“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე შორეული გასვლითი მატჩი ელის. ჰანსი ფლიკის გუნდი აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ადგილობრივ ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ “საბაჰს” დაუპირისპირდება.
კატალონიელები შეხვედრის აშკარა ფავორიტები არიან, თუმცა ლამინ იამალის გარეშე მოუწევთ თამაში. აზერბაიჯანული გუნდისთვის კი ეს 9-წლიანი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია.
ზოგადი ვითარება
ჩემპიონთა ლიგის პირველი ოთხი ტურის შემდეგ “ბარსელონა” 9 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მე-5 ტურის სამშაბათის შეხვედრების შემდეგ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. კატალონიელებმა ოთხი თამაშიდან სამი მოიგეს, ერთი წააგეს, 14 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.
“საბაჰს” ოთხ შეხვედრაში ერთი მოგება და სამი წაგება აქვს. აზერბაიჯანული გუნდი 3 ქულით 31-ე ადგილზეა. მისი გატანილი და გაშვებული გოლების შეფარდება 4-10-ზეა.
“ბარსელონას” მიზანი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა და მერვედფინალში პირდაპირ გასვლაა, “საბაჰი” კი საუკეთესო 24 გუნდს შორის მოსახვედრად იბრძვის.
ბაქოში გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ფლიკის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ ტურში “მანჩესტერ სიტისთან”, ლისაბონის “სპორტინგთან” და “კომოსთან” უწევს თამაში.
“საბაჰი” 2017 წელს დაარსდა. კლუბმა პირველი მნიშვნელოვანი ტიტული 2025 წელს მოიგო, როდესაც აზერბაიჯანის თასს დაეუფლა. გასულ სეზონში ვალდას დამბრაუსკასის გუნდმა დუბლი შეასრულა – ქვეყნის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოიგო და თასიც შეინარჩუნა.
სათამაშო ფორმა
“ბარსელონამ” ოქტომბერში პსჟ-სთან და “რეალ მადრიდთან” ზედიზედ განცდილი მარცხების შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და ბოლო ოთხი შეხვედრა მოიგო. ამ თამაშებში კატალონიელებმა 14 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს.
“ბარსელონას” ბოლო 5 მატჩის შედეგები:
- ბარსელონა 3-2 ვილიარეალი
- ატლეტიკო 1-2 ბარსელონა
- ბარსელონა 3-0 ასტონ ვილა
- ბარსელონა 6-1 ალავესი
- ბარსელონა 1-2 რეალ მადრიდი
ბოლო ხუთ შეხვედრაში “ბლაუგრანას” 4 მოგება, 1 წაგება, 15 გატანილი და 6 გაშვებული გოლი აქვს.
ლა ლიგაში “ბარსელონამ” 13 შეხვედრიდან 12 მოიგო. კატალონიელები 36 ქულით ცხრილის სათავეში იმყოფებიან და “რეალ მადრიდს” 3 ქულით უსწრებენ.
მიუხედავად კარგი შედეგებისა, ფლიკის გუნდს კვლავ აქვს პრობლემები დაცვაში. ამის ნათელი მაგალითი “ვილიარეალთან” კვირას გამართული შეხვედრაა, რომელშიც კატალონიელები მე-7 წუთისთვის უკვე 0-2 მარცხდებოდნენ. მეორე ტაიმში “ბარსამ” ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანა და თამაში შემოატრიალა.
საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ თუ ლიგის ეტაპზე ჩატარებულ ბოლო 12 გასვლით შეხვედრაში “ბარსელონას” გოლი ყველა მატჩში აქვს გაშვებული.
“საბაჰმა” ბოლო შეხვედრაში სტუმრად “სუმგაითი” 5-1 გაანადგურა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
“საბაჰის” ბოლო 5 მატჩის შედეგები:
- სუმგაითი 1-5 საბაჰი
- საბაჰი 2-2 შამახი
- ვიკინგი 4-1 საბაჰი
- თურან თოვუზი 3-2 საბაჰი
- საბაჰი 0-0 ყარაბაღი
აზერბაიჯანულ გუნდს ბოლო ხუთ შეხვედრაში 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, 10 გატანილი და ამდენივე გაშვებული გოლი აქვს.
ქვეყნის ჩემპიონატში “საბაჰი” 11 თამაშში მოპოვებული 24 ქულით მე-2 ადგილზეა და ერთი მატჩით მეტის ჩამტარებელ “ნეფთჩის” 3 ქულით ჩამორჩება. დამბრაუსკასის გუნდი 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, 27 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპზე აზერბაიჯანელები “მანჩესტერ იუნაიტედთან” (0-4), დორტმუნდის “ბორუსიასთან” (1-2) და ნორვეგიულ “ვიკინგთან” (1-4) დამარცხდნენ, პრაღის “სლავიას” კი 2-0 სძლიეს.
“საბაჰის” ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი 32 წლის ჯოი-ლანს მიკელსია, რომელმაც გასულ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 19 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, საკვალიფიკაციო ეტაპების ჩათვლით, მას 5 გოლი აქვს, ხოლო სერბ ველკო სიმიჩს – 6.
დანაკლისი
“ბარსელონას” ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი ლამინ იამალია. 19 წლის ფეხბურთელს მარჯვენა კოჭი აწუხებს, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა მისი ბაქოში წაყვანა არ გარისკა.
იამალი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” ოთხივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და ოთხივე მატჩი სრულად ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ტრავმების გამო კატალონიელებს კვლავ ვერ ეხმარებიან როდრი, ანდრეას კრისტენსენი, ჩავი ესპარტი და რუნი ბარდჯი. მცირე ფიზიკური პრობლემების გამო ბაქოში არც ჰამზა აბდელკარიმი გაემგზავრა.
კარგი ამბავია პაუ კუბარსის დაბრუნება. ახალგაზრდა ცენტრალური მცველი განაცხადშია და ფლიკმა დაადასტურა, რომ მას თამაში შეუძლია, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა შესაძლოა ფეხბურთელს დასვენების დამატებითი საშუალება მისცეს.
მატჩის წინ კითხვის ნიშანი გაჩნდა ჟოან გარსიას მონაწილეობასთან დაკავშირებითაც. მეკარეს მუხლის არეში დისკომფორტი აქვს. თუ სამწვრთნელო შტაბი მის დასვენებას გადაწყვეტს, ძირითად შემადგენლობაში დომინიკ ლივაკოვიჩის ხილვაა მოსალოდნელი.
“ვილიარეალთან” შეხვედრაში გაძევებული ფერმინ ლოპესი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს შეძლებს, რადგან ლა ლიგაში მიღებული წითელი ბარათი ევროტურნირზე არ ვრცელდება.
“ბარსელონას” 22-კაციან განაცხადში მოხვდნენ მეორე გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჯესი ბისივუ და ალექს კამპოსი.
“საბაჰს” დისკვალიფიკაციის გამო სამხრეთაფრიკელი ცენტრალური მცველი ეიდენ მაკკარტი დააკლდება. საეჭვოა დაზიანების მქონე აბდულახ ხაიბულაევისა და ველკო სიმიჩის მონაწილეობაც. ამ უკანასკნელის არყოფნა აზერბაიჯანული გუნდის შეტევითი პოტენციალისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონას” და “საბაჰს” ერთმანეთთან აქამდე არასდროს უთამაშიათ. მეტიც, კატალონიელები ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან აზერბაიჯანულ კლუბს.
ბაქოში გამგზავრებით “ბარსელონამ” საკუთარი რეკორდიც დაამხო. ბარსელონასა და ბაქოს შორის მანძილი 3 970 კილომეტრია, რაც კატალონიური კლუბის ისტორიაში ევროტურნირის მატჩისთვის ყველაზე შორეული მგზავრობაა.
წინა რეკორდი ყაზანს ეკუთვნოდა, რომელიც ბარსელონადან 3 725 კილომეტრითაა დაშორებული. პეპ გვარდიოლას გუნდმა ყაზანის “რუბინთან” სტუმრად 2009 და 2010 წლებში ითამაშა და ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” აზერბაიჯანში პირველად თამაშობს, ენტონი გორდონს ამ ქვეყანაში შესანიშნავი მოგონებები აკავშირებს. გასულ სეზონში ინგლისელმა შემტევმა “ნიუკასლის” მაისურით ბაქოში “ყარაბაღს” მხოლოდ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუტანა.
საინტერესო სტატისტიკა
- “საბაჰის” ევროტურნირებზე ჩატარებული 13 საშინაო შეხვედრიდან 8 მოგებით, 5 კი წაგებით დასრულდა.
- აზერბაიჯანული გუნდის ევროტურნირებზე ჩატარებული 26 მატჩიდან არცერთი დასრულებულა უგოლოდ.
- ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე ჩატარებულ “ბარსელონას” ბოლო 22 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა. ამ მატჩებში ჯამში 105 გოლი გავიდა, საშუალოდ 4.77 თამაშში.
- ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 შეხვედრიდან “ბარსელონამ” 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.
რაფინიას “ბარსელონას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 23 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად კლუბის ისტორიაში მე-3 ადგილს იკავებს. ბრაზილიელზე მეტი გოლი მხოლოდ ლიონელ მესისა (120) და ლუის სუარესს (25) აქვთ.
დღევანდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება პედრისთვისაც, რომელიც 24 წლის ხდება.
მსაჯი
“საბაჰისა” და “ბარსელონას” შეხვედრას 35 წლის შოტლანდიელი არბიტრი ნიკ უოლში განსჯის.
უოლში შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში 2016 წლიდან მსაჯობს, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კი 2018 წლიდანაა.
მიმდინარე სეზონში შოტლანდიელმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპზე უკვე განსაჯა “ლაიფციგისა” და პსვ-ს, ასევე ლისაბონის “სპორტინგისა” და ლასკ-ის შეხვედრები.
2016 წლის 9 აპრილიდან 2026 წლის 21 ოქტომბრამდე აღრიცხული 313 შეხვედრის მიხედვით უოლშის სტატისტიკა ასეთია:
- თამაში: 313
- ყვითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 4.14
- წითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 0.20
- დანიშნული პენალტი: 103
- პენალტი საშუალოდ თამაშში: 0.33
- მასპინძელთა მოგება: 46.65%
- ფრე: 21.09%
- სტუმართა მოგება: 32.27%
როგორც “ბარსელონას”, ასევე “საბაჰის” შეხვედრაში ნიკ უოლში პირველად იმსაჯებს.
ვიდეორეფერის ფუნქციას ასევე შოტლანდიელი ენდრიუ დალასი შეასრულებს.
მწვრთნელები მატჩის წინ
ჰანსი ფლიკი (ბარსელონა)
“საბაჰს” ლა ლიგაში თამაში შეეძლებოდა, რადგან ძალიან კარგი სათამაშო ფილოსოფია აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოედანზე სწორი განწყობითა და სათანადო ინტენსივობით გავიდეთ.
გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მეტოქე ბურთით თამაშს ამჯობინებს და შეტევების საკუთარი კარიდან დაწყებას არ ერიდება. ფლიკმა არც შემადგენლობაში ცვლილებები გამორიცხა, რადგან წლის ბოლომდე მის გუნდს დატვირთული კალენდარი აქვს.
ვალდას დამბრაუსკასი (საბაჰი)
თუ “ბარსელონასთან” მატჩისთვის ფეხბურთელების მოტივირება გჭირდებათ, ესე იგი არასწორი ფეხბურთელები გყავთ.
შიში არ უნდა გამოვავლინოთ, რადგან ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა.
ლიეტუველი სპეციალისტის თქმით, დადებითი შედეგის მისაღწევად შესაძლოა მისი ფეხბურთელების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი. მიუხედავად ამისა, დამბრაუსკასს სურს, რომ მისმა გუნდმა ამ ისტორიული შეხვედრით სიამოვნება მიიღოს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
ვალდას დამბრაუსკასის პრესკონფერენცია.
სავარაუდო შემადგენლობები
საბაჰი (4-3-3): პოკატილოვი – ზედადკა, დაშდამიროვი, სოლვე, პუხაჩი – ლეპინიცა, რახმონალიევი, დუ კეიროში – პარისი, მიკელსი, ნვაჩუკვუ.
ბარსელონა (4-2-3-1): ჟოან გარსია – კუნდე, დე იონგი, მარტინი, კანსელუ – ბერნალი, პედრი – ადეიემი, ფერმინი, გორდონი – რაფინია.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sports Mole: 1-3
- Squawka: 1-3
- Football Whispers: 1-4




აზერბაიჯანული კლუბიო და მე მგონი ერთია ადგილობრივი. რეალის სტილის გუნდია ბევრი და უფრო მეტი გასტროლიორი. ფეხბურთელების აღზრდის დრო სადა აქვთ ტიტულებს თვლიან.
ბელონგემი რა კლასნია, კეინსაც გავკარი ბაპესაც და იამალსაც, ჩემი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდია. პედრის ვადარებდით და ფლიკმა გააფუჭა ასე მგონია, ჩავის დროინდელი პედრი უფრო მომწონდა მე პირადად. ასე მგონია უკონკურენტოა თავის პოზიციაზე ბელინგემი, გაასწორებდა ჩვენთა რომ იყოს. დანი ოლმოა კლასით მასთან მარა რადგინდა, არათამაშებენ რეგულარულად. პეპი ან ლუჩო რომ გვყავდეს ცენტრში ნებისმიერს შევჭადით ისეთი ფეხბურთელები გვყავს. ყურადღებით დააკვირდენ ფაბრეგასს და მოყვაის შანსი არ გაუშვან ხელიდან.