რა გაგვახსენა გარსიამ - როგორ იღებდნენ და კარგავდნენ ადგილს მეკარეები
ჟოან გარსიამ "ვილიარეალთან" კიდევ ერთი დიდებული წარმოდგენა გვაჩუქა. ჩვენ შეგვახსენა, რომ კლუბი საიმედო ხელშია, კონკურენტებს მიანიშნა, რომ წასვლის დროა. სანამ გარსია აქ არის, დანარჩენებს შანსი არ ექნებათ. რა გამახსენა ამან და ადრეული კონკურენციები. მეკარისთვის ადგილის მოპოვება ყველაზე რთულია, სეზონის დასაწყისში თუ არ დაგარქვეს ნომერი პირველი, აბა მერე ვინ განდობს კარს?! ტრავმებსაც იშვიათად იღებენ და ცვლილება ხომ გამორიცხულია. თავდამსხმელი როცა თავის საქმეს გააკეთებს, ბოლოს გაჰყავთ ხოლმე და სხვას აძლევენ შანსს, მეკარის შემთხვევაში ეგ გამორიცხულია. ასე რომ, რთული ცხოვრება აქვთ. აქ პირველობის დაკარგვა ყველაზე მწარეა.
გავიხსენოთ ბარსას მეკარეების კონკურენციები. ვინ როდის დაკარგა და ვინ როდის მოიპოვა ძირითადი მეკარის სტატუსი.
ვიტორ ბაია vs რუდ ჰესპი
ვიტორ ბაია პორტუგალიის ნაკრების ოქროს თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. ნაკრებში მის პოზიციას საფრთხე არასდროს შექმნია, მაგრამ საკლუბო კარიერა ხეირიანად ვერ დაიწყო. საერთოდ, პორტუგალიელებმა "ბარსელონაში" ვერ გაამართლეს, ვინც გაამართლა ისეთი იკადრა, მას მერე არ გიჟდებიან პორტუგალიელებზე. ფიგუმ გაიბრწყინა და სხვებიც მოიყვანეს - ვიტორ ბაია, ფერნანდო კოუტუ, ჟოზეც გუნდში იყო და ჰქონდათ თავისი ბანაკი. ბაია 1996/97 წლების სეზონში გადავიდა ბარსაში და ძირითადი მეკარე იყო. რობსონი ენდობოდა, ტიტულებიც მოიგეს და თავისი წვლილიც შეიტანა ყველა მოგებაში, მაგრამ მომდევნო სეზონში რობსონი გაუშვეს, მის ნაცვლად ლუი ვან გაალი მოვიდა, რომელმაც ვან დერ სარის გადმობირება ვერ შეძლო, მაგრამ ალტერნატივა მაინც მოიყვანა - რუდ ჰესპი. მოკლედ, ნიდერლანდური ამბავი იყო, ლუი თავისიანს უფრო ენდობოდა და გადასვა ბაია სკამზე. საბოლოოდ, პორტუგალიელი გუნდიდან წავიდა, ჰესპზე გაცილებით დიდი სახელიც დატოვა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო მოურინიუს "პორტუსთან" ერთად. რითი ან როგორ სჯობდა ჰესპი ბაიას გაუგებარია. მაგრამ ლუის თავისი ახირებები აქვს.
ჰესპს თავის ბოლო სეზონში არნაუსთან უწევდა კონკურენცია, მაგრამ დიდი ვერაფერი მეკარე იყო, ან ერთი, ან მეორე.
რიშარ დუტრუელი vs პეპე რეინა
ქომაგი ჰესპით ძალიან უკმაყოფილო იყო. გააყოლეს კიდეც ვან გაალს და ბარსაში ახალი ერა დაიწყო. დიდი კრიზისის ერა. ჰესპის ნაცვლად დუტრუელი მოიყვანეს, სახეზე რომ შეხედავდი მაშინვე მიხვდებოდი, რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა. ვერ ივარგა ჯიგარმა. თუმცა, იმედი მაინც იყო, ლა მასიაში გამოჩნდა ორი ნიჭიერი მეკარე - პეპე რეინა და ვიქტორ ვალდესი. თანატოლები. ერთად გაიზარდნენ და ყოველთვის კონკურენტები იყვნენ, მაგრამ ყველა ასაკში რეინას ამჯობინებდნენ. შანსიც მან მიიღო. 2000/01 წლების სეზონში ხან რეინა თამაშობდა, ხან დუტრუელი. ფრანგმა 22 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაუშვა. პეპე რეინამ 33 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა. ასეთ დღეში იყო ბარსა.
პირველ ნომერი არც მომდევნო სეზონში ჰყოლია ბარსას. ისევ მუდმივად იცვლებოდა მეკარე. რეინამ ამჯერად 16 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. ბარსაში კიდევ ერთი გაუგებარი მეკარე გამოჩნდა ბონანოს სახით. უფრო მეტი შანსი მას მისცეს, თუმცა, ვერ გამოიყენა. ყველაზე ცუდად რა გვახსოვს? ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზიდანის გოლი. ელ კლასიკოში ასეთ ბურთს არ უნდა უშვებდე. არ გამოუვიდა ზიზუს დარტყმა, მაგრამ ბონანომ მაინც გაუშვა. ვერ სჯობდა რეინას და ალბათ უმჯობესი იყო ესპანელისთვის უფრო მეტი დრო მიეცათ. ასე არ მოხდა და რეინამ კლუბი მომდევნო სეზონშივე დატოვა, ამბიციური მეკარე იყო. მისი საუკეთესო პერიოდი "ლივერპულს" უკავშირდება.
ბონანომ კიდევ ერთი წელი იწვალა და მერე დაგვტოვა. ბონანოსთან კონკურენციაში როგორც იქნა შანსი მიიღო რეინას ჩრდილში მყოფმა ვიქტორ ვალდესმა.
ვალდესი vs რუშტუ
ვალდესს დიდი ნდობა არ ჰქონია. ბარსამ კრიზისი როგორც იქნა გადალახა. კლუბში ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოვიდა. ახალი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდიც მოიყვანა და ახალი გუნდის შენებაც დაიწყეს. მეკარე პრობლემა იყო, ვალდესს არც დიდი გამოცდილება ჰქონია, არც განსაკუთრებით ნიჭიერი იყო, მეკარის კვალობაზე არც დიდი სიმაღლე ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა. ბარსამ თურქი რუშტუ რეკბერი შეიძინა "ფენერბახჩესგან", რუშტუმ თავი მსოფლიო ჩემპიონატზე დაგვამახსოვრა, მისი ნაკრები მესამეზე გავიდა. სეზონის წინ იფიქრეს, რომ პირველი ნომერი ის იქნებოდა, მაგრამ რაიკაარდი ვალდესს ენდო და აქედან სულ სხვა ისტორია იწყება. როგორც იქნა, ბარსაში პირველი ნომერი გამოჩნდა. როგორც იქნა, ვიღაცამ დაიმსახურა ეს ადგილი.
როდის დაესვა ბეჭედი ამ ამბავს? 2003/04 წლების სეზონის ელ კლასიკოში, "ბერნაბეუზე". ბარსა ჯერ შენების პროცესში იყო, "მადრიდი" უკეთესი გუნდია, მაგრამ იმ შეხვედრაში რონალდო აკლდათ და შანსი გაჩნდა. "რეალი" ბევრად კარგად თამაშობდა - რაული, ზიდანი, ფიგუ, ბექემი, კარლოსი, ყველას კარგი მატჩი ჰქონდა, საპასუხოდ კი მხოლოდ რონალდინიო და ჩავი გამოირჩეოდნენ, არა უშავდა ედგარ დავიდსსაც. აბა, როგორ მოიგო ეს მატჩი ბარსამ? ორი მთავარი ფაქტორი იყო, ლუიშ ფიგუს წითელი ბარათი და ვიქტორ ვალდესი, რომელმაც ისეთი მატჩი ჩაატარა რისი მსგავსიც ძალიან იშვიათად თუ მინახავს.
რატომ მიიღო ფიგუმ პირველი ყვითელი ბარათი? ვერ დაიჯერა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს, ვერ დაიჯერა, რომ ვალდესმა ეს ბურთი მოიგერია, ფიგუმ გვერდით მსაჯს აგინა და გააყვითლეს. მოგვიანებით უხეშობისთვის გააძევეს, ბარსამ შანსი მიიღო და გამოიყენა. დააქამბექა და მატჩი მოიგო.
ვალდესის პერფორმანსი კი აუცილებლდა უნდა ნახოთ.
თუმცა, ამ მატჩის საუკეთესო სეივი მაინც კარლეს პუიოლს ეკუთვნის, რომელმაც რობერტო კარლოსის დარტყმულს, (თანაც, სულ რაღაც 5-6 მეტრიდან), თავი შეუშვირა. ასე გამოიტანა კარის ხაზიდან. მერე მთელი მატჩის განმავლობაში ბარბაცებდა, სამაგიეროდ თამაში მოიგო.
შტეგენი vs ბრავო
ვალდესის ხანა დიდხანს გაგრძელდა. 2003/04 წლების სეზონიდან, 2013/14 წლების სეზონამდე პირველი ნომერი იყო. ათი წლის განმავლობაში ადგილი არ დაუთმია. კარგი შემცვლელიც ჰყავდა პინტუს სახით. ის თასზე თამაშობდა, ვალდესი ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაზე. მერე კიდევ ერთი გადატვირთვა მოხდა, ლუის ენრიკემ ახალი გუნდის შენება დაიწყო, წავიდა ვალდესიც და წავიდა პინტუც. მათ ნაცვლად კი ბრავო და შტეგენი მოვიდნენ. ეს ალბათ ყველაზე უცნაური ამბავი იყო მეკარეების კონკურენციაში რისი მსგავსიც არასდროს არსად მინახავს. ორივე ძირითადში იყო. ორივე პირველი ნომერი იყო. გინახავთ სადმე მსგავსი? ერთი ლა ლიგას თამაშობს, რომელიც უმნიშვნელოვანესი ტურნირია, მეორე კი ჩემპიონთა ლიგას, რომელიც ასევე, და ალბათ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია. შტეგენს დიდი პაუზები ჰქონდა მატჩიდან მატჩამდე და ენრიკეს საყვედურობდნენ, ეგრე ფორმას როგორ შეინარჩუნებს, შენ გამო ყველაფერს დავკარგავთო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველაფერი მოიგეს. ბრავომ ლა ლიგა მოიგო, შტეგენმა ჩემპიონთა ლიგა.
ჩილელის მიმართ უსამართლო იყო კლუბი. ბრავო იმსახურებდა ლიგაზე თამაშსაც, მაგრამ შტეგენი მოიყვანეს როგორც ვარსკვლავი, რომელსაც მომავალში სტაბილურად უნდა დაეცვა ბარსას კარი. მათში სხვაობა ცხრა წელი იყო. შტეგენში უფრო დიდი ინვესტიცია ჩადეს და უთამაშებელს ვერ დატოვებდნენ, არადა, ბრავომ მოლოდინს გადააჭარბა. გარდა იმისა, რომ ხაზზე შესანიშნავი იყო, ფეხითაც ბრწყინვალედ თამაშობდა. მომდევნო სეზონშიც იგივე პრინციპით განაგრძო ენრიკემ თამაში, ეს რა თქმა უნდა, არც ბრავოს მოსწონდა და არც შტეგენს. საუკეთესო მატჩი? ელ კლასიკოში, ბარსამ "რეალი" გასვლაზე 4:0 გაანადგურა. ასეთი დიდი უპირატესობაც არ ყოფილა, უბრალოდ, ბრავომ ყველაფერი მოიგერია, რაც მისი კარისკენ წავიდა. მათ შორის, ურთულესი ბურთებიც.
ბარსას ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის სტატუსი დატოვა. მერე კი წავიდა პეპის "სიტიში". გვარდიოლას მოსწონდა როგორ თამაშობდა ფეხით, მაგრამ ბრავო პრემიერ ლიგის ტემპს ვერ აჰყვა. ვერც ენა ისწავლა კარგად, შეცდომებიც ბევრი ჰქონდა და პეპმა მალევე მოუყვანა შემცვლელი ედერსონის სახით. მას მერე ბრავო გვარდიოლას ვერ იტანს. ასე გაქრა ჩილელი საფეხბურთო რუკიდან. თუმცა, სანამ გაქრებოდა, ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა. ორივეჯერ მესის არგენტინა დაამარცხა ფინალში.
შტეგენი vs გარსია
ვალდესივით სტაბილურად ვერა, მაგრამ შტეგენიც დიდხანს იყო ერთპიროვნულად ნომერი პირველი. 2016/17 წლების სეზონიდან, 2023/24 წლის სეზონამდე. რვა წელი მყარად იდგა. წინა სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა. ახლა კი უკვე ნომერი მეორეა. თუ ჩამოვარდება საუბარი ვინ არის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეკარე, კანდიდატებს შორის ნამდვილად მოხვდება, მაგრამ არა მგონია, საუკეთესოდ დაასახელონ. ზამორასა და ვალდესს უფრო დიდი შანსი ექნებათ.
გარსია კიდევ ახლა იწყებს. იწყებს ძალიან მაგრად. ვნახოთ რა გამოვა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 20 ]