“ბეტისი” vs “ბარსელონა” | მატჩისწინა მიმოხილვა

“ბეტისი” vs “ბარსელონა” | მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონამ” 2021 წელს 10-დან 9 მატჩი სტუმრად გამართა. ლა ლიგის 22 ტურშიც კატალონიელები “ბენიტო ვილამარინზე” “ბეტისს” დაუპირისპირდებიან და ცხრილის ლიდერ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ქულათა სხვაობის შემცირებას შეეცდებიან. 

“ბარსა” ანდალუსიელებთან შეხვედრით საკმაოდ დატვირთულ კალენდარს იწყებს, მათ 30 დღეში 9 მატჩის ჩატარება მოუწევთ.

გუნდების ფორმა

“ბარსელონა” სევილიელებთან შეხვედრას ლა ლიგაში 10-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით ხვდება, ხოლო მასპინძლები 5 თამაშია, რაც ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ეგიდით არ დამარცხებულან.

“ბარსამ” ლა ლიგის წინა ტურში “ბილბაოს ატლეტიკი” საშიანო კედლებში ანგარიშით 2-1 დაამარცხა, რითაც ბოლო 10 მატჩში 8 გამარჯვება და 2 ფრე დაუგროვდა. ბოლო ტურებში წარმატებული გამოსვლით კატალონიელებს 20 შეხვედრაში 40 ქულა აქვთ და “როხიბლანკოსს” 10 ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხება “ბეტისს”, მათ 21 შეხვედრაში 30 ქულა აქვთ მოპოვებული. წინა ტურში ამავე არენაზე გამართულ მატჩში მათ “ოსასუნა” მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. შედეგად, ანდალუსიელებს ბოლო 5 მატჩში 3 გამარჯვება და 2 ფრე დაუგროვდათ.

ურთიერთშეხვედრები

ყველა ტურნირზე ერთად “ბარსასა” და “ბეტისს” 131 შეხვედრა აქვთ გამართული, საიდანაც 29 სევილიელების გამარჯვებით დასრულდა, 78-კატალონიელების სასარგებლოდ. 24 მატჩში კი საყაიმო შედეგი დაფიქსირდა.

უშუალოდ “ბენიტო ვილამარინზე” კატალონიელებს უფრო მოკრძალებული სტატისტიკა აქვთ. “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 26 შეხვედრა მოიგეს, ფრედ 17 დასრულდა, 21 მატჩში კი მასპინძელმა “ბეტისმა” იმარჯვა.

ბოლოს სევილიელებმა “ბარსელონას” ლა ლიგის ეგიდით საშიანო კედლებში მარცხი 2008 წელს აგემეს. მაშინ მასპინძლებმა “ბლაუგრანა” ნგარიშით 3-2 დაამარცხეს.

ამასთანავე “ბარსამ” ბოლო 3 შეხვედრაში მეტოქე გუნდის კარი 12-ჯერ დალაშქრა.

გუნდების დანაკლისი

“ბარსას” შემადგენლობაში დანაკლისი კვლავინდებურად იგივეა. გუნდს ჟერარ პიკე, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო და სერჟი რობერტო ტრავმის გამო დააკლდება. მათგან უკანასკნელმა წინა შეხვედრაში მონაწილეობა შეძლო, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის რეციდივი მოხდა და რობერტოს კიდევ 6 კვირით უქმობა მოუწევს.

“ბეტისის” მხრიდან დიეგო ლაინესი, ვიქტორ კამარასა და დანი მარტინი ვერ ითამაშებენ. ძველი “ბლაუგრანელების”, კლაუდიო ბრავოსა და მარკ ბარტრას თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მსაჯი

ხვალინდელ შეხვედრას ესპანელი კარლოს დელ სერო გრანდე განსჯის.

ის “ბარსელონას” 32 შეხვედრაში იყო მონაწილე პირი და აქედან “ბლაუგრანამ” 26 მათგანში იმარჯვა, 3 ფრედ დასრულდა და 3-შიც დამარცხდა.

დელ სერო გრანდემ კატალონიელი ფეხბურთელი მინდვრიდან 4-ჯერ გააძევა და მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი 5-ჯერ დანიშნა. 

საპირისპირო მხრიდან თუ შევხედავთ, “ბარსას” ოპონენტებს ფეხბურთელი ასევე 4-ჯერ გაუძევა და მათ სასარგებლოდ მხოლოდ 2 პენალტი დანიშნა.

საინტერესო ფაქტები

“ბარსელონამ” “ბეტისს” ბოლო 15 მატჩიდან 13 მოუგო და ამასთანავე ბოლო 6 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლიც გაუტანა. 

მიუხედავად დომინანტური სტატისტიკისა, ბოლო 3 შეხვედრაა, რაც პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ ფრე ფიქსირდებოდა და “ბლაუგრანას” თამაშში გარდატეხა მეორე ტაიმში შეჰქონდა.

გაცილებით მკაფიოა “ბარსელონას” უპირატესობა “ბენიტო ვილამარინზე”. იქ ლა ლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში “ბარსა” როგორც თამაშს, ისე პირველ ტაიმსაც იგებს.

“ბარსელონასთან” ასეთი უხვგოლიანი შეხვედრების სტატისტიკის მიუხედავად, “ბეტისის” ბოლო 6 საშიანო შეხვედრიდან 5-ში, 3 გოლზე ნაკლები გადის. 

საინტერესო მოთამაშეები

“ბეტისი” მესის ძალიან უყვარს. თითოეულ თამაშში მის მიერ გატანილ შედევრებზე ცალ-ცალკე რომ არ ვილაპარაკოთ, უბრალო სტატისტიკური მონაცემიც ამის დასტურად გამოდგება.

არგენტინელმა ყველა ტურნირზე ერთად, “ბეტისის” წინააღმდეგ 23 შეხვედრაში ითამაშა, მის ანგარიშზე კი 25 გოლი და 10 ასისტია.

ლიონელ მესის გარდა, მეტოქე გუნდში კლაუდიო ბრავოსა და მარკ ბარტრას სახით, ორი ყოფილი “ბლაუგრანელია”. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მათი თამაში საეჭვოა.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანმა გადატვირთულ გრაფიკზე გაამახვილა ყურადღება და შემადგენლობაში შესაძლო როტაციაც დააანონსა.

მძიმე სიტუაციაში ვართ, რადგან ბევრი თამაში გვაქვს. 4 მატჩში დამატებითი დრო, უამრავი გასვლითი შეხვედრა, მგზავრობა.”

“ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ფიზიკური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგ კონდინციებშია. ასე რომ არ იყოს, ჩვენ იანვარში დაფიქსირებულ შედეგს ვერ დავდებდით.”

მანუელ პელეგრინის მესის კონტრაქტზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჩილელმა ძალიან დელიკატური პასუხი გასცა:

“მესის კონტრაქტი? პირადული ინფორმაცია საჯაროდ არ უნდა გამოქვეყნდეს. ყველაფრის მიუხედავად, თუ მესი ამდენს გამოიმუშავებს, მას ეკუთვნის კიდეც. ის ლა ლიგას დიდ ღირებულებას მატებს, რაც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია.”

სავარაუდო შემადგენლობები

Whoscored.com -ის მიხედვით, სავარაუდო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ალბა, არაუხო, ლანგლე, დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

“ბეტისი”: რობლესი, ემერსონი, მანდი, რუისი, მორენო, როდრიგესი, კანალესი, ფეკირი, როდრი, ხოაკინი, მორონი.

Sofascore.com -ის მიხედვით, “ბარსას” სავარაუდო შემადგენლობა იდენტურია, ანდალუსიელების კი ოდნავ განსხვავებული:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ალბა, არაუხო, ლანგლე, დესტი, დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

“ბეტისი”: რობლესი, ემერსონი, მანდი, რუისი, მორენო, როდრიგესი, კანალესი, ფეკირი, ტელიო, რუიბალი, იგლესიასი.

პროგნოზი

Whoscored.com: “ბეტისი” 2-3 “ბარსელონა”

Sportsmole: “ბეტისი” 1-2 “ბარსელონა”

Sportskeeda: “ბეტისი” 2-2 “ბარსელონა”

ტრანსლაცია

შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:55-ზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nikusha
    schedule 07 თებ 2021, 19:14

    კრისტიან ტელიო გამოგრჩათ მგონი მწერალო სადაც ბარტრა და ბრავო ახსენე

  • me da barca
    schedule 07 თებ 2021, 18:12

    ბეტისთან ლეოს გოლი-შედევრი მახსენდება.

  • OLD
    schedule 07 თებ 2021, 16:55

    უნივერსალზე გავა

  • M10 S9 D11
    schedule 07 თებ 2021, 15:41

    უხვგოლიანი მატჩი იქნება

  • BlauGrana_DS
    schedule 07 თებ 2021, 13:39

    თუ არ დამაგლეჯთ ნერვებს და პირველსავე ტაიმში მოაყომარებთ ასე 3 გოლს მაინც მადლობელი ვიქნები,
    წნევის წამლები და ვალიდოლი აღარ მინდა, გაიგეთ რა!

  • Always cule
    schedule 07 თებ 2021, 13:07

    უნდა მოვიგოთ აუცილებლად

  • Guardiola21
    schedule 07 თებ 2021, 12:32

    4 ბურთით ვუგებთ ❤

  • BEQA BARCA
    schedule 07 თებ 2021, 11:51
    ტერ შტეგენი,
    ალბა, უმტიტი, ლანგლე/მინგესა, დესტი,
    დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი,
    დემბელე, მესი, გრიზმანი.

    არაუხოს დასვენების დროა!! ლენგლე მინგესადან კი კუმანი ლენგლეს აირჩევს დიდი ალბათობით.