workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი ალავესთან მატჩისთვის დაცვის ახალ ხაზს ამზადებს

ჰანსი ფლიკი ალავესთან მატჩისთვის დაცვის ახალ ხაზს ამზადებს

bolt მოკლედ
"ბარსელონას" დაცვის ხაზში ტრავმების გამო პრობლემები აქვს. ჰანსი ფლიკს "ალავესთან" მატჩისთვის ახალი კომბინაციის მოძებნა მოუწევს.

“ბარსელონას” ტრავმების პრობლემა კვლავ აწუხებს. “რეალ მადრიდთან” გამართულმა კლასიკომ გუნდს კიდევ ერთი დანაკლისი მოუტანა. ჩავი ესპარტი ტრავმირებულ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომელთა შორის ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და ჟიულ კუნდეც არიან.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი შანსი კუნდეს აქვს, რომ 31 ოქტომბერს “ალავესთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, 3 ნოემბერს, ასევე 23:55 საათზე, “ბარსელონა” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ასტონ ვილას” უმასპინძლებს.

კუნდემ კოჭის ტრავმა ლა ლიგაში “ბეტისთან”, “ლა კარტუხაზე” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რომ ფრანგი მცველი “ალავესთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.

რაც შეეხება კრისტენსენს, დანიელმა ფეხბურთელმა “სევილიასთან”, “სანჩეს პისხუანზე” გამართულ შეხვედრაში მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთის დაზიანება მიიღო. ის “ალავესთან” ვერ ითამაშებს, თუმცა შესაძლოა, 8 ნოემბერს “ატლეტიკოსთან” გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზად იყოს.

უფრო რთული ვითარებაა ერიკ გარსიას შემთხვევაში. ესპანელმა მცველმა “ბეტისთან” შეხვედრაში მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მის გამოჯანმრთელებას კიდევ დრო სჭირდება.

ფლიკს დაცვის ახალი კომბინაციის მოძებნა მოუწევს

მიუხედავად იმისა, მოხვდება თუ არა კუნდე ძირითად შემადგენლობაში, ფლიკს “ალავესთან” დაცვის განსხვავებული ხაზის გამოყენება მოუწევს.

პაუ კუბარსისა და ჟერარ მარტინის ცენტრალურ მცველებად თამაშის შემთხვევაში, გერმანელ სპეციალისტს ფლანგებზე არჩევანის გაკეთება დასჭირდება.

კუნდეს ამ სეზონში მარჯვენა მცველად უთამაშია როგორც ესპარტის, ისე ჟოაუ კანსელუს მარცხენა ფლანგზე ყოფნისას, თუმცა ამ კომბინაციებში ცენტრალურ მცველებად კრისტენსენი და ერიკ გარსიაც თამაშობდნენ. თავად კუნდეს დაცვის ცენტრში ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.

ამასთან, კანსელუ მიმდინარე სეზონის 13 ოფიციალური მატჩიდან არცერთში არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

იგივე მდგომარეობაა ალეხანდრო ბალდეს შემთხვევაშიც. “ლა მასიას” აღზრდილს მარცხენა მცველის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა არ დაუწყია. მან მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 86 წუთი ითამაშა.

სხვა ვარიანტი უნივერსალური ბრიან ფარინიასის გამოყენებაა, თუმცა ეს უკვე ექსპერიმენტული გადაწყვეტილება იქნება.

ფლიკმა მიმდინარე სეზონში დაცვის 10 განსხვავებული ხაზი გამოიყენა

ჰანსი ფლიკმა სეზონის დაწყებიდან დღემდე დაცვის ხაზში 10 განსხვავებული კომბინაცია გამოსცადა.

ყველაზე ხშირად გერმანელი მწვრთნელი ერიკ გარსიას, პაუ კუბარსის, ჟერარ მარტინისა და ჩავი ესპარტის ოთხეულს ენდობოდა. ამ შემადგენლობით “ბარსელონამ” “ბილბაოს”, “ვალენსიასა” და “ლევანტეს” წინააღმდეგ ითამაშა.

მიმდინარე სეზონში გამოყენებული დაცვის ყველა კომბინაცია:

  1. ერიკ გარსია, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, ესპარტი
  2. ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ესპარტი
  3. ერიკ გარსია, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი, კანსელუ
  4. ერიკ გარსია, კრისტენსენი, კუბარსი, კანსელუ
  5. ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ
  6. კუნდე, კუბარსი, კრისტენსენი, ესპარტი
  7. კუნდე, კუბარსი, კრისტენსენი, კანსელუ
  8. კუნდე, ერიკ გარსია, ჟერარ მარტინი, ესპარტი
  9. კუნდე, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ესპარტი
  10. ესპარტი, კუბარსი, ჟერარ მარტინი, კანსელუ

დაცვისგან განსხვავებით, ნახევარდაცვასა და შეტევაში ფლიკს ტრავმებით გამოწვეული საკადრო პრობლემები არ აქვს. შესაბამისად, გერმანელ სპეციალისტს ფეხბურთელების როტაციისა და სხვადასხვა კომბინაციის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ბოლო პერიოდში დიდი დატვირთვა ჰქონდათ. ფლიკმა უკვე აღიარა, რომ გუნდის ფეხბურთელები სათანადოდ დასვენებულები არ ეჩვენებოდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 28 ოქტ 2026, 16:13

    ცრუ ცხრიანის ავტორი როა მამუკა კუკულაძე,ვინმემ უთხარით რო ანალიტიკას შეეშვას)))აზე არააა იმენა რეებს ლაპარაკობს ხოლმე🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️