გამახსენდა ამ საუკუნის დასაწყისში გამართული ტოტენჰემი – მანჩესტერი, მატჩი თეთრი გულების საგრაფოში გაიმართა, ლონდონელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი შეაგდეს, მეორე ტაიმში კიდევ ფერგის ბიჭები გამოვარდნენ და 5:3 მოიგეს. მატჩის მერე მამლების მწვრთნელმა გლენ ჰადლმა თქვა მესამე არ უნდა შეგვეგდო, შეცდომა დავუშვით, ამით გავაბრაზეთ და დავისაჯეთო.
“ბარსა” სამზე არა, ორზე ბრაზდება. 1:0-ს მშვიდად იტანს, ზომიერად, მეორე გაშვებულზე კიდევ ფეთქდება და იწყება რაღაც საოცრება. თითქოს ყველა მეტოქეს ფორას აძლევენ, აჰა, დაიწყეთ 2:0-დან და ვნახოთ მერე რა იქნებაო. ამ ფორის მიცემაში შეცდომაც მოსვლიათ, მაგრამ მატჩის მოტრიალებას ყველა შემთხვევაში ახერხებენ.
საჩემპიონო კლასიკო მოგებულია!
ზღაპრული ტაიმი
ლევი სკამზე. დაბრუნებული ბალდეც გვერდით მიუჯდა, თერთმეტეულში ის ვნახეთ, რასაც ველოდით. “მადრიდი” როგორ თამაშობს ეგეც კარგად ვიცით, “ბარსას” ამოწეული დაცვის ფონზე, რომ გაიქცეოდნენ ვინი და მბაპე აბა მაგას რა მიხვედრა უნდოდა?! თითქოს წინასწარ იცი, რომ შეაგდებენ, მაგრამ იამალის თქმისა არ იყოს, რამდენიც უნდათ შეაგდონ, ამ სეზონში “ბარსას” ვერ მოუგებენ. მეოთხედ ითამაშეს და ოთხივეჯერ “ბარსას” დარჩა გამარჯვება.
მბაპემ პენალტი შეაგდო, მეორეც მალევე მიაყოლა, თუმცა, შევამჩნიე, რომ ფეხბურთელების სიმშვიდე მეც გადმომედო, ორი ბურთით აგებ და არაფერზე ნერვიულობ, თითქოს ნორმალურია, თითქოს ასეც უნდა იყოს, უფრო გაერთობი, უფრო დიდი სანახაობა გელის წინ. სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, თავად განსაჯეთ ეს რას ნიშნავს, ერთი ფეხის დაცდენა და ჩემპიონობა დაიკარგება, ესე იგი, ამ გიჟური სეზონის მერე იყო შანსი, რომ მხოლოდ მეორეხარისხოვანი ტიტულებით დარჩენილიყო ფლიკის “ბარსა”, გაგეფიქრებოდა ადამიანს, იმათაც გაეფიქრათ ალბათ მოედანზე და დაიწყო ისევ ეს შტორმივით შეტევები.
გარსიამ ისევ შეაგდო. საერთოდ კარგი მატჩი ჩაატარა. კუნდეს შეცვლა მარტივი არ არის, გარსიამ კიდევ შეცვალა. იამალი კუნდეს უკეთ იყენებს, ის უფრო აქტიურად გარბის შეტევაში, მაგრამ აგერ ამ კაცმაც შეყარა გოლები და კლასიკოშიც გაიტანა. ერთი გაიქვითა და მერე პატარა შედევრის ჯერიც მოვიდა. ვაჰ, ისევ ჩვიდმეტი წლის არის.. ყოველი მატჩის მერე მგონია, რომ ერთი წელი ემატება, ამ დროს ჩახედავ თარიღს და ისევ იქ არის, მატჩიდან-მატჩამდე იზრდება ისე, როგორც სხვები წლებთან ერთად. ამ დროისთვის, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესოც იყოს, ხალხი კიდევ ჯერ ქუჩაში ვერ ცნობს და ფოტოებს აღებინებს.
დაატრიალა ცაციათი, შორეულ კუთხეში, უხ, რა ლამაზი იყო, ეს ოხერი! კურტუას კარში ასეთი გოლის შეგდებას ეხუმრებით?! მაინც გახედავ სეზონის დასაწყისს და ვნახავთ რომ უდიდესი პროგრესი აქვს, ძალიან შეუწყო ხელი ევროპის ჩემპიონობამ. იპოვა თავი ვარსკვლავის სტატუსში, და რაც მთავარია, შიმშილის გრძნობა გაუჩნდა, ნახა რა მაგარია დიდი ტიტულის მოგება და ახლა უკვე ყველაფერი უნდა. მესიც ასე იყო. სულ მშიერი, სულ ნადირობის ხასიათზე.
“მადრიდი” არ ამოასუნთქეს, სანამ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და აზრზე მოსვლას ცდილობდნენ პედრი წამოადგათ თავზე, ბურთი გააქრო და ფლანგზე გაჭრილი რაფინიას ფეხებთან გააჩინა – 3:2. მატჩი მოგებულია. ამ შოკის მერე “რეალი” ფეხზე წამომდგომი აღარ იყო, ეგეც “ინტერი” ხომ არ არის?! შეცდომებს უმატეს მადრიდელებმა, დაატყდათ თავზე ეს ქარიშხალი და ვისი წიხლი სად გარბოდა კაციშვილმა ვერ გაიგო, საწყალი ჩუამენი ეულად იბრძოდა დაცვაში, ვერც ის გაიგო წითელი რატომ არ მისცეს, ვერც ის გაიგო ის შავი კაცი ვინ იყო.. ეგ შავი კაცი კიდევ რაფინია იყო და მეოთხე გოლი შეაგდო.
სასწაული სეზონი აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო “ბარსას” ისტორიაში, რადგან რაფინია თავის თავს გადაახტა. იმაზე მაგრად ითამაშა მთელი სეზონის განმავლობაში, ვიდრე ოდესმე შეეძლო. რაღაც იპოვა თავის თავში, სულ სხვა ადამიანი, ან, იქნებ კარგა ხნის ნაპოვნი ჰყავდა, უბრალოდ ახლა აუშვა, ფლიკმა საჭირო საკვები გადაუგდო და გამოიქცა ეს აქამდე უნახავი ცხოველი.
რანაერად?
ორგვაროვანი ხალხის ნდობა არ იქნება… არც სახელოვანის.
ბუტროს-ბუტროს გალის ნდობა არ იქნებაო, ევროსაბჭოდან ჩამოსულმა ქართველებმა თქვეს თავის დროზე.
ამ კაცს ორი გვარი რად უნდაო – სერ ალექსმა თქვა ერიკ ჯემბა-ჯემბაზე.
ამ კაცს თვალები რისთვის აქვსო – დღეს ისმოდა ერნანდეს ერნანდესზე. ერთ ერნანდესს თუ აგინებ, მეორე უვნებელი დარჩებაო.
ისე მოხდა, რომ მეორე ტაიმი “მადრიდმა” მოიგო, ერთით ნული. ის ერთი მბაპემ შეაგდო და კიდევ ერთი ჰეტრიკი შეასრულა “ბარსას” კარში. ფლიკის გუნდმა კიდევ მეორეში ვერ გაიტანა, არადა, მომონტი უამრავი იყო, რაფინიას თავისუფლად შეეძლო პოკერამდე მისულიყო, ეს კიდევ წარმოუდგენელი მიღწევა იქნებოდა, “მადრიდის” კარში პოკერს მე ვერ ვიხსენებ. არქივში ალბათ მოიძებნება.
ფერან ტორესმა ზედ ერთი-ერთზე დარჩენილმა ბურთი ვერ შეიმაგრა ფეხში, მერე ალამი კი ასწიეს, მაგრამ განმეორებაზე როგორც გამოჩნდა ოფსაიდი არ იყო და თავისუფლად შეძლებდა გატანას. წაიღო ქარმა..
ორი არჩათვლილი გოლიც ვნახეთ, ერთი თამაშგარეს გამო გაუქმდა, მეორეზე კიდევ ფერმინს მოხვედრია ბურთი ხელში, მშვენიერი დრიბლინგით წაიღო და კიდევ უფრო კარგი გოლიც შეაგდო, იზეიმა დაუნანებლად, ქომაგთან ერთად, იზეიმა არა მხოლოდ გოლი, არამედ ჩემპიონობაც! მერე კიდევ გააუქმეს.
მაგრამ, ის რაც მანამდე მოხდა ესპანელი მსაჯებისთვისაც კი ზედმეტი იყო. ბურთი კარში მიდის, მცველს ხელზე ხვდება, სურდა ზურგსუკან წაღება, მაგრამ ვერ მოასწრო და მოხვდა. დაიბლოკა. პენალტია! VAR-ი ჩაერთო. ერნანდეს-ერნანდესი გაეშურა, დააკვირდა, ორივე თვალით! გამჭოლი მზერა მიანათა და ვერაფერი დაინახა.
არ არისო..
ამას შიგ ხომ არა აქვსო გაისმა VAR-ის კაბინაში. ერთხმად უპასუხა ამ რიტორიკულ კითხვას “მონჟუიკმა”. სხვათა შორის, “მადრიდის” ქომაგებმაც. ეს ის უიშვიათესი მოვლენა იყო, როცა ორი გუნდის ქომაგი შეთანხმდა – ერნანდეს-ერნანდესი ჩიტია! სულ სხვაგვარად უსტვენს შეჩვენებული.
კიდევ რა იყო? ოლეეეეეე… “კამპ ნოუს” ხმაა. ჩვენები რომ გააგორებენ, მეტოქე რომ დასდევს ელანთაგაწყვეტილი და ხალხი რომ ამით ხალისობს, ამ დროს ისმის ხოლმე – ოლეეე.. ბევრი იყო ასეთი. პედრის უყვარს ხალხი რომ ასე ყვირის და სადაც შანსი მიეცა ყველგან ასე აყვირა.
ეპილოგი
დიდებული სეზონი იყო. წერტილი ჯერ კიდევ დასასმელია, მაგრამ, ეგ უკვე ფორმალობაა. სამი ტიტული სადებიუტო სეზონში. ზღაპრული ფეხბურთი. თითქოს დაქცეული გუნდით. სეზონის წინ ხალხი ამბობდა ამათ მწვრთნელი რას უშველით, ყველა გასაყრელიაო.
უშველა. თანაც როგორ უშველა.
“ბარსა” ამ სეზონის საუკეთესო კლუბია. მსოფლიოში. “ინტერი” გაძვრა ფინალში, მაგრამ ხომ ვნახეთ რომ “ბარსა” უკეთესია? ის მცირე გამოცდილება მოაკლდათ, რაც დროსთან ერთად მოდის. ეს გუნდი ფლიკთან ერთად აუცილებლად შეწვდება ჩემპიონთა ლიგას. მანამდე “კამპ ნოუს” გაამზადებენ და თუ სეზონის დასაწყისში მზად იყო, გამპერის თასზე აუცილებლად მოიწვევენ “მაიამის”, ლიონელ მესია გასაცილებელი, სულ ახალი სტადიონიდან.
მანამდე "კამპ ნოუს" გაამზადებენ და თუ სეზონის დასაწყისში მზად იყო, გამპერის თასზე აუცილებლად მოიწვევენ "მაიამის", ლიონელ მესია გასაცილებელი, სულ ახალი სტადიონიდან.
აი მესი თუ უარს არ იტყვის ლაპორტას გამო მშვენიერი იქნება.
😂❤️..და ბოლოს განახლებულ ნოუ-კამპზე ფლიკს ძეგლი უნდა დაუდგან, თუ არადა ჩვენი გენიოსა ბავშვები ჰანსი ბაბუასთვის გაიფიცებიან..
პ.ს. :: ხუმრობა იქით იყოს და, არავინ იცის ამათი ბედი როგორ წარიმართებოდა, შეიძლება ლაპორტას გაეყიდა კიდეც!
პირადად ჩემი ლოცვა ეყოფა ყველას მთელი სიცოცხლე, ფლიკსაც და ბავშვებსაც!
რა მოხდება რომ 10 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ფლიკს? ბოლოს გუნდიც და ფლიკიც ერთად გავიდოდნენ "პენსიაზე", და ლაპოც..
= ეს იქნებოდა ამ ურთიერთობის ბედნიერი დასასრული!!!
გასაკვირი სულაც არ არის ძმაო ჩემო ფლიკი გრძელვადიან კონტრაქტს არასდროს არცერთ გუნდთან გააფორმებს როგორი გრანდიც არ უნდა ჩაიბაროს, ნუ ეს ჩემი აზრია და ამ დასკვნამდე მივედი იმიტომ რომ, თუნდაც ბარსას მაგალითი ავიღოთ აქ მოსუკი ყველა მაღალი დონის მწვრთნელი 4 სეზონზე მეტი არ დარჩენილა გვარდიოლამ ყველაფერი მოიგო ასევე ლუის ენრიკემაც, და ხომ შეიძლებოდა განახლებული კონტრაქტები მიეღოთ მარა წასვკა თავიანთი სურვიკი იყო აი ზუსტათ მაგათ სტრატეგიას მიყვება ფლიკი გუნდს აუცილებლათ ყველა ტიტულს მოაგებინებს და თავაწეული წავა როგორ გვარდიმ და ენრიკემ გააკეთეს..აბა სეტიენისთვის და კუმანისთვის რომ შეეთავაზებინათ 10 წლიანი კონტრაქტი წუთში მოაწერდნენ ხელს იმდენათ უთავმოყვარე ხალხია და მერე გვეთვალა კომპენსაციები რაც მაგათი დროზე ადრე გაყრისთვის გვექნებოდა გადასახდელი😂