ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-5 ტურში აზერბაიჯანულ “საბაჰთან” გასამართი მატჩის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საბაჰის შესახებ
ეს არის გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს. ისინი დაცვიდან შეტევის დაწყებისას გაბედულად მოქმედებენ. მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე სწორი განწყობით გავიდეთ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის.
ლამინ იამალის ბარსელონაში დატოვების გადაწყვეტილებაზე
მის გარეშე ადრეც გვითამაშია. გუშინ დილით გადავწყვიტეთ, რომ ის სახლში დარჩენილიყო. ვიმედოვნებთ, რომ კარგად გამოჯანმრთელდება და რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება.
იმ ფეხბურთელებისთვის სათამაშო დროის მიცემაზე, რომლებიც შედარებით იშვიათად თამაშობენ
ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ. წლის ბოლომდე ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელს ჰქონდეს სათამაშო დრო. შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად კარგად ვმართოთ.
რა მოსწონს ყველაზე მეტად ფრენკი დე იონგში
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თავად შემოგვთავაზა ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, სადაც მისი დახმარება დაგვჭირდებოდა. განსაკუთრებით მომეწონა მისი მზადყოფნა, გუნდს იქ დაეხმაროს, სადაც ეს საჭირო იქნება. ფრენკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ის ამ პოზიციაზეც გვჭირდება. ვნახოთ, სად ითამაშებს ხვალ, მაგრამ მისი თამაშის მაღალი დონით კმაყოფილი ვარ.
პაუ კუბარსის მდგომარეობაზე
ის უკვე მზადაა სათამაშოდ. მისი პრობლემა არც სერიოზული ყოფილა და არც სახიფათო, თუმცა შესაძლოა, გამოჯანმრთელებისთვის მეტი დრო მივცეთ. მას ხვალ თამაშიც შეუძლია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ფეხბურთელების მოტივაციაზე
არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია სჭირდებათ. ეს ჩემპიონთა ლიგაა და მათ ამ ტურნირზე თამაში უყვართ. “საბაჰი” ამ ტურნირზე სადებიუტო სეზონს ატარებს და ძალიან მოტივირებული იქნება. გვინდა, რომ ხვალ ჩვენს ფეხბურთელებსაც ასეთივე განწყობა ჰქონდეთ.
მსაჯების მიმართ გამოხატულ ემოციებზე
არ ვარ დარწმუნებული, რომ თარგმანი საუკეთესო იყო, მაგრამ ბოლო დროს ბევრი ემოცია იყო სათადარიგოთა სკამზე, მოედნის მიღმა და თავად მოედანზეც. ეს შესამჩნევი იყო. ჩვენი აზრით, იყო გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვაგვარად უნდა მიეღოთ და ამის შესახებ ვთქვით კიდეც, განსაკუთრებით მეოთხე მსაჯთან.
ჩვენი აზრით, მან კარგად ვერ იმუშავა და იმედი მაქვს, მსაჯთა ამას კომიტეტიც დაინახავს. ჩვენ ვცდილობთ, მათ გავუგოთ და ველით, რომ ისინიც გაგვიგებენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თანასწორ დონეზე კომუნიკაციაზეა საუბარი. სასიამოვნო არაა, როდესაც ზემოდან გვესაუბრებიან.
ჩვენ შეგვიძლია, უკეთ მოვიქცეთ, მაგრამ მათგანაც იგივე უნდა მოვითხოვოთ. ფერმინს სათადარიგოთა სკამის ბოლო რიგში დავსვამთ, რომ ეს აღარ განმეორდეს (ხუმრობს), თუმცა ხვალ მას თამაში შეუძლია.
პენალტების შესრულებაზე
ფეხბურთელებთან ამ საკითხზე ჯერ არ მისაუბრია, რადგან ხვალ ასეთი სიტუაცია ვერ შეიქმნება – ლამინი ბარსელონაშია. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეხბურთელმა პენალტი ვერ გაიტანა. მნიშვნელოვანია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის სურვილი გაგვიღვივდა და ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ფეხბურთელები აკეთებენ.
საბაჰისა და ბარსელონას სათამაშო ფილოსოფიას შორის მსგავსებაზე
ამ საკითხზე ანალიტიკოსებთან უკვე ვისაუბრეთ. ვხედავთ, რომ “საბაჰს” ლა ლიგაში თამაში შეეძლებოდა, რადგან ძალიან კარგი სათამაშო ფილოსოფია აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მოედანზე სწორი განწყობით გავიდეთ და სათანადო ინტენსივობით ვითამაშოთ.




ბოლო რიგში კი არა შეცვლისთანავე უნდა გაუშვა გასახდელში, ვისაც ნერვები არ ჰყოფნის. თითქოს ტრავმირებულები გვაკლდეს და ჯანმრთელები არაფრის გამო ტოვებენ მატჩებს. ამბობენ 2 თამაშს მაინც გამოტოვებსო და ეს გვინდა? ან მსაჯთან რო საქმის გასარჩევად მიდიხარ ჯერ რა უფლება გაქვს და მეორეც არ იცი რითი მთავრდება ეგეთი გამოხტომები?