მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მადრიდი მოგვსდევს ფაშისტის ძახილით! ბარსა ჩემპიონობისკენ მიიწევს

„ატლეტიკო“ აღარ არის ის გუნდი, წლების წინ რომ იყო. მაშინაც უსახური, მაშინაც დაცვითი და უხეში, მაგრამ გაცილებით სახიფათო. ლა ლიგაში მაინც ტრადიციულად მარცხდებოდნენ, მესი იყო ჩვენთან და ლეოს „სევილიასი“ არ იყოს, „ატლეტიკოც“ ძალიან უყვარდა.
ახლა კი ჩავი აგრძელებს ამ ამბავს, სადაც სიმეონე გამოიჭირა ყველგან თავ-ბედი აწყევლინა. „ბარსამ“ ჩემპიონობისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგა. ფაქტობრივად გადახტა. ახლა გვსდიოს „მადრიდმა“ და გვეძახოს შორიდან ფაშისტების გუნდი.
რა მოელანდათ.. ვის დაესიზმრა..
ისხლეტს ბურთებს ჩვენი ბერლინის კედელი! ამ სეზონში ეს ხარიხაც მაგრად გვეხმარება, იმდენჯერ მოხვდა უკვე ვინ მოთვლის. რაც ევროთასებზე იღბალმა ზურგი გვაქცია, ყველაფერი ლა ლიგამ დააბალანსა.
აი, შეტევა ისეთია შეაწუხებს ადამიანს. ეს არ არის კრაიფის ფილოსოფია. მოგეხსენებათ, იოჰანი ამბობდა საუკეთესო თავდაცვა შეტევააო, ჩვენი „ბარსა“ კიდე ნამდვილად არ უტევს ამდენს და ვერც ბურთი უჭირავს ისე, როგორც წარსულის დრიმ თიმებს ეჭირათ.
სხვა ხალხი სჭირდება მაგას, სულ სხვა ფეხბურთელები. აგერ, ერთი მათგანი დაგვიბრუნდა და ისე მისცხეს კოჭში კინაღამ უკან გააბრუნეს. მაგარი უნამუსო უნდა იყო ფეხბურთელი ახალდაბრუნებულ ოქროს ბიჭუნას რომ ასე მოექცე.
გადარჩა პედრი.
ფრენკი დე იონგიც დაგვიბრუნდა!
ამ ბოლო ტრავმამ ცოტა დამაფიქრა, ისე კი ვამბობდი, რომ ეს მისი საუკეთესო სეზონი იყო. არის. და მერეც იქნება. როგორც იქნა, მივიღეთ ის, რაც გვსურდა. მე უფრო მომავალი მაინტერესებს, როგორი იქნება ბუსკეტსის გარეშე, მასთან ერთად დე იონგი სავსეა, ზუსტად იმას იღებს, რაც აკლია, ერთი მუდმივად საყრდენ, ცენტრალურ ზონაშია, მეორე კი მის ირგვლივ ტრიალებს. მოკლედ, ბუსკეტსის ჩანაცვლება ისევ მაგრად დასაფიქრებელი ამბავი იქნება.
დაიწყო მატჩი და ჩვენმა გაშვებულმა კაცმა პირველი მომენტიც შექმნა. არც უფიქრია ისე ჩაახვია და ხარიხამ გადაგვარჩინა. მაგის გატანილი არ გაიშვას..
ამის მერე მომენტები სანთლით უნდა გეძებნა. ლევანდოვსკი ფაფხურობდა რაღაცას, არც არაფერი გამოვიდა, კიდევ ერთი ცუდი მატჩი ჩაატარა.
გვერდს ფერანი და რაფინია უმაგრებდნენ. არა მგონია, ვინმეს ზედმეტად კარგი წარმოდგენა ჰქონდეს, ან ერთზე, ან, მეორეზე, მაგრამ გოლი გააკეთეს. თამაში მოიგეს. გოლი კიდე ყველაფერს ნიშნავს. ფეხბურთზეა საუბარი ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, ჩააგდო თამაში, მაგრამ გოლს გაიტან და გმირი ხარ!
ლევანდოვსკი კიდე აგდებს მატჩებს და ვეღარც გააქვს.
ფერანის დარტყმა იდალური გამოდგა. სუსტი და ჭკვიანური. გაუძვრა მეტოქეს ფეხებში, მეკარემ დააგვიანა, ბურთი ბადეშია, „კამო ნოუ“ ხარობს. გავა რამდენიმე კვირა და სტადიონი დიდი ხნით დაცარიელდება. აი, სულ ამაზე მეფიქრება, სხვა სტადიონთან შეგუება მაგრად გამიჭირდება, დიდი მაგია აქვს ბარსელონას მთავარ სოციალურ ტაძარს. გაზონიც სულ სხვაგვარია, აურაც, ფერებიც, თითქოს ვალდებულს გხდის, რომ წარმოდგენა დადგა, ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ ეს კედლები გავალდებულებს. ჰოდა, მოვწყდებითო, ასე ამბობენ, სხვაგან გადავდივართ, ქირით.
ჯერ არაფერი დასრულებულა, მაგრამ უკვე მომავალ სეზონზე და სატრანსფერო ფანჯარაზე მეფიქრება. ალბათ იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უსახური ჩემპიონობა იქნება ბოლო წლებში. ლა ლიგას რომ მოვიგდებთ ხელებში ამაში ეჭვი არ მეპარება, ახლა ინტრიგა მხოლოდ რეკორდია, ტერ შტეგენისთვის და მთლიანად გუნდისთვის.
წინ რვა ტურია. შეხედავ გუნდებს და რავიცი... შეიძლება ერთიც ვერ გაიტანონ. ჩვენები კიდე ბრუნდებიან და ბრუნდებიან. გახსოვთ გამოჯანმრთელების ვადები? ყველას დაბრუნება გაიწელა, მაგრამ ყველაზე ადრე დემბელე უნდა დაბრუნებულიყო. რატომღაც ვერ დაბრუნდა თავის დროზე.
ეს სეზონიც კი რთულია აქტივში ჩაუწერო, არადა, კარგად იწყებდა. ალბათ დე იონგის მსგავსად მასზეც ვიტყოდი საუკეთესო სეზონი აქვს-მეთქი, მაგრამ ზუსტად იმ დროს დაგვტოვა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მიამატა გამოტოვებული მატჩები თავის სტატისტიკას. შეხედავ ახლა სრულ სეზონს და გული გაგისკდება. აბა, რა უნდა ვთქვათ მასზე სეზონის ბოლოს?! ვინც ამბობდა ამის ნდობა არ შეიძლება მაინც დაიმტვრევაო, მართალი გამოდგა.
ახალი სისხლია საჭირო. ახალი ძალა. მშენებლობა კი კარგად მიდის. დაცვა გადასარევია. ჯანმრთელად ვერ იყვნენ ხანდახან, თორემ მაგრად იდგნენ მთელი განვლილი პერიოდის მანძილზე.
მარჯვენა მცველი მაინც საყიდელია.
აი, ცოტა გამექცა და თამაშს რომ მივუბრუნდეთ, - იყო საკამათო მომენტები. საჯარიმოში. თურმე, კლუბების წარმომადგენლებს შეხვედრა მოუწყვიათ სადაც ფარული ხმის მიცემით განსაჯეს ვის ესმოდა რა შემთხვევაში ინიშნებოდა, ან არ ინიშნებოდა ლა ლიგაში თერთმეტმეტრიანი, და შედეგები არ გაინტერესებთ? 100% მიიჩნევს, რომ წარმოდგენა არ აქვს რა ხდება.
იმათაც ვერ გაუგიათ, ახლა მე რო დავიწყო რამის გარჩევა უფრო სასაცილო იქნება. ბოლო დროს ისმის ხოლმე, - ამაზე აღარ იდება ძმა, - ან ადრე რაზე დებდნენ ესპანელები, ან ახლა.. რა ადრე, რა გვიან, ეგენი მუდმივად ხასიათს მიჰყვებოდნენ.
„ბარსა“ წინ არის. ჩავი ერნანდესი ლა ლიგის პირველი ტიტულისკენ მიიწევს. აქვს ამ გუნდს დიდი პოტენციალი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]