იამალისა და ჰოლანდის რეკორდი და პირველობა

იამალისა და ჰოლანდის რეკორდი და პირველობა

მოკლედ
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ლამინ იამალი და ერლინგ ჰოლანდი 220 მილიონი ევროთი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები გახდნენ. ამასთან ერთად, პაუ კუბარსის ფასმაც მოიმატა და "ბარსელონას" რიგებში უკვე ოთხი ფეხბურთელია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ევროს უტოლდება ან აჭარბებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი იყო და 104 მატჩს მოიცავდა, დასრულდა. ნიუ-ჯერსიში ესპანეთის ნაკრების ტრიუმფის შემდეგ, Transfermarkt-მა იმ 99 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება განაახლა, რომლებმაც ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მუნდიალზე თავი გამოიჩინეს. ფასების ზრდით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი “ბარსელონამ” მიიღო.

იამალი და ჰოლანდი სათავეში

ლამინ იამალი პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგში ლიდერობას ინარჩუნებს. კატალონიელთა გარემარბის ღირებულება, რომელიც ტურნირამდე 200 მილიონ ევროს შეადგენდა, 20 მილიონით გაიზარდა და 220 მილიონს მიაღწია. ის პირველ ადგილს იყოფს ერლინგ ჰოლანდთან, რომლის ფასმაც იდენტური მატება განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ იამალს სტატისტიკურად გამორჩეული ტურნირი არ ჰქონია (8 მატჩში 1 გოლი და 1 ასისტი), 19 წლის ასაკში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მოგებამ მისი ფასის ზრდა განაპირობა. Transfermarkt-ის კოორდინატორმა, ტობიას კრეგერმა აღნიშნა:

“მან დაადასტურა მსოფლიოს უდიდესი ტალანტის სტატუსი. მას უკვე აქვს იმაზე მეტი წარმატება და გამოცდილება, ვიდრე ლიონელ მესის ჰქონდა ამავე ასაკში.”

მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმა გაზარდა იამალის შანსები “ოქროს ბურთის” მოსაგებად და ფავორიტად სწორედ ახალგაზრდა ესპანელი მოიაზრება.

რაც შეეხება ჰოლანდს, მან თავისი ქვეყანა მეოთხედფინალამდე მიიყვანა, სადაც ინგლისთან დამარცხდა (1-2). 5 მატჩში ნორვეგიელმა 7 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

რეიტინგში მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს. ფრანგის ფასი 200 მილიონი ევრო გახდა მას შემდეგ, რაც ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გადაასწრო რა მესისა და მიროსლავ კლოზეს.

კუბარსი და 100-მილიონიანთა კლუბი

მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა 19 წლის პაუ კუბარსიმ. მისი ღირებულება 20 მილიონი ევროთი გაიზარდა და 100 მილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ის, “არსენალის” უილიამ სალიბასთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველია. მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ექსტრაორდინალურმა თამაშმა და საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ჯილდომ მისი ფასის ზრდას ხელი ნამდვილად შეუწყო.

კუბარსის ფასის მატებით, “ბარსელონას” უკვე ოთხი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა ღირებულება 100 მილიონი ევრო ან მეტია: ლამინ იამალი (220 მლნ), პედრი (150 მლნ), ფერმინ ლოპესი (100 მლნ) და თავად კუბარსი (100 მლნ).

წარმატება “ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებისთვის

ტურნირის შემდეგ ფასები “ბარსელონას” სხვა წარმომადგენლებსაც გაეზარდათ. ფერან ტორესმა, რომელმაც ფინალში ესპანეთს მეორე ვარსკვლავი მოუტანა, საკუთარი ღირებულება 5 მილიონით გაზარდა და 55 მილიონს მიაღწია – ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

შეფასება გაიუმჯობესა კატალონიელთა ახალწვეულმა, ენტონი გორდონმაც. ინგლისის ნაკრების მოთამაშისა და “ბარსელონას” ახალწვეულის ფასი 15 მილიონით გაიზარდა და ახლა 80 მილიონ ევროს შეადგენს.

სხვა გამორჩეული მოთამაშეები

აღსანიშნავია კაბო-ვერდეს ნაკრების 40 წლის მეკარე ვოზინია, რომლის ფასიც პროცენტულად ყველაზე მეტად გაიზარდა – 50,000 ევროდან 500,000 ევრომდე, რაც ესპანეთის წინააღმდეგ ნაჩვენები თამაშისა და სოციალურ ქსელებში მოპოვებული პოპულარობის დამსახურებაა. ფასის მნიშვნელოვანი მატება ასევე ჰქონდათ ახალგაზრდა ტალანტებს, როგორებიც არიან ლუკ დე ფუჟეროლი (5 მლნ), ალექს ფრიმენი (10 მლნ), ხილბერტო მორა (25 მლნ) და ავსტრალიელი ლუკას ჰერინგტონი (8 მლნ).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    22 ივლ 2026, 21:57

    ყველაზე ძვირადღირებული მეკარე (გარსია), მცველი (კუბარსი), ნახევარმცველი (პედრი) და შემტევი (იამალი) ბარსელონელია.🤩

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    22 ივლ 2026, 21:49

    19 წლის იამალს აქვს უკვე საოცნებო სანაკრებო კარიერა, ნუ საკლუბო დონეზეც პრინციპში ერთი ლიგა დარჩა მოსაგები და მაგასაც მალე იზავს. პირველი მსოფლიოს კვალობაზე რა უჭირდა, გოლიც გაიტანა და საკმაოდ ბევრი იმუშავა, აუცილებლად მოუმატებს.