“ბარსელონას” ფეხბურთელები გუნდში ერთიანობის განმტკიცებას ცდილობენ. პარიზში, “პარკ დე პრენსზე” პსჟ-სთან და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდთან” განცდილი მარცხების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გასახდელში კვლავ შესანიშნავი ატმოსფეროა, კატალონიური გუნდის მოთამაშეებმა საერთო სადილის გამართვა გადაწყვიტეს.
მწვადის წვეულების ორგანიზების ინიციატივა გუნდის კაპიტნებს ეკუთვნოდათ. ფეხბურთელები ერთმანეთს “ალავესთან” მატჩისთვის მოსამზადებელი დილის ვარჯიშის შემდეგ, ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ კომპლექსში შეხვდნენ. მათ კლუბის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინეს.
მსგავსი შეკრებები “ბარსელონასთვის” უცხო არ არის. განსაკუთრებით ლიონელ მესის ეპოქაში, ფეხბურთელები ხშირად იკრიბებოდნენ არაფორმალურ გარემოში, რათა გუნდში არსებული პრობლემები განეხილათ და დაძაბულობა განემუხტათ. თუმცა მაშინ მოთამაშეები ძირითადად მათთვის კარგად ნაცნობ რესტორნებში ან კერძო საცხოვრებელ კომპლექსებში, მათ შორის სან-კუგატ-დელ-ვალიესში, იკრიბებოდნენ.
“ბარსელონას” წინ რთული კალენდარი ელის. სანაკრებო პაუზამდე გუნდს სამი მატჩის ჩატარება მოუწევს. 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ალავესს” უმასპინძლებენ. 3 ნოემბერს, იმავე დროსა და სტადიონზე, მათი მეტოქე “ასტონ ვილა” იქნება. 8 ნოემბერს კი, ასევე 23:55 საათზე, “ბარსელონა” “მეტროპოლიტანოზე” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

forum კომენტარები (0)