“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” გასამართი შეხვედრის წინ “რეალ მადრიდს” ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით მუდმივი თავდასხმების გამო უპასუხა.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა იხუმრა, რომ “ბარსელონას” სახელის ასე ხშირად გამოყენებისთვის მადრიდელებს ფულადი ანაზღაურება უნდა მოსთხოვოს. ლაპორტას აზრით, ამგვარად მადრიდული კლუბი საკუთარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
“გარკვეულწილად, ისინი საკუთარი თავის რეკლამირებას “ბარსელონას” ხარჯზე ახდენენ. ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც მათთვის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა მოგვიწევს, რადგან ისინი ჩვენს იმიჯს არამართლზომიერად იყენებენ.
ერთადერთი, რასაც ვხედავ, ისაა, რომ “რეალ მადრიდი” “ბარსელონაზე” საუბარს არ წყვეტს. საბოლოოდ, მათთვის თანხის მოთხოვნა მოგვიწევს. მხოლოდ ამაზე საუბარი იციან. ვფიქრობ, ისინი ყურადღების გადატანას ცდილობენ სხვა პრობლემებიდან, რომლებიც თავად აქვთ. ორი წელია, არაფერი მოუგიათ. გარდა ამისა, კლუბის ნაწილის გაყიდვაზეც ფიქრობენ.
ჩვენ კი “ბარსელონას” ინტერესებს ვიცავთ.”
ლაპორტას ასევე ჰკითხეს “ვილიარეალთან” შეხვედრაში ფერმინ ლოპესის გაძევების შესახებ. პრეზიდენტის აზრით, ფეხბურთელის რეაქცია მატჩის დროს არსებული დაძაბულობით იყო გამოწვეული. ის იმედოვნებს, რომ ფერმინი მკაცრად არ დაისჯება.
“სასჯელის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ “ბარსელონას” ინტერესებს ვიცავთ და ვეცდებით, სასჯელი მინიმალური იყოს. საბედნიეროდ, როგორც მახსოვს, მსაჯმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მსაჯმა აგვიხსნა, რა უთხრა მას ფეხბურთელმა და როგორი რეაქცია ჰქონდა მას მატჩის დროს. დაძაბულ მომენტებში მსგავსი რამ ხდება. ჩვენ პატივს ვცემთ სამსაჯო ინსტიტუტსა და მსაჯებს და ვფიქრობთ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. ზოგჯერ მათი გადაწყვეტილებები ჩვენს შეხედულებებს არ ემთხვევა.
ვფიქრობ, ჰანსი სწორად იქცევა, როდესაც საკუთარ აზრს გამოთქვამს. ეს მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, რათა მატჩის დროს ყველამ თავისი მოვალეობა მაღალ დონეზე შეასრულოს.”




forum კომენტარები (0)