ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მე-5 ტურში აზერბაიჯანულ “საბაჰთან” გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს “ბარსელონას” ერთ-ერთმა კაპიტანმა, ფრენკი დე იონგმა უპასუხა.
საბაჰთან მატჩზე
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მატჩი კარგად დავიწყოთ. “საბაჰი” საკმაოდ კარგად თამაშობს და მის დასამარცხებლად ჩვენც კარგად უნდა ვითამაშოთ.
კაპიტნობასა და ზაფხულში მიღებულ ტრავმაზე
ტრავმისა და ზაფხულში მომხდარი ამბების შესახებ უკვე ბევრი ვისაუბრე. მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და ვცდილობ, ყურადღება იმაზე გავამახვილო, რაც ამჟამად ხდება.
გრძნობს თუ არა, რომ როდრის მოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი საფრთხეშია
არა. ტრავმა მქონდა, ახლა კი დავბრუნდი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში თამაში მსურს.
ვილიარეალთან მატჩის ცუდად დაწყებაზე
არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემაა. მე-7 წუთზე 0-2 ვაგებდით. პირველი გოლი ტექნიკურ შეცდომას მოჰყვა, რის შემდეგაც “ვილიარეალმა” შესანიშნავი გოლი გაიტანა. მეორე შემთხვევაც მსგავსი იყო. ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მათ კი – არა. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. არ ვფიქრობ, რომ მატჩების ცუდად დაწყება ჩვენი პრობლემაა.
ლამინ იამალის არყოფნაზე
როდესაც ისეთი ფეხბურთელი არ თამაშობს, როგორიც ლამინია, ეს ყოველთვის შესამჩნევია. ის წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, რომელიც დამოუკიდებლად ძალიან ბევრ მომენტს ქმნის. ასეთი მოთამაშის არყოფნას აუცილებლად იგრძნობ, თუმცა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს და მის გარეშეც უნდა შეგვეძლოს გამარჯვება.
საკუთარ უნივერსალურობაზე
როგორც უკვე ვთქვი, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როდესაც “ბარსელონაში” თამაშობ, ყოველთვის უნდა დაამტკიცო, თუ რისი გაკეთება შეგიძლია. რაც შეეხება უნივერსალურობას, საკუთარ თავს ნახევარმცველად მივიჩნევ და ყველამ იცის, რომ ამ პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ თუ გუნდს ან მწვრთნელს სხვა პოზიციაზე ჩემი თამაში დასჭირდება, ამას ყოველთვის გავაკეთებ.
ცენტრალურ მცველად თამაშის დაწყებაზე
ფლიკმა რამდენიმე ვარჯიშზე ამ პოზიციაზე დამაყენა, რათა ენახა, როგორ ვითამაშებდი. ვფიქრობ, “ალავესთან” მატჩში ჩათვალა, რომ ცენტრალურ მცველად ვჭირდებოდი და ყველაფერი იქიდან დაიწყო.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე
ვფიქრობ, ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვთამაშობთ და ყოველწლიურად ჩვენგან ამ ტურნირის მოგებას მოელიან. არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი. მართალია, ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ვერ ვიტყვით, რომ ცუდი სეზონი გვქონდა. გვჯერა, რომ ამ ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ჩემთვის ფავორიტი პსჟ-ა, რომელმაც ამ სეზონში დაგვამარცხა კიდეც. უნდა მოვუმატოთ და სეზონის ბოლოს ვნახოთ, რა მოხდება.
გადატვირთულ კალენდარზე
ბევრი მატჩის ჩატარებას მიჩვეულები ვართ. ჩვეულებრივ, კვირაში ორ ან სამ მატჩს ვთამაშობთ. ამისთვის მზად ვართ და ჩემპიონთა ლიგის მსგავსი მატჩების ჩატარებაც გვიყვარს. თანდათან ვიღლებით, მაგრამ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები.
ტრავმასა და გულშემატკივრების დამოკიდებულებაზე
ეს ბევრჯერ მითქვამს. ვფიქრობ, ადამიანები ჩემ მიმართ მხარდაჭერას იმ პერიოდში კარგავენ, როდესაც არ ვთამაშობ. ტრავმის შემდეგ დაბრუნება რთული იყო, მაგრამ კლუბში ყველა მხარს მიჭერდა. ვცდილობ, ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო.




ვილიარეალთან კარგად ითამაშა, ისე მომენტებში ბეწვის ხიდის ზღვარზე ითამაშა.