"ბარსელონას" ფორმების ისტორია


ბარსელონას ფორმების ისტორია

ამ გვერდზე თქვენ “ბარსელონას” ყველა იმ ფორმას შეხვდებით, რომლის არსებობაც დოკუმენტურად დადასტურებულია. ფორმების ისტორია ფოტოსურათებიდან კატალონიურმა გამოცემა ARA-მ შეისწავლა.

1899-1940 წლები

“ბარსელონას” ფერების წარმოშობის შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნო ვერსიას, რომელსაც შეგვიძლია ოფიციალური ვუწოდოთ, ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ. არსებობს მოსაზრება, რომ “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი შეხვედრა თეთრი ფორმით ჩაატარა, თუმცა ტრადიციული ლურჯი და ბროწეულისფერი კლუბის ფორმაზე პირველივე წელს აისახა. ამ ფერის ზოლებით კი ფორმები 1910 წლიდან ჩნდება.
1899/1900 – 1909/1910
გერბის გარეშე

“ბარსელონას” ფორმის პირველი ფოტოსურათი 1900 წლით თარიღდება. ამ დროს მუქ ლურჯად და ბროწეულისფრად შუაზე გაყოფილ ფორმას უკვე ვხედავთ. ის ფლანელის ქსოვილისგან იყო შეკერილი, რაც ფეხბურთის თამაშს არაკომფორტულს ხდიდა. იმდროინდელი რეკლამებიდან ირკვევა, რომ ფორმა Kneipp-ის ქარხანაში იკერებოდა, რომელიც Carrer del Call-ზე მდებარეობდა.

გერბით

პირველ ფორმას ქალაქ ბარსელონას გერბი ჰქონდა, შორტები კი ქამრით იკვრებოდა.

1910/1911

1910 წლის 16 იანვარს “ბარსელონამ” ვერტიკალური ზოლებიანი ფორმა პირველად ჩაიცვა. ახალი ფორმა, ფლანელის მატერიასთან შედარებით, უფრო მსუბუქი ქსოვილისგან იყო შეკერილი. ამ ფორმით “ბარსელონამ” პირველად “კარერ ინდუსტრიას” მოედანზე, “ცენტრალის” წინააღმდეგ ითამაშა. იმავე წელს “ბარსელონამ” კლუბის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა, რომელიც სანტიაგო ფემენიამ მოიგო. მას შემდეგ “ბარსელონა” ლოგოს კონცეფციას ინარჩუნებს, თუმცა დიზაინში მცირე ცვლილებები პერიოდულად შედის. თამაშის უფრო კომფორტულად ქცევის მიზნით, ახალი ფორმის შორტები დამოკლდა.

1911/1912 – 1912/13

ვერტიკალური ზოლები გაფართოვდა და ფორმამ ის სახე მიიღო, რომელიც მისთვის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დამახასიათებელი იყო. ლურჯი ზოლი ცენტრში იყო მოთავსებული, რაც მომდევნო წლების ფორმებშიც შენარჩუნდა. ფორმას საყელოს შესაკრავი ჰქონდა, შორტები კი კვლავ თეთრი რჩებოდა.

1913/1914 – 1921/22

“ბარსელონა” მაისურის დიზაინს ინარჩუნებს, მაგრამ შორტის ფერი იცვლება.

1922/1923 – 1929/1930

მაისური თასმებით აღარ იკვრება. ფორმაზე მომრგვალებული საყელო პირველად გამოჩნდა.

იმავე პერიოდში “ბარსელონა” თითქმის იდენტური დიზაინის ფორმით თამაშობდა. განსხვავებული მხოლოდ საყელო და სახელოების ფერი იყო.

1930/1931 – 1939/40

ფრანკოს დიქტატორობის დროს “ბარსელონა” იძულებული გახდა, ლოგოზე კლუბის დასახელების აბრევიატურა შეეცვალა და ინგლისური FCB-ს (Football Club Barcelona) ნაცვლად ესპანური CFB (Club de Futbol Barcelona) დაეწერა. ასევე, კატალონიის დროშის 4 ვერტიკალური ხაზი ორით შეიცვალა. კომფორტულად სათამაშოდ შორტები დამოკლდა, ხოლო გეტრებზე მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი ფერები გაჩნდა.

1940-1979 წლები

ამ პერიოდისთვის ფართო ზოლებიანი მაისური, ლურჯი შორტი და ზოლებიანი გეტრები ნორმად იქცა. ფორმები კვლავ ბამბისგან იკერებოდა, მაგრამ მატერია ფეხბურთის სათამაშოდ უფრო კომფორტული გახდა. მოკლემკლავიანი მაისურებით ფეხბურთელებმა თამაში 1960-იან წლებში დაიწყეს. კლუბმა ფორმების შესაკერად კონტრაქტი კომპანია Monthalt-თან გააფორმა. ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” მე-2 ფორმაც გაუჩნდა, ნიშნავს, რომ იმ დროისთვის შავ-თეთრ ტელევიზორებში სპორტი აქტიურად გადაიცემოდა.
1940/1941 – 1949/1950
პირველი

1949 წელს “ბარსელონას” 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლოგოზე კვლავ კატალონიის დროშის 4 ზოლი გამოჩნდა. ფორმაში ღია ლურჯი იყო გამოყენებული, გეტრების დიზაინი კი იცვლებოდა მანამ, სანამ არჩევანი ლურჯ და წითელ ზოლებზე არ შეჩერდა.

მეორე

1940-იან წლებში, როდესაც “ბარსელონა” მსგავსი ფორმის გუნდებს, მაგალითად “ლევანტესა” და “პონტევედრას” ეთამაშებოდა, კატალონიელები მოედანზე თეთრი მაისურებით გადიოდნენ.

1950/1951 – 1959/1960
პირველი

თუ მცირე დეტალებს არ ჩავთვლით, “ბარსელონას” პირველი ფორმა ისეთივე რჩება, როგორიც კლუბს სამოქალაქო ომის შემდეგ ეცვა.

ბაზრობათა თასის

ბაზრობათა თასზე 1957-1958 წლებში თამაშის დროს “ბარსელონას” ფორმა თეთრი იყო და მასზე არა კლუბის, არამედ ქალაქის გერბი იყო გამოსახული, რადგან ტურნირი ქალაქებს შორის იმართებოდა და “ბარსელონა” კატალონიის დედაქალაქს წარმოადგენდა.

ბაზრობათა თასის (ლურჯი)

ბაზრობათა თასზე სათამაშოდ თეთრის გარდა “ბარსელონას” ფორმის ლურჯი ვერსიაც ჰქონდა. ამ ფორმის შემადგენელი ნაწილი ასევე თეთრი შორტები და მუქი გეტრები იყო.

ყველაზე ცოტა ხნით

1957 წლის 8 მაისს “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტისთან” ახალი ფორმით თამაშს აპირებდა – თეთრი მაისური ლურჯ-წითელი ჰორიზონტალური ზოლებით, ლურჯი შორტები და ლურჯ-წითელი გეტრები. თუმცა, თამაშის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა პროტესტი მოედანზე შევარდნით გამოხატა. ისინი ტრადიციული ფორმით თამაშს ითხოვდნენ და გუნდი იძულებული გახდა, ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

1960/1961 – 1969/1970
ზაფხულის პირველი

პირველი მოკლემკლავიანი მაისური. იგივე დიზაინით, ამოღებული საყელოთი.

ზამთრის პირველი

ზამთარში სათამაშოდ “ბარსელონა” ძველ, გრძელმკლავიან მაისურსაც ინარჩუნებდა.

მეორე

დიზაინი იმისთვის შეიქმნა, რომ შავ-თეთრ ტელევიზორში ყურების დროს გუნდების უკეთ გარჩევა ყოფილიყო შესაძლებელი.

ბაზრობათა თასის

ბაზრობათა თასზე გუნდი კვლავ ქალაქის გერბიანი მაისურით გამოდიოდა.

1970/1971 – 1978/1979
ზაფხულის პირველი

1974 წლის ბოლოს “ბარსელონას” ლოგოზე ინიციალები FCB დაბრუნდა. შეიცვალა საყელოს დიზაინი. შორტებზე მცირე ზომის ჯიბე გაჩნდა.

ზამთრის პირველი

ზამთარში გუნდი კვლავ გრძელმკლავიანი მაისურით თამაშობდა, რომელსაც მომრგვალებული საყელო ჰქონდა.

მეორე

1975/1976 წლების სეზონში “ბარსელონამ” ყვითელი ფორმით ისტორიაში პირველად ითამაშა. ფორმა, რომელსაც ლურჯი და წითელი დიაგონალური ზოლები ჰქონდა, რამდენიმე მატჩში გამოიყენეს.

მესამე

ყვითელი ფორმის შემოღების მიუხედავად, “ბარსელონა” თეთრ ფორმასაც ინარჩუნებდა, რომელსაც 60-წლიანი ისტორია ჰქონდა. ამ დროისთვის თეთრ ფორმაზე კლუბის გერბი დაბრუნდა.

1979-1992 წლები

“ბარსელონას” ფორმების შეკერვა კატალონიურმა ფირმა Meyba-მ ითავა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა – ფორმები ბამბისგან აღარ იკერებოდა. ფერადი ტელევიზორების გამოჩენამ Meyba-ს საშუალება მისცა ახალი დიზაინები შეექმნა და დაერღვია ტრადიცია, რომლის თანახმადაც “ბარსელონა” შინ ლურჯ-წითელი, ხოლო სტუმრად თეთრი ფორმით თამაშობდა.
1979/1980
პირველი

Meyba-ს დებიუტი ფორმის მატერიის ცვლილებით გამოირჩა. პირველ წლებში მაისურის დიზაინი არ შეცვლილა. დიდი ხნის შემდეგ პირველად შეიცვალა გეტრების დიზაინი.

მეორე

თეთრ ფორმას გუნდი 1980-იანი წლების დასაწყისამდე იყენებდა. ამის შემდეგ Meyba-მ სხვა ფერების გამოყენება დაიწყო.

1980/1981

Meyba-მ საყელოს ახალი დიზაინი შეიმუშავა – ლურჯი და წითელი ზოლებით.

1981/1982 – 1989/1990
პირველი

მაისურის სახელოებზე Meyba-ს საფირმო ზოლები გაჩნდა. ეს ზოლები შორტებზეც გაჩნდა, რომლებიც კვლავ ინარჩუნებდა მცირე ზომის ჯიბეს. ფორმაზე Meyba-ს ლოგო პირველად გაჩნდა.

მეორე

4 წლის განმავლობაში, სანამ “ბარსელონამ” თასების მფლობელთა თასზე “მეცთან” 1-4 წააგებდა, გუნდის მეორე ფორმა ყვითელი იყო, ლურჯ-წითელი ვერტიკალური 2 ზოლით.

მესამე

ერთ-ერთი ყველაზე მცირეხნიანი ფორმა, რომლის მაისურიც მთლიანად წითელი იყო, სახელოებზე ზოლებით. ამ ფორმამ ყვითელი მაისური ჩაანაცვლა.

მეოთხე

80-იანი წლების მე-2 ნახევარში “ბარსელონა” ცისფერი ფორმითაც თამაშობდა, რომელსაც წითელი და ლურჯი 2 ვერტიკალური ზოლი ჰქონდა.

1990/1991 – 1991/1992
პირველი

ლურჯი ფერის ტონალობა შეიცვალა, მაგრამ მხოლოდ მაისურსა და შორტზე. გეტრების დიზაინი უცვლელი დარჩა.

მეორე

სრულად წითელი ფორმის შემდეგ, Meyba-მ ეს ფერი წარსულში ყვითელი და ცისფერი ფორმების დიზაინს შეუხამა.

მესამე

ისტორიაში პირველად კლუბმა ნარინჯისფერი ფორმით ითამაშა. ამ ფერის იყო შორტებიც და გეტრებიც.

მეოთხე

1990 წლის ივლისში “ბარსელონამ” იაპონიაში 2 თამაში ამ ფორმით ჩაატარა. კრუიფის მიერ გაწვრთნილ გუნდს მაისურზე JAL-ის (იაპონიის ავიახაზები) ლოგო ჰქონდა.

1992-1998 წლები

Meyba ჩაანაცვლა Kappa-მ, რომელმაც 90-იან წლებამდე არსებული ტენდენციები დაარღვია. ისტორიაში პირველად ლურჯი და წითელი ზოლები არაერთგვაროვანი გახდა და თეთრი ელემენტებიც შეიძინა, რაც იმ დროისთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. დიზაინში ცვლილებები კომერციული მიზნებით იყო განპირობებული, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ხშირად იცვლებოდა.
1992/1993 – 1994/1995
პირველი

პირველად ისტორიაში “ბარსელონას” ფორმაზე მცირე ზომის თეთრი დეტალები გაჩნდა. ამ ფერის დეტალები მაისურის სახელოებსა და შორტის გვერდებზე გამოჩნდა. მთელ მაისურზე წარწერები “Barca” იყო დატანილი. მაისური ხუთის ნაცვლად 4 ზოლისგან შედგებოდა.

მეორე

ისტორიაში პირველად “ბარსელონამ” მწვანე ფერის ფორმით ითამაშა, რომლის მაისურზეც წარწერები “Barca” იყო დატანილი.

საერთაშორისო

ამ ფორმით “ბარსელონა” საერთაშორისო მატჩებს ატარებდა. განსხვავებული იყო სახელოებისა და შორტის გვერდების დიზაინი. ამ მაისურზე წარწერები “Barca” არ იყო დატანილი და ის ტრადიციული 5 ვერტიკალური ზოლისგან შედგებოდა.

1995/1996 – 1996/1997
პირველი

წინა ვერსიაში გამოჩენილმა თეთრმა ელემენტებმა იკლო. მაისური კვლავ 5 ვერტიკალური ზოლისგან შედგებოდა.

მეორე

ფორმა ერთმანეთისგან განსხვავებული ტონალობის მწვანე ელემენტებისგან, ასევე წითელი და ლურჯი დეტალებისგან შედგებოდა.

1997/1998
პირველი

Kappa-ს მიერ შექმნილი ბოლო დიზაინი თეთრ ელემენტებს ინარჩუნებდა.

მეორე

წინა წლების მსგავსი დიზაინი, მაგრამ დომინანტი ფერი ნარინჯისფერია.

საერთაშორისო

საერთაშორისო თამაშებზე “ბარსელონა” არაერთგვაროვანი ზოლებისგან შემდგარი ფორმით თამაშობდა.

საერთაშორისო

საერთაშორისო გასვლით მატჩებში გუნდი მსგავსი დიზაინით თამაშობდა, მაგრამ დომინანტი ფერი ნარინჯისფერი იყო.

1998-2025 წლები

“ბარსელონა” გლობალური ბრენდი, ხოლო მაისურები შემოსავლის წყარო გახდა. ამის გამო ახალმა პარტნიორმა, Nike-მა რადიკალურად განსხვავებული დიზაინი შექმნა, რომელიც უფრო მკაფიო ფერებით გამოირჩევა. უკვე გასვლითი ფორმებიც ყოველწლიურად იცვლებოდა და გუნდს სტაბილურად მე-3 ფორმაც დაემატა. ცვლილებები შევიდა ფორმის მატერიაშიც – უფრო ელასტიკური, მსუბუქი და ჰაერგამტარი გახდა. სწორედ Nike-ს ფორმაზე დაიწერა “ბარსელონამ” ისტორიაში პირველად სპონსორის რეკლამა.
1998/1999
პირველი

თავის პირველივე დიზაინში Nike-მა სიახლე შემოიტანა – კლუბის ლოგო მაისურის ცენტრში იყო მოთავსებული. ეს კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

მეორე

Nike-მა ნარინჯისფერი შეინარჩუნა, მაგრამ ზოლების მიმართულება, ასევე შორტისა და გეტრების დიზაინი შეცვალა.

1999/2000
პირველი

მაისურის დიზაინი კლუბის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მაისური ორ, წითელ და ლურჯ ნაწილებად იყო გაყოფილი და ის “ბარსელონას” პირველ ფორმას წააგავდა. Nike-მა საყელოს დიზაინი შეცვალა და ეს დიზაინი რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა.

მეორე

ისტორიაში პირველად “ბარსელონამ” ნაცრისფერი ფორმით ითამაშა. მარტივი დიზაინის მაისური, რომელსაც გვერდებზე ლურჯი და წითელი ზოლები დაჰყვებოდა.

2000/2001
პირველი

ამ სეზონში “ბარსელონამ” სახელოზე სპეციალური ლოგო შეინარჩუნა, რომელიც კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

მეორე

მეორე ფორმა უცვლელი დარჩა.

2001/2002
პირველი

ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა. სახელოები ერთმანეთისგან განსხვავებული ფერის იყო.

მეორე

“ბარსელონას” ფორმაზე ოქროსფერი გამოჩნდა. მაისურის შუაში მსხვილი მუქი ლურჯი და წვრილი წითელი და ლურჯი ზოლები იყო განთავსებული.

მესამე

თურქეთში “გალათასარაისთან” გამართულ მატჩში “ბარსელონამ” ლურჯი მაისურით, წითელი შორტითა და გეტრებით ითამაშა.

2002/2003
პირველი

კლუბის ლოგო მაისურის მარცხენა მხარეს დაბრუნდა. ვერტიკალური ზოლები მართკუთხა აღარ იყო.

მეორე

ფორმის ძირითადი ფერი მუქი ლურჯი იყო, რომელსაც დიაგონალური ლურჯი და წითელი ზოლები ჰქონდა.

2003/2004
პირველი

დიზაინში სიახლე გამოჩნდა – მაისურის ქვედა ნაწილი მთლიანად წითელი იყო. შორტი Kappa-ს დროინდელ დიზაინს დაემსგავსა.

მეორე

“ბარსელონას” ფორმაში ახალი ფერი გამოჩნდა, რომელსაც მაისურსა და გეტრებზე წითელი და ლურჯი ჰორიზონტალური ზოლები დაჰყვებოდა.

2004/2005
პირველი

საყელოს დიზაინი მომრგვალებული გახდა.

მეორე

ლურჯი ფერის ორი ტონალობის ნაზავი წვრილი წითელი ვერტიკალური ზოლით.

2005/2006
პირველი

ისტორიაში პირველად ფორმაზე კატალონიის დროშა გამოჩნდა, ხოლო შორტების ფერად წითელი შეირჩა. მაისურის ზოლების რაოდენობა გაიზარდა.

მეორე

ახალი ფერის ფორმა, რომლის გაყიდვებმაც სწრაფი ტემპით იმატა.

2006/2007
პირველი

მაისურის წინა მხარეს UNICEF-ის ყვითელი ლოგო გაჩნდა.

მეორე

ნარინჯისფერი დიზაინი სახელოებისა და შორტების ბოლოებში ლურჯი და წითელი წვრილი ზოლებით.

2007/2008
პირველი

ლოგოს დიზაინი “სპოტიფაი კამპ ნოუს” 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მეორე

გასვლით მატჩებში გუნდი ლურჯი ფერის განსხვავებული ტონალობის ვერტიკალური ზოლებით თამაშობდა.

2008/2009
პირველი

Nike-მა 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორმის მსგავსი დიზაინი შექმნა, რომლის შიდა მხარესაც “ბარსელონას” ჰიმნის ტექსტი და წარწერა “Mes que un Club” (მეტი, ვიდრე კლუბი) გაჩნდა.

მეორე

80-იანი წლების დიზაინის მსგავსი, მცირედი ცვლილებებით. ამ შემთხვევაში ლურჯი და წითელი ვერტიკალური ზოლები მაისურის მარცხენა მხარეს განთავსდა.

2009/2010
პირველი

ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა როგორც მაისურზე, ასევე გეტრებზეც. საყელოსა და გეტრებზე ყვითელი ზოლი გაჩნდა.

მეორე

“ბარსელონამ” ახალი ფერის შემოღება გადაწყვიტა.

ჟოან გამპერის თასის

2009 წელს გამპერის თასისთვის “ბარსელონამ” სპეციალური დიზაინი შექმნა, რომლის მხოლოდ 1899 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ლურჯი მაისური წითელი, ნარინჯისფერი და ცისფერი ვერტიკალური ზოლებით ცენტრში და საქველმოქმედო ორგანიზაცია MES-ის ლოგოთი.

2010/2011
პირველი

ფორმის დიზაინში წითელი შორტი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მაისურის საყელოს ყვითელი კანტი მიუყვებოდა.

მეორე

“ბარსელონას” ფორმაზე მწვანე ფერი დაბრუნდა. მაისურს ერთი ჰორიზონტალური ლურჯ-წითელი ზოლი ჰქონდა.

2011/2012
პირველი

UNICEF-ის ლოგო მაისურის უკანა მხარეს გადავიდა, წინა მხარეს კი Qatar Foundation-ის რეკლამა განთავსდა. ფორმაზე არაერთგვაროვანი ვერტიკალური ზოლები გამოჩნდა.

მეორე

სრულად შავი ფორმა, რომელზეც წითელი და ლურჯი ელემენტები საერთოდ არ იყო.

2012/2013
პირველი

ვერტიკალური ზოლები ლურჯიდან წითელში გარდამავალმა დიზაინმა შეცვალა.

მეორე

ასევე გარდამავლობა ჰქონდა მეორე ფორმასაც, მაგრამ ფერებად ყვითელი და ნარინჯისფერი შეირჩა. გარდა ამისა, განსხვავებული იყო გარდამავლობის მიმართულებაც.

2013/2014
პირველი

Qatar Foundation-ის რეკლამა Qatar Airways-მა ჩაანაცვლა. სახელოებსა და გეტრებზე არაერთგვაროვანი წითელი და ლურჯი ზოლები გამოჩნდა.

მეორე

ისტორიაში პირველად ფორმის დიზაინი კატალონიის დროშისგან შედგებოდა. ეს ფორმა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი იყო.

მესამე

შავი ფორმა დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ყვითელი ელემენტებით.

2014/2015
პირველი

მაისურს მეორე სპონსორის, BEKO-ს ლოგო დაემატა, რომელიც სახელოზე განთავსდა. საყელოს წინა მხარეს კატალონიის დროშა გამოჩნდა.

მეორე

1992 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების პატივსაცემად მეორე ფორმა მთლიანად ნარინჯისფერი იყო.

მესამე

მესამე ფორმის ფერად ელექტრიკ ყვითელი შეირჩა, რომელსაც ნაპირებზე მუქი ზოლი მიუყვებოდა. სამკუთხა საყელოზე 3 ღილი გამოჩნდა.

2015/2016
პირველი

ისტორიაში პირველად “ბარსელონას” ფორმაზე, ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალური ზოლები გამოჩნდა. შორტის ფერად წითელი დაბრუნდა.

მეორე

ყვითელი მაისური და გეტრები, ლურჯი შორტი. მაისურის უკანა მხარეს კატალონიის დროშა იყო გამოსახული.

მესამე

ლურჯი ფორმა, რომელიც სახელოებისა და შორტის ბოლოში შავში გადადიოდა.

2016/2017
პირველი

ფორმის ინსპირაცია Meyba-ს მიერ 1990-იან წლებში შექმნილი დიზაინი იყო და ის იოჰან კრუიფის ლეგენდარულ “ოცნების გუნდს” მიეძღვნა.

მეორე

მეწამული მაისური და შორტი ვარდისფერი დეტალებითა და გეტრებით.

მესამე

მწვანე ფორმა არაერთგვაროვანი მუქი ჰორიზონტალური ზოლებით.

2017/2018
პირველი

შეიცვალა სპონსორი – “ბარსელონას” ფორმაზე იაპონური Rakuten-ის რეკლამა განთავსდა. მაისურის ვერტიკალური ზოლები არაერთგვაროვანი გახდა.

მეორე

კიდევ ერთი ფორმა ერთ ფერში, ამჯერად ცისფერში.

მესამე

მეორე ფორმის იდენტური დიზაინის, მაგრამ მუქი წითელი.

2018/2019
პირველი

წითელი ვერტიკალური ზოლების რაოდენობა გაიზარდა. შორტი უფრო მუქი გახდა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ გეტრებზე ვერტიკალური ზოლები დაბრუნდა.

მეორე

მწვანე ფერის ფორმა ლურჯი და წითელი დეტალებით.

მესამე

ღია ვარდისფერი ფორმა ქალაქ ბარსელონას ზედხედის ელემენტით.

2019/2020
კაცების პირველი

თუ 2015 წელს “ბარსელონას” მაისურზე ისტორიაში პირველად ჰორიზონტალური ზოლები გამოჩნდა, ამჯერად Nike-მა მორიგი სიახლე შემოგვთავაზა და ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთი რაიონის (Eixample) პატივსაცემად ფორმის დიზაინი კუბიკებით გააწყო. კატალონიის დროშამ ფორმის წინა მხარეს გადმოინაცვლა და ის უფრო ხილვადი გახდა.

ქალების მეორე

ისტორიაში პირველად “ბარსელონას” ქალთა გუნდის მაისურზე თავისი სპონსორის რეკლამა იყო დატანილი.

მეორე

“ლა მასიას” 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად “ბარსელონამ” მე-2 ფორმის ფერად ყვითელი კიდევ ერთხელ შეარჩია. ეს დიზაინი 1979 წლის ფორმის დიზაინს წააგავს. ყვითელ ფორმას ლურჯ-წითელი დიაგონალური ხაზები და ზურგზე კატალონიის დროშა ამშვენებს.

მესამე

გუნდის მე-3 ფორმა ქალაქ ბარსელონას ეძღვნება. ეს ფორმა 1996/97 წლების სეზონის ფორმას წააგავს. ამ ფორმას დანარჩენებისგან რეტროს სტილის V-ს ფორმის საყელო და Nike-ის განსხვავებული ლოგოს (წარწერიანი) განასხვავებს.

მეოთხე

სეზონის მე-2 ყვითელი ფორმა ისტორიაში პირველი მე-4 ფორმაა. ფორმას 4 წითელი დიაგონალური ხაზი აქვს და ის კატალონიის დროშას განასახიერებს. ფორმის სლოგანია “ეს ჩვენშია გამჯდარი” და ეს სლოგანი კლუბის ფესვებისკენ მიგვანიშნებს.

2020/2021
კაცების პირველი

“ბარსელონას” ფორმაზე ვერტიკალური ზოლები დაბრუნდა. ეს დიზაინი 1920-იანი წლების ფორმისას ჰგავს. სიახლეა ლურჯ და ბროწეულისფერ ზოლებს შორის წვრილი ყვითელი ზოლები, ასევე აღსანიშნავია ყვითელი ზოლი საყელოზე. შორტი ლურჯია, გვერდებზე ბროწეულისფერი ზოლებით, ხოლო წინდები მაისურის სტილშია, ოღონდ ვერტიკალური ზოლებით.

ქალების პირველი

მეორე

10 წლის განმავლობაში მესამედ მოხდა, რომ “ბარსელონას” სათადარიგო ფორმა შავი იყო. ამჯერად ეს მე-2 ფორმაა. სიახლეა ოქროსფერი ლოგო. ერთადერთი დეტალი, რომელიც არც შავია და არც ოქროსფერი, ზურგზე დატანილი პატარა დროშაა.

მესამე

მესამე ფორმა თითქმის ერთ ფერშია – ვარდისფერი, შავი და მწვანე მცირე დეტალებით. მწვანე და შავ ფერებშია კლუბის ლოგოც. მე-2 ფორმის მსგავსად ამ ფერებიდან “ამოვარდნილი” მხოლოდ ზურგზე განთავსებული მცირე დროშაა.

ელ კლასიკო

სიმბოლური მაისური განსაკუთრებული თამაშისთვის. ფორმის დიზაინს დამატებული აქვს ელემენტები, რომლებიც მას კატალონიის დროშას ამსგავსებს.

2021/2022
კაცების პირველი

კატალონიის მფარველის, წმინდა გიორგის ჯვარს ფორმაზე უფრო დიდი მნიშვნელობა დაეთმო და კლუბის ლოგოს გარდა ის უშუალოდ ფორმის დიზაინშიც გაითვალისწინეს. ჯვარი ტრადიციული თეთრისა და წითლის ნაცვლად “ბარსელონას” ლურჯ და ბროწეულისფერ ფერებშია. მაისურის ქვედა ნაწილში ტრადიციული ზოლები შენარჩუნებულია. სახელოები კი სხვადასხვა ფერისაა. აღსანიშნავია ასევე შორტის დიზაინი – ის ორ ფერადაა გაყოფილი.

ქალების პირველი

მეორე

“ბარსელონას” ფორმების ისტორიაში ახალი ფერი შემოდის – ლილისფერი. ეს ფორმა ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეძღვნება. ტრადიციული ლურჯი და ბროწეულისფერი მხოლოდ ფორმის გვერდებზე არსებულ ზოლებში შეგვიძლია დავინახოთ.

ევროტურნირები

სპეციალურად ევროტურნირებისთვის შექმნილი ფორმა ამ სეზონის სიახლეა. მისი დიზაინი ქალაქ ბარსელონას 5 რაიონის ელემენტებითაა გადაწყვეტილი.

2022/2023
პირველი

Spotify-სთან “ბარსელონას” თანამშრომლობა ფორმით იწყება, რომლის ინსპირაციაც 1992 წლის ბარსელონას ზაფხულის ოლიმპიური თამაშებია. ლურჯ და წითელ ვერტიკალურ ზოლებს კიდევ 2 მუქი ლურჯი ზოლი აქვს დამატებული. ეს ფერი ფორმის სახელოებში, შორტებსა და გეტრებშიცაა გამოყენებული.

მეორე

პირველი ფორმის მსგავსად მეორე ფორმის ინსპირაციაც 1992 წლის ოლიმპიური თამაშებია. ამ შემთხვევაში ფორმის ფერად ოლიმპიური ოქროს ფერია შერჩეული. მაისურის სახელოებზე ოლიმპიური რგოლებია გამოსახული. გარდა ამისა, ფორმაზე ქალაქ ბარსელონას კონტური შეინიშნება.

მესამე

მესამე ფორმა ღია ნაცრისფერია, რომელზეც დიდი ზომის ლურჯ-წითელ ჯვარს ვხედავთ.

2023/2024
პირველი

ახალი ფორმა სიმარტივითა და ელეგანტურობით გამოირჩევა და ყველაზე კლასიკურ დიზაინებს მოგვაგონებს. ცენტრალურ ნაწილში მხოლოდ სამი ზოლი გვხვდება: შუაში ერთი ლურჯი, ხოლო გვერდებზე ორი შინდისფერი ზოლია მოთავსებული. მაისურის საყელოზე, გვერდებსა და შორტებზე ასევე ლურჯი ფერი დომინირებს, სახელოები და წინდები კი შინდისფერია.

მეორე

თეთრი მაისური ლურჯი და წითელი სახელოებით. ეს დიზაინი 1970-იანი წლების იოჰან კრუიფის ეპოქის თეთრი ფორმის შთაგონებით შეიქმნა.

მესამე

ღია ფირუზისფერი მაისური, რომელზეც “ბარსელონას” დნმ-ის ნიშნად ტრადიციული ფერებია დატანილი.

2024/2025
პირველი

კლუბის 125 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფორმა შუაზეა გაყოფილი, ლოგო კი ცენტრშია განთავსებული. ეს დიზაინი 1899 წლის პირველ ფორმას ზუსტად იმეორებს.

მეორე

შავი ფორმა, რომელსაც გვერდებზე წითელი და ლურჯი დეტალები გასდევს. ლოგოც შავ ფერშია გადაწყვეტილი.

მესამე

ღია მწვანე ფორმა, რომელზეც ტრადიციული ფერები და სპონსორის განსხვავებული ლოგოა დატანილი.

2025/2026
პირველი

მაისურს ტრადიციული ლურჯი და ბროწეულისფერი ვერტიკალური ზოლები აქვს, რომელთაც ცენტრისკენ თანდათანობითი გადასვლა ახასიათებთ. ეს უნიკალური დიზაინი “ბარსელონას” ფორმას განსხვავებულ და თანამედროვე იერს ანიჭებს.

მეორე

ეს ფორმა კობი ბრაიანტის (Mamba) ბრენდთან კოლაბორაციით შეიქმნა. მაისურის მთავარი ფერი ღია მოყვითალო-ოქროსფერია, რომელსაც შავი და იისფერი დეტალები ამშვენებს.

მესამე

ეს მკვეთრი ნარინჯისფერი მაისური მუქი ლურჯი დეტალებით “Total 90” სტილზეა დაფუძნებული. დიზაინი 2009 წლის ისტორიული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფორმას მოგვაგონებს.

მეკარეების ფორმები

კლუბის ისტორიის პირველი დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მეკარეები მაღალსაყელოიან მაისურებს ატარებდნენ. “ბარსელონას” ბოლო სამ დიდ მეკარეს კი ერთი რამ აერთიანებს – მწვანე ფორმა.
სამორა

რიკარდო სამორამ “ბარსელონაში” მხოლოდ 3 წელი ითამაშა, მაგრამ ის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. სურათების უმრავლესობაში მას მაღალი, ძირითადად თეთრი საყელოიანი მაისური აცვია.

პლატკო

უნგრელი მეკარე ფერენც პლატკო მაღალსაყელოიან ფორმას ატარებდა. არსებობს ცნობილი სურათი, სადაც მას გუნდის სხვა წევრებისგან სწორედ საყელო გამოარჩევს.

ნოგუესი

მისი წინამორბედების მსგავსად, არაგონელი მეკარე ხუან ხოსე ნოგუესიც, რომელიც “ბარსელონაში” 30-იან და ადრეულ 40-იან წლებში თამაშობდა, მაღალსაყელოიან ფორმას ატარებდა.

რამალიეტსი

ანტონი რამალიეტსსაც გუნდელებისგან, ფერის გარდა, საყელოს დიზაინი გამოარჩევდა.

სადურნი

განსხვავებული დიზაინით თამაშობდა სალვადორ სადურნი, რომელმაც კლუბში 15 წელი დაყო.

ურუტი

ურუტის ყველაზე ცნობილი ფორმა სწორედ ისაა, რომელიც მას “ვალიადოლიდთან” ლეგენდარულ მატჩში ეცვა: Meyba-ს ლურჯი გეტრები, შორტი და მაისური, წითელი საყელოთი.

სუბისარეტა

ანდონი სუბისარეტა ყველას მისთვის დამახასიათებელი მწვანე მაისურითა და შავი შორტით ახსოვს.

ვალდესი

ვიქტორ ვალდესის დროს ფორმის დიზაინი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ის ყველაზე მეტად პარიზის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფორმით დაგვამახსოვრდა.

ტერ შტეგენი

ტერ შტეგენიც, ძირითადად, მწვანე ფორმით თამაშობს, თუმცა ასევე გვახსოვს წითელი და შავი ფორმებიც.