ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი | ბარსამ ზედიზედ ოთხი ელ კლასიკო მოიგო

ბარსელონამ ლა ლიგის 35-ე ტურში რეალ მადრიდს უმასპინძლა და 4-3 დაამარცხა.
საწყის წუთებში კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა, მაგრამ ბარსამ პირველივე ტაიმში დააქამბექა - ფრანგის მეორე გოლიდან მალევე ერიკ გარსიამ გაიტანა, შემდეგ ლამინ იამალმა ანგარიში გაათანაბრა, რაფინიამ კი გუნდი დააწინაურა. ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ორბურთიანი სხვაობით წინ უკვე ბარსელონა გავიდა.
მეორე ნახევარში მბაპემ ერთი ბურთი გაქვითა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამას ემატებოდა ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესისა და ვიდეორეფერის ოთახში მყოფი არბიტრების არაადეკვატური გადაწყვეტილებებიც - მსაჯებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბარსას წაეგო, თუმცა ჰანსი ფლიკის შეგირდებმა ეს მატჩი მაინც არ დათმეს და 4-3 მოიგეს.
ბარსელონა 4-3 რეალ მადრიდი
⚽️ 0-1 | მბაპე 5’ (რეალ მადრიდი)
⚽️ 0-2 | მბაპე 14' (რეალ მადრიდი)
⚽️ 1-2 | ერიკ გარსია 19’ (ბარსელონა)
⚽️ 2-2 | იამალი 32’ (ბარსელონა)
⚽️ 3-2 | რაფინია 34' (ბარსელონა)
⚽️ 4-2 | რაფინია 45' (ბარსელონა)
⚽️ 4-3 | მბაპე 70’ (რეალ მადრიდი)
შედეგად, ბარსელონამ რეალ მადრიდი მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაამარცხა: 4-0, 5-2, 3-2, 4-3. თანაც, აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი დაპირისპირებიდან, ორი ფინალი იყო (ესპანეთის სუპერ თასსა და კოპა დელ რეიზე). ბარსამ 16 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა.
ბარსელონა ლა ლიგაში დღევანდელ ელ კლასიკომდეც პირველ ადგილზე იყო, ახლა კი რეალ მადრიდთან სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.
ხუთშაბათს, 15 მაისს, ბარსელონა გასვლაზე ესპანიოლს დაუპირისპირდება - მოგების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონობასა და სეზონში მე-3 ტიტულს გაინაღდებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მანამდეც დასრულდეს - თუ 14 მაისს რეალ მადრიდი სანტიაგო ბერნაბეუზე მალიორკას ვერ მოუგებს, ბარსა გაჩემპიონდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადრიდელები ყველა შეხვედრას მოიგებენ, “ბლაუგრანას” დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 2 ქულა სჭირდება, რომ ჩემპიონი გახდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 73 ]