ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ვილიარეალთან” შეხვედრაში გაძევების გამო “ბარსელონას” ნახევარმცველ ფერმინ ლოპესს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
22 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ფერმინმა წითელი ბარათი მას შემდეგ მიიღო, რაც ის უკვე შეცვლილი იყო და სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მატჩის მთავარი არბიტრის, ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესის ოქმის თანახმად, ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან წამოდგა, მეოთხე მსაჯს მიუახლოვდა და მისი გადაწყვეტილება ხმამაღლა რამდენჯერმე გააპროტესტა.
სადისციპლინო კომიტეტმა ფერმინის ქმედება მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებად შეაფასა და არა მსაჯის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვად.
ფეხბურთელი სადისციპლინო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე დასაჯეს, რომელიც მსაჯების მიმართ პროტესტის გამოხატვისთვის, თუ ქმედება უფრო მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, ორიდან სამ მატჩამდე ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
ფერმინ ლოპესი ლა ლიგის მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს:
- 29 ნოემბერი, 19:15 – დეპორტივო-ბარსელონა;
- 3 დეკემბერი, 00:30 – ბარსელონა-ატლეტიკო.
“ატლეტიკოსთან” შეხვედრა, რომელიც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება, ესპანეთის სუპერ თასის გამო წინასწარ გადმოტანილი მატჩია.
სადისციპლინო კომიტეტმა “ბარსელონას” მიერ წარდგენილი არგუმენტები არ გაითვალისწინა. Mundo Deportivo-ს ცნობით, სააპელაციო კომიტეტში გადაწყვეტილების წარმატებით გასაჩივრების შანსიც მცირეა, რადგან ფერმინს რეგლამენტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი დაეკისრა.




forum კომენტარები (0)