workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლევანტე – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ლევანტე – ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

calendar_month მატჩის დრო: 13 სექტემბერი, 18:15

“ფეიენოორდთან” დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატს უბრუნდება. დღეს, 13 სექტემბერს, ჰანსი ფლიკის გუნდი მეხუთე ტურში “ლევანტეს” ესტუმრება.

კატალონიელებს ოთხი თამაშიდან მაქსიმალური 12 ქულა აქვთ. ამდენივე დაუგროვდა “რეალ მადრიდსაც”, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. გამარჯვების შემთხვევაში “ბარსა” მთავარ კონკურენტთან სამქულიან უპირატესობას აღადგენს. “ლევანტე” შეხვედრას ხუთი ქულითა და მე-13 პოზიციით ხვდება.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” სეზონის დასაწყისში შედეგიან ფეხბურთს თამაშობს. გუნდმა ლა ლიგაში “ელჩე” 5-0, “ატლეტიკი” 2-0, “რაიო ვალიეკანო” 5-2 და “ვალენსია” 5-0 დაამარცხა, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე “ფეიენოორდთან” 5-1 გამარჯვება მიაყოლა. ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში ხუთი მოგება, 22 გატანილი და სამი გაშვებული გოლი დაგროვდა. ამ ხუთი მატჩიდან ოთხში კატალონიელებმა მეტოქეს ხუთჯერ გაუტანეს.

განსაკუთრებულ ფორმაშია რაფინია, რომელმაც სეზონის ხუთივე ოფიციალურ მატჩში გაიტანა და უკვე რვა გოლი აქვს. შეტევის ეფექტიანობას გასვლითი შედეგებიც ადასტურებს: ჩემპიონატში ორივე სტუმრობა “ბარსამ” 5-0 მოიგო.

“ლევანტეს” შედეგები უფრო არაერთგვაროვანია. ლუიშ კასტროს გუნდმა ჩემპიონატი “ესპანიოლთან” 0-3 მარცხით დაიწყო, შემდეგ “ოსასუნას” უგოლოდ დაუზავდა, შინ “ბეტისი” 5-2 დაამარცხა და “მალაგასთანაც” 0-0 ითამაშა. გამოდის, რომ სტუმრად ჩატარებულ სამ შეხვედრაში ვალენსიელებს გოლი არ გაუტანიათ, ერთადერთ საშინაო მატჩში კი ხუთჯერ გამოიჩინეს თავი.

საკუთარ მოედანზე “ლევანტე” გაცილებით თავდაჯერებულია: წინა სეზონის გათვალისწინებით, გუნდს შინ ზედიზედ ექვსი სალიგო გამარჯვება აქვს. ამიტომ სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ბურთის დაკარგვის შემდეგ სწრაფი რეაგირება და მასპინძელთა კონტრშეტევების შეჩერება.

დანაკლისი

“ბარსელონას” ტრავმების გამო ფრენკი დე იონგი და რუნი ბარდჯი დააკლდებიან. განაცხადს დაუბრუნდა ერიკ გარსია, რომელმაც “ფეიენოორდთან” შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ცხვირის დაზიანების შემდეგ მცველი დამცავი ნიღბით ითამაშებს.

“ლევანტეს” ვერ დაეხმარებიან ალექს პრიმო და კარლ ეტა ეიონგი. კასტრომ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ სხვა დანაკლისი არ აქვს. მწვრთნელის თქმით, ეტა ეიონგის დაბრუნებას არ დააჩქარებენ, რადგან ტრავმის განმეორება არ სურთ.

ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირების ისტორია 47 ოფიციალურ მატჩს ითვლის: “ბარსელონამ” 34 მოიგო, “ლევანტემ” ექვსი, შვიდი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. გოლების შეფარდება კატალონიელთა სასარგებლოდ 140-55-ია.

ლა ლიგაში ჩატარებული 34 მატჩიდან “ბარსამ” 26 მოიგო, ხუთი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. კატალონიელებს მეტოქის კარი ყველა ამ შეხვედრაში აქვთ აღებული, გოლების საერთო შეფარდება კი 101-39-ია.

უშუალოდ ვალენსიაში ჩატარებული ოფიციალური მატჩების გადათვლით, ბალანსი ასეთია: 23 შეხვედრა, “ბარსელონას” 12 გამარჯვება, ექვსი ფრე და ხუთი მარცხი. აქედან ჩემპიონატზე 17 თამაში მოდის: ცხრა მოგება, ხუთი ფრე და სამი წაგება.

ბოლო ოთხი ურთიერთშეხვედრა “ბარსელონამ” მოიგო. უკანასკნელი დაპირისპირება 2026 წლის 22 თებერვალს გაიმართა და კატალონიელთა 3-0 გამარჯვებით დასრულდა. ამ მოედანზე ბოლო სტუმრობა გაცილებით რთული გამოდგა: 2025 წლის აგვისტოში “ბარსა” შესვენებაზე 0-2 აგებდა, საბოლოოდ კი 3-2 მოიგო. “ლევანტესთან” ბოლო ოთხ გასვლით სალიგო შეხვედრაში ათი გაშვებული გოლი ფლიკის გუნდს მოდუნების საფუძველს ნამდვილად არ აძლევს.

მსაჯი

შეხვედრას ხონ ანდერ გონსალეს ესტებანი განსჯის. 41 წლის არბიტრი სეგუნდაში 2019 წლიდან მუშაობდა, ლა ლიგაში კი მიმდინარე სეზონში დაწინაურდა. ეს მისთვის პრიმერაში მესამე მატჩი იქნება. კარიერაში ჩატარებულ 252 შეხვედრაში ის საშუალოდ 4.67 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს აჩვენებს. ამ მატჩების 44.4% მასპინძლებმა მოიგეს, 25.4% კი სტუმრებმა.

გონსალეს ესტებანი თამაშში საშუალოდ 24.9 ჯარიმასა და 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

“ბარსელონას” მონაწილეობით მას აქამდე არ უმსაჯია. “ლევანტემ” მისი მსაჯობით ცხრა მატჩი ჩაატარა: ხუთი მოიგო, სამი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

ვიდეორეფერი ხავიერ იგლესიას ვილიანუევა იქნება.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი

კარგი ხარისხი გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გამოგვადგება, თუ ინტენსივობას, კონცენტრაციასა და აქტიურობას შევინარჩუნებთ.

ფლიკი სეზონის ამ ეტაპზე გუნდის თამაშით კმაყოფილია, თუმცა ფეხბურთელებს ახსენებს, რომ კარგი ფორმა ყოველ მომდევნო შეხვედრაში თავიდან უნდა დაამტკიცონ. ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია.

ლუიშ კასტრო

“ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ მატჩი 0-0-ზე იწყება და თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ თამაშობს.

მასპინძელთა მწვრთნელი გამარჯვებისთვის ემზადება. მისი შეფასებით, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ გუნდმა მთელი შეხვედრის განმავლობაში შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს, საკუთარ მოედანზე გულშემატკივართა მხარდაჭერა კი დამატებითი ძალა იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

Mundo Deportivo / AS

ბარსელონა (4-3-3): ჟოან გარსია – ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჩავი ესპარტი – ფერმინი, როდრი, პედრი – იამალი, რაფინია, გორდონი.

ორივე გამოცემა ჩემპიონთა ლიგის მატჩთან შედარებით ხუთ ცვლილებას ელის. ძირითადში ერიკ გარსიას, ჟერარ მარტინის, ჩავი ესპარტის, ფერმინისა და გორდონის დაბრუნებაა მოსალოდნელი.

პროგნოზი

ანგარიშებში პირველად ლევანტეა მითითებული.

  • WhoScored: 1-3
  • Sportskeeda: 0-3
  • Sports Mole: 1-3
  • Goal: 1-4
  • Sports Illustrated: 1-3
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი