ჟოან ლაპორტა კოპენჰაგენში European Football Clubs-ის (EFC) 33-ე ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. “ბარსელონა” ორგანიზაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით პირველად დაესწრო მას შემდეგ, რაც კლუბმა სუპერ ლიგის შექმნის მცდელობის პერიოდში ECA დატოვა.
ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ისაუბრა EFC-ში დაბრუნებაზე, სანაკრებო პაუზებით გამოწვეულ პრობლემებზე, მიგელ ანხელ ხილ მარინთან ურთიერთობაზე, “რეალ მადრიდთან” დაპირისპირებაზე, პსჟ-სთან მომავალ მატჩსა და ოქროს ბურთზე.
ეს “ბარსელონას” პირველი ასამბლეაა EFC-ში სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დაბრუნების შემდეგ.
დიახ. მადლობელი ვართ იმ მიღებისთვის, რომელიც “ბარსელონას” European Football Clubs-ში დაბრუნებისას მოგვიწყვეს და იმისთვისაც, რომ ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი როლი შემოგვთავაზეს. პირადად ნასერ ალ-ხელაიფისაც ვუხდი მადლობას, რადგან მან “ბარსელონას” დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ევროპულ ინსტიტუტებში მონაწილეობას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და აქ ყოფნით კმაყოფილები ვართ.
ევროპულ კლუბებში შეშფოთებას იწვევს სანაკრებო პაუზების გამო ფეხბურთელების დატვირთვა?
დიახ. მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი ვნებით ვთამაშობთ, მაგრამ საერთო ინტერესებიც გვაქვს – შეჯიბრებების გაუმჯობესება, კლუბების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება, ახალგაზრდა ტალანტებისთვის შესაძლებლობების შექმნა და ფეხბურთელების დაცვა.
ამ სანაკრებო პაუზებთან დაკავშირებით შეშფოთება არსებობს, რადგან ისინი თითქმის წინასასეზონო მომზადებას ჰგავს. ასეთ პერიოდში ტრავმის მიღების რისკი მაღალია. სამწუხაროდ, “ბარსელონაშიც” გვქონდა შემთხვევები. ერიკ გარსიას ტრავმა, როგორც ჩანს, მსუბუქია, ხოლო გავიგე, რომ ბრაზილიის ნაკრებში რაფინიაც შეცვალეს, რადგან დისკომფორტი იგრძნო. ვნახოთ, რამდენად სერიოზულია პრობლემა.
რაფინიას მალე კლასიკო ელის.
დიახ. მსგავსი რამ “რეალ მადრიდში” კილიან მბაპესაც დაემართა. მისი ტრავმის ზუსტი მდგომარეობა არ ვიცი და იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია.
მბაპეს შემთხვევაში ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტაოდენი თეატრიც არის?
იმაზე მეტი ინფორმაცია არ მაქვს, ვიდრე მედიაში გავრცელდა. შეიძლება რაღაც მომენტში ყველას გაგვიჩნდეს ასეთი აზრი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში აქტიურად მონაწილეობდნენ და თამაშისთვის მზად იყვნენ.
ვიცით, რომ ნაკრებში წასვლა მათი ვალდებულებაა და ამას პატივს ვცემთ, თუმცა ფეხბურთელებს კლუბებში ვამზადებთ და მათ განვითარებაში კლუბები დებენ რესურსს.
როგორი იყო თქვენი შეხვედრა “ატლეტიკოს” აღმასრულებელ დირექტორ მიგელ ანხელ ხილ მარინთან?
ძალიან თბილი და შესანიშნავი. შეხვედრისას ორივემ ვიფიქრეთ, რომ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა და ჩვენი პირადი ურთიერთობაც უნდა გაგრძელდეს.
მას ძალიან ვაფასებ და ეს იცის. მისგანაც იმავე დამოკიდებულებას ვგრძნობ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ვფიქრობ, უთანხმოებები მოვაგვარეთ. ურთიერთობა ისეთ მდგომარეობაში დავაბრუნეთ, როგორშიც უნდა იყოს და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
“რეალ მადრიდთან” კი ვითარება განსხვავებულია. “ბარსელონამ” ფლორენტინო პერესის განცხადებების შემდეგ მორიგების პროცედურა დაიწყო.
ვერ მივიღებთ იმას, როდესაც სიმართლეს ამახინჯებენ და ყოველი საჯარო გამოსვლის დროს “ბარსელონას” ესხმიან თავს. ასეთ შემთხვევებში ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი რეაგირებს.
ასევე ვრეაგირებთ ყველასთან მიმართებით, ვინც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკვე გაგვასამართლა ან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
იმედი მაქვს, პოზიციას შეცვლიან და საკითხი მოგვარდება. “რეალ მადრიდთან” ურთიერთობა გაწყვეტილია. ისინი ნეგრეირას საქმეში ჩაერთნენ და ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ საქმის გაჭიანურებასა და მათი ტელევიზიის მოქმედებებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული ნარატივის გამართლებას ემსახურება. სწორედ აქ არის დაპირისპირება და ამჟამად ჩვენს შორის ურთიერთობა პრაქტიკულად არ არსებობს.
ალ-ხელაიფისთან “ბარსელონასა” და პსჟ-ს შესაძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრეთ?
ორივეს გვგონია, რომ ჩვენი გუნდები ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფთა შორის არიან. ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან, ჩვენ კი ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ.
ჩემი აზრით, “ბარსელონა” – პსჟ ან პსჟ – “ბარსელონა” ევროპული დონის განსაკუთრებული მატჩია. 20 ოქტომბერს ვითამაშებთ. ამაზე ვისაუბრეთ და პარიზში წასვლა და მატჩამდე შეხვედრა სასიამოვნო იქნება. ვფიქრობ, შესანიშნავი შეხვედრა გველის.
ოქროს ბურთის კენჭისყრა დასრულებულია. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა მოიგოს?
როგორც “ბარსელონას” გულშემატკივარსა და პრეზიდენტს, მინდა, გამარჯვებული ჩვენი ფეხბურთელი გახდეს. რამდენიმე კანდიდატი გვყავს და ამით ძალიან ვამაყობთ.
თუ ეს ლამინ იამალი იქნება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და თავისი თამაშით საფეხბურთო სამყაროს მუდმივად ართობს. ახალი სეზონიც ძალიან კარგად დაიწყო და მაღალ დონეს ინარჩუნებს.
ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. ვნახოთ, რა მოხდება 26-ში, მაგრამ იმედი გვაქვს, სამართლიანობა იზეიმებს და გამარჯვებული “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება. თუ ეს ლამინი იქნება, განსაკუთრებით ბედნიერები ვიქნებით.
კვირას ქალთა კლასიკო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება.
დიახ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. შემადგენლობა განვაახლეთ და რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ. რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ახალწვეულები “ბარსელონას” ქალთა გუნდში კარგად ინტეგრირდებიან.
კვლავ ვიგებთ მატჩებს და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ. ვნახოთ, რა მოხდება კლასიკოში.
რაფინიაზე დაიწეროს რამე, აქამდე არ ჩაუტარდა გამოკვლევა? სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბარსაში და აქ ჩაუტარდეს გამოკვლევა თორე თუ გაბაზრდა რო სერიოზული არაა ტრამვა ის ბებერი მარაზმატიკი კიდე ძირითადში დააყენებს და თავის ბინძურ დავალებას ბოლომდე შეასრულებს და სეზონს დაუმთავრებს. ყველა ხვდება რო ამას რეალის გულის მოსაგებად აკეთებს და სულ კიდია ნაკრები. მომავალი მსოფლიოსთვის ანჩელოტი სად იქნება აღარ მინდა თქმა. იმედია იქ სადაც მაგ ნაგვის ადგილია. პერესის გვერდით, რამდენიმე მტკაველის დაშორებით 😂