CL-ს მონაწილე გუნდების დაჩოქების მიზეზისა და "ევროპა ლიგის" გამარჯვებულის შეხვედრა
26 აგვისტოს, ევროპა და სრულიად მსოფლიო, "ევროპის სუპერთასის" მფლობელის ვინაობას შეიტყობს. "ბარსელონა", როგორც "ჩემპიონთა ლიგის" მონაწილე გუნდების მუხლებზე დაჩოქების მიზეზი და "პორტუ", როგორც "ევროპა ლიგის" გამარჯვებული, ერთმანეთს მონაკოში, "სუპერთასისთვის" ბრძოლის გამო დაუპირისპირდებიან. ეს კატალონიელებისა და პორტუგალიელების მერვე შეხვედრა გახლავთ...
ტრადიციულად, "ევროპის სუპერ თასის" ფინალს, მონაკო უმასპინძლებს, რომელიც წელს კატალონიის "ბარსელონასა" და პორტუგალიის "პორტუს" შორის გათამაშდება. აქამდე ჩატარებული 7 შეხვედრიდან, 4–ჯერ გამარჯვება ბლაუგრანელებმა იგემეს, ხოლო სამჯერ პორტუგალიელებმა."ჩემპიონთა ლიგაზე", ძველ "ევროპის თასზე", კლუბები ერთმანეთს პირველად 1985/86 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. ტერი ვენაბლესის გუნდმა 1/8 ფინალში პორტუგალიური გუნდი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 2–0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში გამარჯვება პორტუგალიური კლუბის ფეხბურთელებს ხვდათ წილად. მართალია, მათ ანგარიშით 3–1 გაიმარჯვეს, თუმცა ის ერთი გატანილი გოლი საბედისწერო აღმოჩნდა და 1/4 ფინალის საგზურიც ბლაუგრანელებმა მიისაკუთრეს.
შემდეგი დაპირისპირება 1993/94 წლების სეზონში შედგა, როდესაც კრუიფის "Dream Team"–ი "პორტუს" 1/2 ფინალში დაუპირისპირდა და მათი დამარცხებაც 3 გოლის დახმარებით მოახერხეს. 3 გოლით, რომელსაც პასუხი არ მოჰყოლია.
კრუიფის გარდა, "პორტუსთან" დაპირისპირება მწვრთნელის რანგში, კიდევ ერთ ჰოლანდიელს მოუწია. ეს ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი გახლდათ. 1999/00 წლების სეზონში, "ბარსელონა" "პორტუს" ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა, სადაც ფრანკ დე ბურის, კლიუვერტისა და რივალდოს დუბლის წყალობით, გუნდმა 4–2 გაიმარჯვა. საპასუხო შეხვედრა ჩვეულებისამებრ, პორტუგალიაში გაიმართა. აბელარდისა და რივალდოს გოლებმა, გუნდს წარმატება მოუტანა და გასვლითი შეხვედრა ანგარიშით, 0–2 დაასრულეს.
26 აგვისტოს შეხვედრის მთავარი გმირები ერთმანეთს "უეფას თასის" ფინალისკენ მიმავალ გზაზეც შეხვედრიან. "უეფას" 1/32 ფინალში, კატალონიელები დამარცხდნენ. დამარცხდნენ ორივე მატჩში – მატჩში, რომელიც კატალონიაში გაიმართა და მატჩში, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. ეს ფაქტი კი არც ისე ახლო წარსულში, 1972/73 წლების სეზონში მომხდარა...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]