ლამინ იამალი შესანიშნავ ფორმაშია. “ბარსელონას” 10-იანმა სექტემბერი საოცარი შედეგით დაასრულა – კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ერთ თვეში 16 საგოლე მოქმედება მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. იამალმა შედეგიანი სერია “ბარსელონას” მაისურით ხუთივე შეხვედრაში გააგრძელა, შემდეგ კი იგივე ფორმა ესპანეთის ნაკრებშიც გადაიტანა.
6 გოლი და 6 ასისტი “ბარსელონაში”
იამალმა სექტემბერი “ვალენსიასთან” 5-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლით დაიწყო. შემდეგ “ფეიენოორდთან” 5-1 გამარჯვებისას ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ლევანტესთან” 4-2 მოგებულ მატჩში მან კიდევ ორი გოლი გაიტანა, “რასინგ სანტანდერთან” 7-2 გამარჯვებაში კი ერთი გოლითა და ორი ასისტით გამოირჩა. სექტემბრის ბოლო საკლუბო შეხვედრაში, “სევილიასთან” 3-1 მოგებისას, იამალმა კიდევ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
საბოლოოდ, სექტემბერში მან “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 6 გოლი და 6 ასისტი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მატჩში იამალი მინიმუმ ორ გოლში უშუალოდ მონაწილეობდა.
იგივე შედეგიანობა ესპანეთის ნაკრებში
იამალმა მაღალი დონე სანაკრებო მატჩებშიც შეინარჩუნა. მან ინგლისთან 3-2 და ხორვატიასთან 4-1 გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
“უემბლიზე” ინგლისის წინააღმდეგ მან ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნა. ხორვატიასთან შეხვედრაში კი კვლავ სწრაფად გაიტანა, შემდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა და მოგვიანებით მეორე გოლიც მიითვალა.
ამგვარად, სექტემბერი გოლებისა და საგოლე გადაცემების რაოდენობით ლამინ იამალის კარიერაში ყველაზე პროდუქტიული თვე გახდა.
წინ ოქტომბერია – თვე, როდესაც “ოქროს ბურთის” გამარჯვებული გამოვლინდება.
პირველი ოქროს ბურთი მოდის ჩვენ ბიჭთან და დიდი იმედი მაქვს პირველი ტრებლიც სულ მალე.