ინტერვიუ ერიკ გარსიასთან

ინტერვიუ ერიკ გარსიასთან

"ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გუნდის ცენტრალურ მცველთან ერიკ გარსიასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს.

- გამარჯობა, ერიკ, როგორ ხარ?
კარგად, ყველაფერი რიგზეა.
- სეზონი ძალიან კარგად დაიწყე, შესანიშნავ ფორმაში ხარ. თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშე. ფიქრობ, რომ საუკეთესო პერიოდი გაქვს?
ყოველთვის ვფიქრობ, რომ საუკეთესო მომენტი ჯერ კიდევ წინაა. მართალია, რომ ამ სეზონში სასტარტოში ბევჯერ ვითამაშე, მოედანზე მრავალი წუთი გავატარე და ვფიქრობ, ასე უნდა გავაგრძელო. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის კარგად თამაში, მატჩების მოგებაა. სეზონი ახლახან დავიწყეთ, ამიტომ იმედია, ასე გავაგრძელებთ.
- ანუ სეზონის სტარტს დადებითად აფასებ?
რა თქმა უნდა. "რაიოსთან" სტუმრად ფრე ვითამაშეთ, სადაც თამაში რთულია. "ვალეკასზე" ყველა ვერ იგებს. ვფიქრობ, ამის გარდა, ძალიან კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ლა ლიგაში მოწინავე პოზიციას ვიკავებთ, ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთულ სტადიონზე გამარჯვებით დავიწყეთ... ასე რომ, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის.
- რას ფიქრობ "ოვიედოსთან" და "რეალ სოსიედადთან" მატჩებზე?
მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს. ყველაზე მთავარი მოგებაა. შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ, რადგან "რაიოსთან" ფრე ვითამაშეთ. თუ გვინდა, ვიყოთ იქ, სადაც ვართ და ლა ლიგა ისევ მოვიგოთ, რაც ჩვენი მიზანია, ასეთი შეხვედრები ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
- და პსჟ-თან თამაში მომავალ კვირას?
ამ მატჩს მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, გასული სეზონიდან ყველას დაგვრჩა მცირედით "რა მოხდებოდა, თუ"... "ინტერთან" მოგების შემთხვევაში, ფინალში პსჟ-ს შევხვდებოდით. ეს არის თამაში, რომელშიც ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ამას მოუთმენლად ველი.
- არის წელს ჩემპიონთა ლიგა მიზანი?
რა თქმა უნდა. ვფიქრობ, როდესაც "ბარსაში" თამაშობ, ყველა ტიტული უნდა მოიგო. გასულ სეზონში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. იმედია, იმავე შედეგს გავიმეორებით და კიდევ უკეთესს, თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ.
- ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ეს "ბარსაში" შენი მეოთხე სეზონია. რა როლი გაქვს გასახდელში?
ვფიქრობ, ყველას ძალიან კარგად ვუგებ. ვცდილობ, თანაგუნდელებთან ახლოს ვიყო და მათ დავეხმარო, რითიც შემიძლია. ასევე ვცდილობ, გასახდელი ცოტა გავამხიარულო, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რადგან სეზონის განმავლობაში ერთად უამრავ საათს ვატარებთ. შეიძლება ითქვას, თანაგუნდელები ერთმანეთს უფრო ხშირად ვხედავთ, ვიდრე ოჯახის წევრებს. ვფიქრობ, ყველანი ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- მართალია, რაც ფერანმა თქვა, მაგალითად, საკმაოდ ხმაურიანი და ხუმარა რომ ხარ გასახდელში?
(იცინის) ხუმარა კი, ხმაურიანი არა. ცოტა ხუმრობა მიყვარს, როცა შესაფერისი მომენტია, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების წინ, დაძაბულობა ოდნავ რომ ჩავაცხრო. გუნდი ხშირად იკრიბება, უამრავი ვალდებულებები გვაქვს... ასე რომ, ვფიქრობ, გუნდში კარგი ატმოსფერო ღირებულია, რათა ცოტათი უფრო მშვიდად ვიყოთ.
- როგორ უგებთ ერთმანეთს ასეთ ახალგაზრდულ გასახდელში?
პირველ გუნდში მოხვედრა, აქ ერთად ყოფნა... ეს ყველა ჩვენგანის ოცნებაა, ვინც "ლა მასიაში" ბავშვობიდან ვთამაშობდით. ვფიქრობ, ყველანი ერთსა და იმავე საფეხბურთ ენაზე ვსაუბრობთ. რადგანაც ასეთი ახალგაზრდები ვართ, გასახდელში საოცარი ატმოსფეროა.
- ფლიკმა ჭკვიან, უნივერსალურ და პროფესიონალ ფეხბურთელად დაგახასიათა. ასე მიიჩნევ საკუთარ თავს?
ვფიქრობ, მოედანზე ჭკვიანი ადამიანი ვარ. ასევე შრომისმოყვარე. როგორც ყველა ფეხბურთელი, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ხშირად ვიყო მზადყოფნაში, რადგან თამაში ყველას გვინდა. ვიცით, რომ ტრავმის რისკი უფრო მაღალია, როდესაც ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში გვიწევს, რადგან ფიზიკური დატვირთვა იზრდება. ასე რომ, ამ მხრივ საკუთარი თავი შრომისმოყვარედ მიმაჩნია.
- რამდენად მნიშვნელოვანია ფლიკი შენთვის მოსვლიდან დღიდან?
ძალიან მნიშვნელოვანი. ფლიკმა უზარმაზარი ნდობა გამომიცხადა, ბევრ პოზიციაზე მათამაშა და დიდი თავდაჯერებულობა შემმატა. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- მოგწონს მისი სტილი?
ვფიქრობ, ეს თანამედროვე ფეხბურთია. მართალია, ზოგჯერ ვრისკავთ, მაგრამ ჩვენი სტილი ასეთია. თუ სწორად ვმოქმედებთ, მეტოქეს ხშირად თამაშგარეში ვტოვებთ. ეს ნამდვილად გვეხმარება. რაც შეეხება შეტევას, ჩემი აზრით, ძალიან სანახაობრივი და სასიამოვნო სათამაშო სტილი გვაქვს, განსაკუთრებით ჩვენი თავდამსხმელების წყალობით.
- როგორ მოხდა ამ სტილთან ადაპტაცია, როგორც პირადად, ასევე გუნდურად?
მგონია, ეს გასულ სეზონში შენიშნე. რა თქმა უნდა, თავიდან, როგორც ცხოვრებაში რაიმე სიახლის დროს, ადაპტაცია ცოტა რთულია. თუმცა, ვთვლი, რომ "სირთულის" გათვალისწინებით, ადაპტაცია სწრაფად მოხდა. მეტოქეები წელს უკეთ გვიცნობენ და იციან, რას ვაკეთებთ. ვცდილობთ, გავუმჯობესდეთ.
- შენს უნივერსალურობას მივუბრუნდეთ. გითამაშია დაცვის ცენტრში, მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე, საყრდენ ნახევარმცველად. სად გრძნობ თავს უფრო კომოფრტულად?
ბავშვობიდან ყოველთვის ცენტრალურ მცველად ვთამაშობდი. ასევე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ მარჯვენა მცველად, მაგრამ ვცდილობ, გუნდს ყველგან დავეხმარო, სადაც მწვრთნელი მოისურვებს. ეს თამაშზეა დამოკიდებული, სასტარტოში ვიქნები თუ სათადარიგოზე. ვიცი, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შემიძლია, ამიტომ ვცდილობ, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
- უყურე "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას?
კი.
- რას ფიქრობდი ამაზე "ბარსელონას" პერსპექტივიდან?
არ ვფიქრობ, რომ ადგილები სწორად განაწილდა. პედრისა და რაფინიას უფრო მოწინავე პოზიციები უნდა დაეკავებინათ იმ სეზონის გათვალისწინებით, რომელიც მათ ჩაატარეს. აშკარაა, რომ იამალის "ოქროს ბურთის" მოგება შეიძლებოდა, ეს ყველამ იცის. თუმცა, ვფიქრობ, დემბელეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით გუნდური თვალსაზრისით, მათ ბევრი ტიტული მოიგეს. უსმანი ჩვენი თანაგუნდელიც იყო, ამიტომ მის გამო ბედნიერი ვარ.
- ვინ მიგაჩნია ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად?
ლამინ იამალი. ის თავის საოცარ ნიჭს ყოველ თამაშში ავლენს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: დემბელეს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.
- მოუთმენლად ელი "სპოტიფაი კამპ ნოუზე" დაბრუნებას?
კი, ძალიან. ყველა ფეხბურთელსა და გულშემატკივარს სურს სახლში დაბრუნება, ისევე, როგორც მე. ვფიქრობ, ეს დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან "სპოტიფაი კამპ ნოუ" შთამბეჭდავი სტადიონია.
- რას აფასებ ყველაზე მეტად "ბარსელონაში" თამაშში?
ჩემნაირი ფეხბურთელისთვის, ისევე, როგორც ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის, რომლებიც ბავშვობიდან "ბარსაში" მოდიან, "ლა მიასიაში" თამაში, პირველ გუნდში მოხვედრა, ტიტულების მოგება საყვარელ კლუბთან ერთად, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ოჯახი "ბარსელონას" გულშემატკივარია. მათ ბავშვობაში სტადიონზე ხშირად დავყავდი. ახლა "სპოტიფაი კამპ ნოუზე" თამაში, როდესაც დავრბუნდებით, კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება. ეს ახდენილი ოცნებაა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 სექტემბერი 2025 01:30
    0
    ამისთვის ფლიკის გარდა ყურადღება არავის მიუქცევია, და მშვენიერ ხოდზე დააყენა.
    Culé [?]
    #5 27 სექტემბერი 2025 17:19
    0
    ბუსკეცი კარიერას ასრულებს ეგ მაინც დაწერეთ ბარსას ლეგენდააა
    წევრი [?]
    #4 27 სექტემბერი 2025 15:37
    0
    ამ ბიჭით დავრწმუნდი რომ კარგ მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელის გამოყენება საჭირო დროს საჭირო ადგილას
    ფანი [?]
    #3 27 სექტემბერი 2025 08:39
    0
    შესაძლებელია გარსია რეალთან დაბრუნდეს. მანამდე შესნით უნდა გავიტანოთ თავი
    Culé [?]
    #2 27 სექტემბერი 2025 07:35
    2
    ძალიან საჭირო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ერიკი
    Culé [?]
    #1 26 სექტემბერი 2025 22:35
    0
    მალე ამ საცოდავს კარშიც ჩააყენებენ ის შესნიც დაიმტვრევა