18 წლის ალექს კამპოსმა “საბაჰთან” შეხვედრაში ლა მასიას ნებისმიერი აღსაზრდელის ოცნება აიხდინა. მცველი მოედანზე 64-ე წუთზე გავიდა, როდესაც “ბარსელონა” ანგარიშით 4-1 იგებდა.
აიტონაში დაბადებული ფეხბურთელი ლა მასიას მე-12 აღზრდილია, რომელსაც ჰანსი ფლიკმა პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. შეხვედრის შემდეგ კამპოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ოცნება რეალობად იქცა. მოედანზე ყოფნისას ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. მხოლოდ ისღა დამრჩენია, მადლობა გადავუხადო გუნდსა და “ბარსელონას” ყველა წარმომადგენელს.”
ახალგაზრდა მცველს ჰკითხეს, თუ რა უთხრა ჰანსი ფლიკმა მოედანზე გასვლის წინ.
“მითხრა, რომ ისეთივე თავდაჯერებული ვყოფილიყავი, როგორიც ვარჯიშებზე ვარ და მეკეთებინა ის, რაც ვიცი. “ბარსელონა” ლა მასიას ძალიან ენდობა და ეს ყველა ახალგაზრდას გვაძლევს მოტივაციას, ვიმუშაოთ, რათა ერთ დღეს პირველ გუნდში დებიუტი გვქონდეს.”
ბოლოს კამპოსს ჰკითხეს, ხედავს თუ არა საკუთარ თავს მომავალში “ბარსელონას” ძირითად ცენტრალურ მცველად.
“ამისთვის უნდა ვიმუშაო.”




forum კომენტარები (0)