როგორ ჩავარდა პროექტი "მაიამი"
დეკემბერში გასამართი მატჩი "ბარსელონასა" და "ვილიარეალს" შორის მაიამიში აღარ გაიმართება. კლუბებმა შეტყობინებები მოულოდნელად მიიღეს. ფეხბურთელებს გზავნილი ტელეფონებზე მიუვიდათ, რამდენიმე მათგანი დარჩენასაც გეგმავდა ამერიკაში, რამდენიმე დღით. ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.
როგორ ჩაიშალა ყველაფერი?
ეს ამბავი რამდენიმე კონტექსტშია განსახილველი:
-
გასულ ტურში ფეხბურთელებმა პროტესტი გამოხატეს, მატჩის დაწყებიდან საწყისი 15 წამის განმავლობაში არ განძრეულან.
-
რეალ მადრიდის როლი ლა ლიგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
სამშაბათს ლა ლიგამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ მიიღეს მაიამიში თამაშის გაუქმების გადაწყვეტილება, პრომოუტერთან მოლაპარაკების შემდეგ. მიზეზად ესპანეთში დაყწებული პროტესტი დასახელდა. პრომოუტერია Relevant Sports, მილიარდერ სტივენ როსის კომპანია, რომელიც ამავე დროს მაიამის "დელფინების" მფლობელია და მატჩის ჩატარებაც Dolphins - ის Hard Rock Stadium-ზე დაგეგმა. კომპანია ამავე დროს მსხვილი მოთამაშეა მედია უფლებების ბიზნესში, მათ აქვთ UEFA-ს ტურნირების, ლა ლიგის, პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგისა და სერია A-ს უფლებები.
ლა ლიგა წინააღმდეგობას არა მხოლოდ ფეხბურთელებისა და ქომაგების მხრიდან, არამედ, მადრიდის "რეალისა" და რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდანაც წააწყდა. "რეალმა" ფიფას მიმართა, რომ არაფრით არ დაეშვა მატჩის ამერიკაში ჩატარება, რადგან ეს დაარღვევდა ლა ლიგის მთლიანობას. არგუმენტი აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა, ლაპორტას კლუბი ჰყავს გადასარჩენი, და ნებისმიერ შეთავაზებაზე წავა საჭირო ინვესტიციის მოსაზიდად, მას ხომ ჯერ კიდევ უწევს სტადიონის ქირაში ფული იხადოს?!
თუმცა, ბევრი ესპანური კლუბი - მათი პრეზიდენტები, დირექტორები და ხელმძღვანელები მხარს უჭერდნენ იდეას. "ბარსა" და "ვილიარეალიც" შეთანხმდნენ. ქომაგებმა პროტესტი გამოთქვეს, ხელმძღვანელებმა კი მიიჩნიეს, რომ ახლა ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქომაგების პროტესტი. ტებასიც ზუსტად ის კაცია, რომელიც ხშირად უგულებელჰყოფს ქომაგთა პროტესტს და თავდაპირველად თითქოს მხარსაც უჭერდა ლა ლიგის მატჩების სხვა ქვეყნებში ჩატარებას.
როგორ მივიდა საქმე აქამდე?
ტებასმა ტელევიზიებს თხოვა არ ეჩვენებინათ ფეხბურთელების პროტესტი, მაგრამ როგორ გამოვა ეგ ამბავი? მატჩი იწყება და არაფერს აჩვენებ? ერთი წუთის დაგვიანებით შეხვალ ეთერში? საბოლოოდ, ტებასის რჩევა არავინ გაითვალისწინა. ეს ყველაფერი კი ტებასსა და ფლორენტინო პერესს შორის გავლენების ომად წარმოჩინდა. ხმები ვრცელდება, რომ პერესი ლაპორტაზე ნაწყენია, სუპერ ლიგის ამბავში სულ მარტო დარჩა, ლაპორტამ უეფასთან ურთიერთობის მოგვარება არჩია სუპერ ლიგის მხარდაჭერას, ახლა კი პერესი ცდილობს დამატებითი შემოსავლებისთვის გზა მოუჭრას.
მთავრობის საბჭოში განიხილეს საჩივრები და სპორტის საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე მანუელ როდრიგეს ურუბესმა ფაქტობრივად დასკვნითი სიტყვაც წარმოთქვა - "მოვლენები გვაჩვენებს, რომ მიზნის მისაღწევად სწორი გზა არ აურჩევიათ", - ესე იგი, დაგმო არა იდეა, მატჩების უცხოეთში გამართვისა, არამედ ხერხები. აბა, იდეას ვინ დაგმობდა? სუპერ თასის ფინალები ხომ უკვე დიდი ხანია კატარში იმართება?
იქვე დასძინა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ლა ლიგის ყველა კლუბისგან იქნება თანხმობა.
იქნება თუ არა კიდევ ოდესმე რელევანტური
განცხადება გაავრცელა "ბარსელონამაც", - "სამწუხაროა, რომ ეს შესაძლებლობა გამოუყენებელი დარჩა, ვერ გამოვიყენეთ შანსი, რომელიც ყველას მოუტანდა სარგებელს", - ეს, რა თქმა უნდა, ლაპორტას პოზიციაა და გულისხმობს იმას, რომ ესპანეთი გვარიანად ჩამორჩება ინგლისს შემოსავლებით, ლაპორტას სურს მათთან კონკურენცია და ამ მიზნის მისაღწევად სხვა ბაზარზე პოზიციონირებას განიხილავს.
და საიდან ეს იდეა? საქმე ის არის, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ამერიკაში უთამაშია "რეალსა" და "ბარსელონას", ზუსტად "ჰარდ როკ სთედიუმზე" და მაშინ შემოსავალმა 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუ ერთი მატჩით ამხელა შემოსავლის მიღება შეიძლება, რატომაც არა?
ასე რომ, ეს იდეა მომავალშიც აქტუალური იქნება. თავის მხრივ, ფიფამ შექმნა გუნდი, რომელიც ამ თემაზე მსჯელობს დაბრკოლებების მოსახსნელად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი და ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ამ ტერიტორიაზე ფიფა ყველაფერს გააკეთებს.
რა ზიანი მიადგა ლა ლიგას?
ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან მთავარი ინიციატორი და ხელშემწყობი ამ ამბისა სწორედ ის იყო, ახლა კი დამარცხებულის როლშია. ტებასი მაიამიში იმყოფებოდა ოქტომბრის დასაწყისში Sports Summit USA 2025-ზე, სადაც განაცხადა: “ვფიქრობ, რომ რამდენიმე მცირე ფორმალობის გარდა, პრაქტიკულად ყველაფერი მზადაა. შემიძლია გითხრათ, რომ შაბათს, 20 დეკემბერს, ლა ლიგის მატჩი "ვილიარეალი" – "ბარსელონა" გაიმართება Hard Rock-ზე.”
ზიანი მიიღეს კლუბებმაც, "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ რამდენიმე საათით ადრე უარყო "მადრიდის" პროტესტი თამაშის იდეის წინააღმდეგ:
“რეალს" რაც უნდა ის უქნია, მე "ბარსელონას" პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ვითამაშებთ მაიამიში 20 დეკემბერს,” — თქვა ჟურნალისტებთან.
ლაპორტამ იცოდა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, ამიტომ, შიდა სამზარეულოშიც რაღაცები აირია.
ძალიან გაცხარდა "ვილიარეალის" ხელმძღვანელობა, მათ "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ შეხვედრაზე მიუვიდათ შეტყობინება. შუა თამაშში გაიგეს, რომ ყველაფერი ჩაიშალა.
სხვა ქვეყნები, სხვა ლიგები
არა მხოლოდ ლა ლიგა, სერია ა-ც აქტიურად მუშაობს მატჩების სხვა ქვეყნებში გამართვაზე. იტალიის ლიგა კიდევ უფრო ჩამორჩება პრემიერ ლიგას, ლა ლიგასთან შედარებით. გარდა ამისა, იტალიაში ამ ამბავს დიდი პროტესტი არ მოჰყოლია, არც ფეხბურთელებისა და არც ქომაგების მხრიდან. სერია ა-ს მატჩების ავსტრალიაში ჩატარების შესახებ იმსჯელა უეფამ და ამ გადაწყვეტილებას ჩეფერინიმ მხარი დაუჭირა.
თუმცა, საპროტესტო ხმა მაინც გაისმა, ადრეან რაბიომ Le Figaro-სთან თქვა, რომ ეს აბსურდული გადაწყვეტილებაა. სერია ა-ს გენერალურმა დირექტორმა კი მყისვე უპასუხა - "ნუ დაგავიწყდება, რომ მილიონებს სწორედ ასეთი სამუშაოსთვის იღებ".
ასე რომ, მაიამი გაუქმებულია, მაგრამ მე მგონი, ეს მომავალია და ამას ვერაფერი ხელს ვეღარ შეუშლის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 8 ]