“ბარსელონას” მიერ კლუბში არსებული საერთო ვითარების შესაფასებლად ჩატარებული ოფიციალური გამოკითხვის, 2025/26 წლების Blaugrana Observatory-ის შედეგების თანახმად, კლუბის წევრებმა (სოსიოსებმა) დირექტორთა საბჭოს მუშაობას პირველად მიანიჭეს საშუალო შეფასება კატეგორიაში “ძალიან კარგი” – 10-დან 7.3 ქულა.
გამოკითხულ წევრთა თითქმის 75% ხელმძღვანელობის მუშაობას “ძალიან კარგად” (48%) ან “შესანიშნავად” (26%) აფასებს.
გასული სეზონის ყველაზე მოწონებულ და მაღალშეფასებულ გადაწყვეტილებად ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივება დასახელდა – 9.5 ქულა. მთლიანობაში, სპორტულმა მიმართულებამ 8.25 ქულა მიიღო, ხოლო სოციალურმა (7.29) და ინსტიტუციურმა (7.18) სფეროებმაც მკვეთრი პროგრესი აჩვენეს წინა წლის მაჩვენებლებთან (6.8 და 6.5) შედარებით.
ეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები
მაშინ როცა სპორტული, ინსტიტუციური და სოციალური სფეროები “ძალიან კარგი” შეფასებებით სარგებლობს, კლუბის ეკონომიკურმა მდგომარეობამ დამაკმაყოფილებელი 5.76 ქულა მიიღო. თუმცა, სოსიოსთა 80%-მა ფინანსურ სიტუაციას მინიმუმ დადებითი ნიშანი დაუწერა, რაც 20 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით. ამასთანავე, 60% მიიჩნევს, რომ ვითარება ბოლო ერთ წელიწადში გაუმჯობესდა, 56% კი მომავალს პოზიტიურად უყურებს.
კვლევა Institut Feedback d’Investigació Aplicada-მ ჩაატარა ესპანეთში მცხოვრებ 3,000 სრულწლოვან სოსიოსთან (როგორც აბონემენტის მფლობელებთან, ისე მის გარეშე) 2026 წლის 11-დან 25 ივნისამდე პერიოდში.
სპორტული სექციების შეფასება: ქალთა გუნდი სათავეშია
კლუბის ექვს პროფესიულ გუნდს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ქალთა საფეხბურთო გუნდმა დაიმსახურა (9.79), რომელსაც ხელბურთელთა გუნდი მოჰყვება (9.2) – ეს შედეგები პირდაპირ უკავშირდება მათ ევროპულ ტრიუმფებს.
სექციების სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ქალთა საფეხბურთო გუნდი – 9.79 ქულა
- ხელბურთი – 9.2 ქულა
- კაცთა საფეხბურთო გუნდი – 8.42 ქულა
- ფუტსალი – 8.14 ქულა
- გორგოლაჭებიანი ჰოკეი – 7.13 ქულა
- კალათბურთი – 5.37 ქულა
წინა სეზონისგან განსხვავებით, 2025/26 წლებში კლუბის უკლებლივ ყველა პროფესიულმა გუნდმა დადებითი შეფასება მიიღო.
ლა მასია, იდენტობა და დაბრუნება სტადიონზე
კითხვაზე, თუ რა გამოხატავს საუკეთესოდ კლუბის დევიზს – “Més que un Club” (მეტი ვიდრე კლუბი), გამოკითხულთა უმრავლესობამ “ლა მასია” დაასახელა (71.9%). მას მოჰყვება 100%-ით სოსიოსების მფლობელობაში არსებული მოდელი (66.1%) და “ბარსელონას” იდენტობა კატალონიასთან (57.1%). წევრთა 81% სრულად კმაყოფილია კლუბის მიერ კატალონიური ენის გამოყენებითა და კატალონიური კულტურის მხარდაჭერით.
რაც შეეხება “სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნების პროცესის მართვას, სოსიოსების განწყობა ძალიან პოზიტიურია და აღნიშნული მიმართულება 7.34 ქულით შეფასდა.
სოციალური პასუხისმგებლობა და ეკოლოგია
კვლევამ აჩვენა, რომ წევრთა თითქმის 90% ინფორმირებულია FC Barcelona Foundation-ის საქმიანობაზე. ყველაზე ცნობილი ინიციატივები საავადმყოფოებში ვიზიტები და Blaugrana Wristbands-ის პროექტია, რასაც ლტოლვილთა დახმარება და ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამები მოჰყვება.
სოსიოსები ასევე მაღალ შეფასებას აძლევენ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას (7.76), კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიღებულ ეკოლოგიურ ზომებს (7.82) და მდგრადი განვითარების პოლიტიკას (7.61).
გარდა ამისა, გამოკითხულთა 43% სტადიონზე მისასვლელად ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიიჩნევს, რამაც პირადი ავტომობილები, ფეხით გადაადგილება და მოტოციკლები საგრძნობლად ჩამოიტოვა.
forum კომენტარები (0)