ფრენკი დე იონგის განცხადება ტრავმასთან დაკავშირებით

ფრენკი დე იონგის განცხადება ტრავმასთან დაკავშირებით

“ბარსელონამ” ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ფრენკი დე იონგს მარჯვენა მუხლის შიდა გვერდითი იოგი აქვს გაგლეჯილი. სამედიცინო ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და დეტალებზე ისაუბრა.

ნახევარმცველი ხსნის, რომ ნაკრებში ყოფნისას თავდაპირველად მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა, თუმცა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ “ბარსელონას” ექიმებთან ერთად ჩატარებულმა გამოკვლევებმა ტრავმის უფრო დიდი სირთულე აჩვენა. ამ ეტაპზე ოპერაცია საჭირო არ არის, მაგრამ ფეხბურთელი ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავს. თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება, დე იონგს მინიმუმ ოთხი თვე გაცდენა მოუწევს.

ფრენკი დე იონგის მიმართვა გულშემატკივრებს

“ძვირფასო გულშემატკივრებო:

ჩვეულებრივ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რასაც ჩემზე, გუნდსა თუ კლუბზე წერენ. მაგრამ ბოლო დროს ჩემს ტრავმასა და ‘ბარსელონაში’ ჩემს სიტუაციასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა.

მიმძიმს იმის ყურება, თუ როგორ აყენებს ზოგიერთი ადამიანი ეჭვქვეშ კლუბთან ჩემს ურთიერთობასა და ერთგულებას ცრუ ინფორმაციის გამო.

ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ‘ბარსელონასა’ და ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ, თუ რა მოხდა რეალურად.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს მუხლის ტრავმა მივიღე. პირველადი შეფასებების შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ეს მსუბუქი დაზიანება იყო და თამაშის გაგრძელების შემთხვევაში არ გართულდებოდა. ერთადერთი პრობლემა ტკივილით თამაში იყო, მაგრამ კარიერის განმავლობაში ეს ბევრჯერ გამიკეთებია, როცა გუნდის დახმარება შემეძლო – როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.

შვებულების დროს ბარსელონაში დავბრუნდი ახალი გამოკვლევების ჩასატარებლად. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თავდაპირველად დადგინდა. საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის ოპერაცია საჭირო არ არის და ახლა მთლიანად გამოჯანმრთელებასა და მოედანზე რაც შეიძლება მალე დაბრუნებაზე ვარ კონცენტრირებული.

ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო. ჩემს პროფესიას, ჩემს სხეულსა და გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია და ეს ტრავმა ერთ-ერთი მათგანია.

‘ბარსელონასა’ და ნიდერლანდების ნაკრებში თამაში წარმოუდგენლად მეამაყება და ჩემი ერთგულება ორივეს მიმართ არასდროს შეიცვლება. კვლავაც ყველაფერს გავიღებ ამ გერბისთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის.

წინ ჯერ კიდევ ბევრი მომენტი გველის და ბევრი მიზანი გვაქვს, რომელთა მიღწევაც ერთად გვსურს.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მოუთმენლად ველი დაბრუნებას.

Visca Barça sempre. ფრენკი.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი