workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის კომენტარი ლევანტესთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ლევანტესთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 13 სექტემბერი, 18:15

“ლევანტესთან” გასვლითი შეხვედრის წინ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მედიის კითხვებს უპასუხა. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდის მიმდინარე მდგომარეობა, სეზონის ამოცანები და მოთამაშეთა მზადყოფნა დეტალურად შეაფასა.

განაცხადში მთავარი სიახლე ერიკ გარსიას დაბრუნებაა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. “ვალენსიასთან” მიღებული მოტეხილობის გამო, მცველი მოედანზე დამცავი ნიღბით გავა.

მიზანი ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაა

ლა ლიგაში მოტივაციის შენარჩუნებაზე საუბრისას ფლიკმა აღნიშნა:

“ბოლო ორ წელთან შედარებით არაფერი შეცვლილა. წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ეს ჩვენი მიზანია, თუმცა ლა ლიგის მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ გამარჯვება დაუჯერებელი შედეგი იქნება.

ჩემთვის მთავარია, როგორ ვვარჯიშობთ და როგორ ვინარჩუნებთ ფორმას – კვება, ძილი, სხეულისა და გონების მოვლა. ზოგჯერ ცოტათი მოდუნებაც სასარგებლოა. ფეხბურთელებს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. გვყავს ექსპერტები, რომლებმაც თავიანთი საქმე იციან და გვაქვს ინფრასტრუქტურა განვითარებისთვის. ახალი სავარჯიშო დარბაზიც ნახეთ – იმედია, მალე დასრულდება, რათა შიდა სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდეს. ეს ყველაფერი მოთამაშეთა პროგრესს ემსახურება.”

სოსიოსების მხარდაჭერა და გუნდის პროგრესი

კითხვაზე Blaugrana Observatory-ის გამოკითხვაში მიღებულ მაღალ შეფასებასთან (9.5) დაკავშირებით, მწვრთნელმა მოკრძალება შეინარჩუნა:

“საკუთარ თავზე საუბარი არ მჩვევია, რადგან მხოლოდ მწვრთნელი ვარ. სამუშაოს მოედანზე ფეხბურთელები ასრულებენ. მყავს დიდებული გუნდი, სავსე გამოცდილი პროფესიონალებით. ამ მომენტში ყველაფერი კარგად მიდის და სიტუაციით ძალიან კმაყოფილი ვარ. სიამოვნებას ვიღებ, თუმცა ვიცი, რომ კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არ ვარ. მოთამაშეების შრომას ძალიან ვაფასებ.”

ფლიკმა ფიზიკური მომზადების ახალ სისტემასა და შემადგენლობის სიძლიერეზეც გაამახვილა ყურადღება:

“ეს ახალი ფილოსოფიაა. ვითვალისწინებთ იმ მოძრაობებს, რომლებსაც ფეხბურთელები მოედანზე აკეთებენ. ახალი მწვრთნელები მოვიდნენ, გუნდის ხარისხი და სამუშაო კი უმაღლესია. ენერგია ძალიან პოზიტიურია და ამას ყველა გრძნობს.

ეს შემადგენლობა შარშანდელზე უკეთესია. ბევრს ვსაუბრობთ შეტევაზე, რადგან უამრავი გოლი გაგვაქვს, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია დაცვა. ვხედავ, რომ ყველა ფანტასტიკურ დონეზე თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პაუ კუბარსი სრულიად განსხვავებულ დონეზე ასპარეზობს. მან ფიზიკური კონდიციები მკვეთრად გაიუმჯობესა, რაც მის პოზიციას ძალიან სჭირდება. ბურთით კი ფანტასტიკურად მოქმედებს – ანდრეას კრისტენსენთან ერთად თამაშობს თუ ჟერარდ მარტინთან.”

ჰამზა აბდელკარიმის კონტრაქტი, რაფინია და როტაცია

ახალგაზრდა ეგვიპტელი თავდამსხმელის კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე ფლიკმა კლუბის მუშაობა შეაქო:

“კლუბმა შესანიშნავად იმუშავა. ჰამზამ წინასასეზონო შეკრებაზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და სხვებს ღირსეულ კონკურენციას უწევს. ის განსხვავებული პროფილის მოთამაშეა, კლუბის მომავლის დიდი პროექტია და მისი შენარჩუნება აუცილებელი იყო.”

ცხრიანის პოზიციაზე რაფინიას თამაშზე საუბრისას გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა:

“ამ პოზიციაზე სამი განსხვავებული პროფილის ფორვარდი გვყავს, თუმცა იქ თამაში ენტონი გორდონს, კარიმ ადეიემის, დანი ოლმოსა და ფერმინსაც შეუძლიათ. რაფა კი უბრალოდ ფანტასტიკურად თამაშობს, წარმოუდგენელ ფორმაშია. ჩემთვის ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.”

სესკ ფაბრეგასის საქებარ სიტყვებზე ფლიკმა კოლეგას კომპლიმენტითვე უპასუხა:

“კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რაც ჩვენს ხელთაა. მეც ძალიან მოხიბლული ვარ სესკის ‘კომოთი’. ვუყურე მათ მატჩს ‘ლაიფციგთან’ და შესანიშნავად ითამაშეს. ჩვენ კი მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე ვფიქრობთ. მატჩიდან მატჩამდე აზროვნება უმნიშვნელოვანესია. სწორ გზაზე ვართ, მაგრამ სეზონის ბოლომდე გრძელი გზაა გასავლელი.”

შესაძლო როტაციაზე კი მწვრთნელმა დასძინა:

“როტაცია თამაშის შემადგენელი ნაწილია და ფეხბურთელებმა ეს უნდა მიიღონ. თითოეულ პოზიციაზე ორი ან სამი თანაბარი დონის მოთამაშე გვყავს. ‘ფეიენოორდთან’ მატჩით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კარგ მომენტში ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი