ დაიჭერენ ლენგლე მეორეს, გაუვალი იყო კუბარსი ლაპორტის დუო მსოფლიოზე და რატო იგონებენ ესენი ახალ ამერიკას ვერ ვხვდები, თან სეზონის შუაში უნდა მოიყვანონ, დარჩენილ თამაშებს მოახმარენ ეგენი ადაპტაციას და მერე ვიძახოთ შემდეგ სეზონში ვიბრძოლებთ ლიგისთვისო. ამ ზაფხულსვე უნდა მოეყვანათ და ახლა ორი მთავარი თამაში არ გვექნებოდა წაგებული მინიმუმ 95%-ით შეიძლება ამის თქმა, აი რა უნდოდა მაგის ტრანსფერისთვის 20 მილიონის გამეტებას ვერ ვხვდები, ახლა დაცვაც ხომ გვეყოლებოდა კარგად დაკომპლექტებული და ეზრუნათ ამ ზე ტალანტის მოყვანაზე იანვარშივე.

  • Wesleyy
    Wesleyy გულშემატკივარი
    schedule 29 ოქტ 2026, 21:35

    შლოტერბერგი ვანდევენი ლაპორტი ესენიც განიხილონ