ლამინ იამალი საკუთარ სიტყვას არა მხოლოდ მოედანზე ამბობს – სადაც “ლევანტესთან” დუბლი შეასრულა და ექვსი გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში რაფინიას, კილიან მბაპესა და სერხიო კამელიოს გაუთანაბრდა – არამედ მის მიღმაც. გადაცემა Universo Valdano-ს ანონსში, რომლის სრული ვერსიაც Movistar+-ის ეთერში 18 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა, 19 წლის შემტევი 26 ოქტომბერს ლონდონში გასამართ “ოქროს ბურთის” ცერემონიაზე საკუთარ შანსებზე ღიად საუბრობს.
“ვის მივცემდი ჯილდოს? მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. ვის მისცემენ? გულწრფელად რომ ვთქვა, მსოფლიოში საუკეთესო ალბათ ორი ვართ: მე და მბაპე. თუმცა მიმაჩნია, რომ წელს ‘ოქროს ბურთს’ იმ ტიტულების გამო, რაც მოვიგე, მე ვიმსახურებ. ყველამ, ვინც მატჩებს უყურებს, ეს ძალიან კარგად იცის.”
ტიტულები, პირადი რეკორდები და მსოფლიო ჩემპიონატი
გასულ სეზონში ლამინ იამალმა “ბარსელონასთან” ერთად ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, კარიერის საუკეთესო პირადი სტატისტიკა დააფიქსირა (24 გოლი და 18 საგოლე გადაცემა), ზაფხულში კი აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად პლანეტის ჩემპიონი გახდა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ვარსკვლავმა აღიარა, რომ მუნდიალზე საკუთარი თამაშით სრულად კმაყოფილი არ დარჩენილა:
“მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბედნიერი არ ვიყავი. ტრავმა მართლაც მქონდა, მაგრამ ეს გამართლება არ არის. ვიცი, რომ სხვა დროს ეს ტურნირი რომ გამეორდეს, ტრავმის გარეშე იმავე დონეზე არ დავრჩებოდი. მოედანზე ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ხალხმა ვერ შეამჩნია. მაგალითად, მწვრთნელისთვის დაუჯერებელი ფუფუნებაა ფეხბურთელი, რომელსაც ერთდროულად სამი მეტოქე გადაჰყავს. თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვიყავი: ვიცი, რომ სხვა მოთამაშე ჩემი სტატისტიკით იტყოდა, რომ დიდებული მუნდიალი ჩაატარა, მაგრამ მე გაცილებით მეტი შემეძლო. გუნდს ნამდვილად დავეხმარე, თუმცა ერთი სული მაქვს, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატი როდის მოვა.”
ადრეული ტრიუმფები და ისტორიაში შესვლის ამბიცია
19 წლის ასაკში მის აქტივში უკვე არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, სამი ლა ლიგა, ორი ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ესპანეთის თასი, თუმცა ლამინი გაჩერებას არ აპირებს:
“ფეხბურთში უდიდესი ვარსკვლავები იყვნენ – ლეო, კრიშტიანუ ან დიეგო, რომლის თამაშიც მე არ მინახავს – მაგრამ ასეთ ადრეულ ასაკში ამდენი ტიტული არავის მოუგია. პელეს შემთხვევაა, რომელმაც ადრეულ ასაკში ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ახლო წარსულში მსგავსი რამ არ მომხდარა. ზოგს ჰგონია, რომ ტიტულების გამო ოდესმე მოვდუნდები, მაგრამ მე ვიცი, რომ ათასი რამ მაქვს გასაკეთებელი, რათა ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩავეწერო.”
ლამინ იამალის კანდიდატურას “ოქროს ბურთზე” სრულ მხარდაჭერას უცხადებენ როგორც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, სპორტული დირექტორი დეკუ და პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, ასევე ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუის დე ლა ფუენტე.
forum კომენტარები (0)