“ბარსელონა” დღეს, 24 ნოემბერს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტს ფერმინ ლოპესის წითელ ბარათთან დაკავშირებით წერილობით განმარტებებს წარუდგენს. კლუბის მიზანია, 23 წლის ნახევარმცველის დისკვალიფიკაცია მაქსიმუმ ერთი მატჩით შემოიფარგლოს.
ფერმინი 22 ნოემბერს, “ვილიარეალთან” 3-2 მოგებულ შეხვედრაში, 74-ე წუთზე გააძევეს, როდესაც ის უკვე შეცვლილი იყო და სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
მთავარმა მსაჯმა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესმა მატჩის ოქმში გაძევების მიზეზი ასე განმარტა:
“ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან ადგა, მეოთხე მსაჯს ძალიან ახლოს მიუახლოვდა და ხმამაღლა აპროტესტებდა გადაწყვეტილებას. მან რამდენჯერმე გაიმეორა: ‘¡No me jodas!'”
ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ფერმინმა მოედანი დატოვა და გასახდელში წავიდა მანამდე, სანამ მსაჯი მისთვის წითელი ბარათის ჩვენებას მოასწრებდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” პოზიციაა, რომ ფერმინს მეოთხე მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. კლუბის აზრით, მისი რეაქცია მატჩის დაძაბულობით იყო გამოწვეული. კატალონიელები შეხვედრის დასაწყისში 0-2 აგებდნენ და ანგარიშის შემობრუნებისთვის იბრძოდნენ.
“ბარსელონას” იურიდიული სამსახური შეეცდება დაამტკიცოს, რომ ფეხბურთელის საქციელი ერთჯერადი არასათანადო ქცევა იყო და არა მსაჯის გადაწყვეტილების ოფიციალური ფორმით გაპროტესტება.
კლუბი იმედოვნებს, რომ საშეჯიბრო კომიტეტი მომხდარს სხვა დისციპლინური მუხლით შეაფასებს, რაც ფერმინის სასჯელის ერთ მატჩამდე შემცირების შესაძლებლობას შექმნის. თუ კატალონიელები მიზანს მიაღწევენ, ესპანელი ნახევარმცველი “დეპორტივოსთან” დაპირისპირებას გამოტოვებს და გუნდს “ატლეტიკოსთან” მატჩში დაეხმარება.




forum კომენტარები (0)