ორი მატჩი ისტორიიდან - ცუდი "ბარსას" კარგი "კლასიკო"
წინ "ელ კლასიკო" გვაქვს და ბევრი ძველი ამბავი ამოიყარა, სხვადასხვა გამოცემები ისტორიას იხსენებენ, როგორც წესი, ძალიან მდიდარ და სანახაობრივ ისტორიას, ახლა ზუსტად ვიცით, რომ მსგავსი სურათი არ გვექნება. ბოლო წლებში "კლასიკო" აღარ ჰგავს იმას, რის გამოც გვიყვარს და მით უმეტეს, მესის წასვლის შემდეგ ვერ იქნება განსაკუთრებით საინტერესო, მაგრამ მაინც.. "კლასიკოს" ყოველთვის ჰქონდა თავის მაგია.
მეც გავიხსენებ ძველ მატჩებს, იმ სეზონს, როცა ყველაზე მეტად უჭირდა "ბარსას", გავიხსენებ გასაგებ მიზეზთა გამო, ბევრი რამით ჰგავს ამ სეზონს. "ბარსას" ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე და ყველა ელოდა, რომ "რეალი" გადაუვლიდა, "კამპ ნოუზე" თუ არა, "ბერნაბეუზე" მაინც, რადგან, ეს გალაქტიკოს საუკეთესო ვერსია იყო, "ბარსა" კი 80-იანების შემდეგ, ასეთი ცუდი არ ყოფილა, - საუბარია 2002/03 წლების სეზონზე.
მთავარი პარალელი, რა თქმა უნდა, ათიანია. სეზონის წინ ვან გაალმა რივალდო გაუშვა. მესის მსგავსად, ისიც უფასოდ წავიდა, უნდა ითქვას, რომ არც რივალდოს ჰქონია გუნდზე მესიზე ნაკლები გავლენა, მართალია მესის ვერ შევადარებთ, თან, ბოლო სეზონი ტრავმების გამო ძალიან წარუმატებელი გამოუვიდა, მაგრამ, ამ ტრავმების მერე დაბრუნებაც შეძლო და მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო, ჰოდა, ეს ჩემპიონი კაცი სახლში აღარ შეუშვეს, მესიც ასე გახარებული დაბრუნდა, კოპას ოქროთი და იმავე ბედი გაიზიარა.
მოკლედ, ვან გაალმა რაღაცები მიხაზ-მოხაზა და გუნდი ჩამოიშალა. ლიდერობის ტვირთი მენდიეტას, ან რიკელმეს უნდა ეტვირთა, მაგრამ არცერთ მათგანს არაფერი არ გამოუვიდა. კლუივერტი საკუთარს თავს აღარ ჰგავდა და მხოლოდ "მალიორკასთან" ჰქონდა კარგი თამაში, თავიდანვე ჩანდა, რომ "ბარსას" ძალიან მძიმე სეზონი ექნებოდა.
რა ხდებოდა პარალელურად? სანამ "ბარსამ" თავის სული და გული დაკარგა, მანამდე "რეალმა" მორიგი სიგიჟე ჩაიდინა და რონალდო იყიდა. მთავარი კონკურენტი ამ ტრანსფერში "ბარსა" იყო და შანსი არ დაუტოვეს. მერე ფლორენტინო პერესმა კიდევ ერთხელ გააღიზიანა ფაები, გარდა იმისა, რომ მანამდე ფიგო წაიყვანა, მერე კი ერთ დროს ფანების საყვარელი რონალდო გადაიბირა, რივალდოს ხელში ჩაგდებაც სცადა, თუ ფიგუს გადაბირება გულის ამოგლეჯას შეადარა, რივალდოს გადასვლას რას შეადარებდა რთული სათქმელია. მუნდიალზე ნახეს, რომ რივალდოსა და რონალდოს კვლავ შეუჩერებელი დუეტი ჰქონდათ და რატომაც არა.. მაგრამ, ტრანსფერი არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ რივალდო ძალიან გაბრაზებული იყო, ეს მაინც არ გააკეთა და გაფრინდა მილანისკენ.
დაახლოებით იგივეა, მესის წასვლის დროს, რომ ფლორენტინო პერესს ეაქტიურა, არგენტინელისთვის ოფიციალურად მიემართა და თან კილიან მბაპეს ტრანსფერიც გაეჩარხა. აი, ასეთი სიტუაცია იყო მაშინ. ჰოდა, მოახლოვდა პირველი "კლასიკო". მოლოდინი როგორი იყო ალბათ ხვდებით, გამოვა "რეალი" და გადაუვლის "ბარსას", მაგრამ, საქმე ის არის, რომ "კლასიკო" აბსოლუტურად სხვა განზომილებაა. ეს მოვლენა გაცილებით მეტია ყველასთვის, ვიდრე ვან გაალის ფილოსოფია, ან გუნდის შიდა სამზარეულო. აგერ, მცირე ხნის წინ, დანი ალვესს უთქვამს, ჩემპიონთა ლიგის ფინალებსაც კი მირჩევნიაო. ეგეთი ამბავია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილზე ხარ, ან, რა მდგომარეობაში, "კლასიკოს" დათმობა უბრალოდ არ შეიძლება.
თანაბარი მატჩი გამოვიდა. ალბათ, იმიტომ, რომ "რეალს" ორი მთავარი ლეგენდა, ზიდანი და რონალდო აკლდა. ეს "კიჭას" პირველი დაბრუნება უნდა ყოფილიყო "კამპ ნოუზე", მაგრამ, არ შედგა. იმასაც ამბობდნენ, შეეშინდა, ფიგუს მსგავსად არ დახვედროდნენო, მაგრამ, "კამპ ნოუს" რონალდო ყოველთვის უყვარდა და პატიობდა კიდეც, რადგან მისი ტრანსფერების კონტექსტი ყველას კარგად ესმოდა.
0:0 - მახსოვს მენდიეტას მომენტი. ყველაზე ახლოს იყო გოლთან, ნტვ-ს კომენტატორმა მოვლენებს გაასწრო და გოლიც იზეიმა, მეც ავღრიალდი, მაგრამ, ბურთი კარს აცდა. იყო კლუივერტის კარგი დარტყმა და ორი ძალიან უცნაური მომენტი, - ფიგუს რა დამართეს გემახსოვრებათ, ან გეცოდინებათ, dიახ, ეს ზუსტად ის მატჩია, ყველაფერი რომ ესროლეს, რაც ადამიანს შეიძლებოდა თან ჰქონოდა, ან არ ჰქონოდა. სანთებელით, ბოთლებით დაწყებული და ღორის თავით დამთავრებული. ფიგუს კუთხურის ჩაწოდების საშუალებას არ აძლევდნენ, თამაში რამდენჯერმე შეჩერდა, მერე გაბრაზებულმა პირდაპირ კარში დაარტყა კუთხურიდან და კიდევ კარგი ბონანომ მოიგერია, თორემ იქვე ჩამარხავდნენ მატჩის მერე. ეჰ, მომენატრა ძველი "კამპ ნოუ", გიჟური "კამპ ნოუ". ბონანომ ბურთი ისევ კუთხურზე მოიგერია და ისეთი ამბავი ატყდა "რეალი" მოედნიდან გავიდა, რამდენიმე წუთი სიტუაციის დალაგებას დაელოდნენ, მერე კი შეთანხმდნენ, რომ ფიგუ ალამთან აღარ მივიდოდა და მატჩი გაგრძელდა.
ბოლოს მეორე უცნაურობაც ვნახეთ, ამჯერად რიკელმე ახვევდა კუთხურიდან, ძალიან ახლოს იყოს, მაგრამ "რეალი" ხარიხამ იხსნა. გახსოვთ ალბათ მესის ბოლო "კლასიკო", მანაც ჩაახვია და ძელი იყო, ჰოდა, მესი არ იყო პირველი არგენტინელი ათიანი, ვინც ასეთი რამ იკადრა. კარგი იქნებოდა, რომელიმე მაინც გასულიყო. ეგ იყო და ეგ. სხვა სახიფათო არაფერი ყოფილა.
შემდეგ იყო მეორე მატჩი. თითქოს შანსი არ უნდა გვქონოდა, რადგან, "რეალმა" საუკეთესო ფორმა აკრიფა, "ბარსამ" კი თამაში გააუარესა. თან, "რეალი" იდეალური შემადგენლობით შეხვდა მატჩს, გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა, გალაქტიკოს ერთადერთი კარგი მწვრთნელი, საყრდენ ზონაში კი ის ფეხბურთელები ჰყავდა, რომელთა გაყიდვის შემდეგ, "რეალი", როგორც გუნდი ჩამოიშალა, - მაკელელე და კამბიასო. იდეალური გუნდი იყო. თავის კასილასით, დიდი კაპიტნით, რობერტო კარლოსით, ფიგუ-ზიდანით და რონალდო-რაულით, ვარაუდობდნენ იგივეს, "რეალი" "ბარსას" გაანადგურებსო. ასე ჩანდა კი, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, "კლასიკო" სულ სხვა ამბავია. რონალდომ, რა თქმა უნდა, გაიტანა, მიმაჩნია, რომ ეს მისი საუკეთესო სეზონი იყო მადრიდის "რეალში", მერე თამაშს მოუკლო და წონას მოუმატა. "კიჭამ" მეთექვსმეტეზე შეაგდო და ზუსტად თექვსმეტ წუთში ლუის ენრიკემ გაათანაბრა. ისე აღნიშნა, როგორც აღნიშნავდა ხოლმე "რეალის" კარში გატანილ გოლებს, გადამეტებული სიხარულით! მერე იყო დიდი გაწევ-გამოწევა, ენრიკესა და ზიდანს შორის, ზიზუმ იქვე მოტას ჩაავლო თმაში ხელი და აქეთ-იქით ათრია, ისარგებლა იმით, რომ თავად თმა არ ჰქონდა თავზე.
ბევრი იჯახირეს, მაგრამ "ბარსას" ვერაფერი დააკლეს. ყველაზე ცუდმა "ბარსამ" ბოლო 35 წლის მანძელზე, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი წლის მანძილზე, "რეალთან" არცერთი "კლასიკო" არ დათმო. ეს იყო ერთადერთი სიამაყე, რაც იმ სეზონში "ბარსას" ფანებმა განიცადეს, რადგან, გამოჩნდა, რომ შემადგენლობის, მწვრთნელებისა და სათამაშო ფორმის გარდა, კიდევ რაღაც მოქმედებს "კლასიკოში" ისეთი, რაც "ბარსას" ყველაზე მძიმე წლებშიც არ დაუკარგავს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]