მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საჩემპიონო მოგება – გლენ ჰადლის სიბრძნე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: საჩემპიონო მოგება – გლენ ჰადლის სიბრძნე

   გამახსენდა ამ საუკუნის დასაწყისში გამართული ტოტენჰემი – მანჩესტერი, მატჩი თეთრი გულების საგრაფოში გაიმართა, ლონდონელებმა პირველ ტაიმში სამი გოლი შეაგდეს, მეორე ტაიმში კიდევ ფერგის ბიჭები გამოვარდნენ და 5:3 მოიგეს. მატჩის მერე მამლების მწვრთნელმა გლენ ჰადლმა თქვა მესამე არ უნდა შეგვეგდო, შეცდომა დავუშვით, ამით გავაბრაზეთ და დავისაჯეთო. 

“ბარსა” სამზე არა, ორზე ბრაზდება. 1:0-ს მშვიდად იტანს, ზომიერად, მეორე გაშვებულზე კიდევ ფეთქდება და იწყება რაღაც საოცრება. თითქოს ყველა მეტოქეს ფორას აძლევენ, აჰა, დაიწყეთ 2:0-დან და ვნახოთ მერე რა იქნებაო. ამ ფორის მიცემაში შეცდომაც მოსვლიათ, მაგრამ მატჩის მოტრიალებას ყველა შემთხვევაში ახერხებენ. 

საჩემპიონო კლასიკო მოგებულია! 

ზღაპრული ტაიმი 

ლევი სკამზე. დაბრუნებული ბალდეც გვერდით მიუჯდა, თერთმეტეულში ის ვნახეთ, რასაც ველოდით. “მადრიდი” როგორ თამაშობს ეგეც კარგად ვიცით, “ბარსას” ამოწეული დაცვის ფონზე, რომ გაიქცეოდნენ ვინი და მბაპე აბა მაგას რა მიხვედრა უნდოდა?! თითქოს წინასწარ იცი, რომ შეაგდებენ, მაგრამ იამალის თქმისა არ იყოს, რამდენიც უნდათ შეაგდონ, ამ სეზონში “ბარსას” ვერ მოუგებენ. მეოთხედ ითამაშეს და ოთხივეჯერ “ბარსას” დარჩა გამარჯვება. 

მბაპემ პენალტი შეაგდო, მეორეც მალევე მიაყოლა, თუმცა, შევამჩნიე, რომ ფეხბურთელების სიმშვიდე მეც გადმომედო, ორი ბურთით აგებ და არაფერზე ნერვიულობ, თითქოს ნორმალურია, თითქოს ასეც უნდა იყოს, უფრო გაერთობი, უფრო დიდი სანახაობა გელის წინ. სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა, თავად განსაჯეთ ეს რას ნიშნავს, ერთი ფეხის დაცდენა და ჩემპიონობა დაიკარგება, ესე იგი, ამ გიჟური სეზონის მერე იყო შანსი, რომ მხოლოდ მეორეხარისხოვანი ტიტულებით დარჩენილიყო ფლიკის “ბარსა”, გაგეფიქრებოდა ადამიანს, იმათაც გაეფიქრათ ალბათ მოედანზე და დაიწყო ისევ ეს შტორმივით შეტევები. 

გარსიამ ისევ შეაგდო. საერთოდ კარგი მატჩი ჩაატარა. კუნდეს შეცვლა მარტივი არ არის, გარსიამ კიდევ შეცვალა. იამალი კუნდეს უკეთ იყენებს, ის უფრო აქტიურად გარბის შეტევაში, მაგრამ აგერ ამ კაცმაც შეყარა გოლები და კლასიკოშიც გაიტანა. ერთი გაიქვითა და მერე პატარა შედევრის ჯერიც მოვიდა. ვაჰ, ისევ ჩვიდმეტი წლის არის.. ყოველი მატჩის მერე მგონია, რომ ერთი წელი ემატება, ამ დროს ჩახედავ თარიღს და ისევ იქ არის, მატჩიდან-მატჩამდე იზრდება ისე, როგორც სხვები წლებთან ერთად. ამ დროისთვის, შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესოც იყოს, ხალხი კიდევ ჯერ ქუჩაში ვერ ცნობს და ფოტოებს აღებინებს. 

დაატრიალა ცაციათი, შორეულ კუთხეში, უხ, რა ლამაზი იყო, ეს ოხერი! კურტუას კარში ასეთი გოლის შეგდებას ეხუმრებით?! მაინც გახედავ სეზონის დასაწყისს და ვნახავთ რომ უდიდესი პროგრესი აქვს, ძალიან შეუწყო ხელი ევროპის ჩემპიონობამ. იპოვა თავი ვარსკვლავის სტატუსში, და რაც მთავარია, შიმშილის გრძნობა გაუჩნდა, ნახა რა მაგარია დიდი ტიტულის მოგება და ახლა უკვე ყველაფერი უნდა. მესიც ასე იყო. სულ მშიერი, სულ ნადირობის ხასიათზე. 

“მადრიდი” არ ამოასუნთქეს, სანამ ერთმანეთს ხელს უშლიდნენ და აზრზე მოსვლას ცდილობდნენ პედრი წამოადგათ თავზე, ბურთი გააქრო და ფლანგზე გაჭრილი რაფინიას ფეხებთან გააჩინა – 3:2. მატჩი მოგებულია. ამ შოკის მერე “რეალი” ფეხზე წამომდგომი აღარ იყო, ეგეც “ინტერი” ხომ არ არის?! შეცდომებს უმატეს მადრიდელებმა, დაატყდათ თავზე ეს ქარიშხალი და ვისი წიხლი სად გარბოდა კაციშვილმა ვერ გაიგო, საწყალი ჩუამენი ეულად იბრძოდა დაცვაში, ვერც ის გაიგო წითელი რატომ არ მისცეს, ვერც ის გაიგო ის შავი კაცი ვინ იყო.. ეგ შავი კაცი კიდევ რაფინია იყო და მეოთხე გოლი შეაგდო. 

სასწაული სეზონი აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო “ბარსას” ისტორიაში, რადგან რაფინია თავის თავს გადაახტა. იმაზე მაგრად ითამაშა მთელი სეზონის განმავლობაში, ვიდრე ოდესმე შეეძლო. რაღაც იპოვა თავის თავში, სულ სხვა ადამიანი, ან, იქნებ კარგა ხნის ნაპოვნი ჰყავდა, უბრალოდ ახლა აუშვა, ფლიკმა საჭირო საკვები გადაუგდო და გამოიქცა ეს აქამდე უნახავი ცხოველი. 

რანაერად? 

ორგვაროვანი ხალხის ნდობა არ იქნება… არც სახელოვანის. 

ბუტროს-ბუტროს გალის ნდობა არ იქნებაო, ევროსაბჭოდან ჩამოსულმა ქართველებმა თქვეს თავის დროზე.

ამ კაცს ორი გვარი რად უნდაო – სერ ალექსმა თქვა ერიკ ჯემბა-ჯემბაზე. 

ამ კაცს თვალები რისთვის აქვსო – დღეს ისმოდა ერნანდეს ერნანდესზე. ერთ ერნანდესს თუ აგინებ, მეორე უვნებელი დარჩებაო. 

ისე მოხდა, რომ მეორე ტაიმი “მადრიდმა” მოიგო, ერთით ნული. ის ერთი მბაპემ შეაგდო და კიდევ ერთი ჰეტრიკი შეასრულა “ბარსას” კარში. ფლიკის გუნდმა კიდევ მეორეში ვერ გაიტანა, არადა, მომონტი უამრავი იყო, რაფინიას თავისუფლად შეეძლო პოკერამდე მისულიყო, ეს კიდევ წარმოუდგენელი მიღწევა იქნებოდა, “მადრიდის” კარში პოკერს მე ვერ ვიხსენებ. არქივში ალბათ მოიძებნება. 

ფერან ტორესმა ზედ ერთი-ერთზე დარჩენილმა ბურთი ვერ შეიმაგრა ფეხში, მერე ალამი კი ასწიეს, მაგრამ განმეორებაზე როგორც გამოჩნდა ოფსაიდი არ იყო და თავისუფლად შეძლებდა გატანას. წაიღო ქარმა.. 

ორი არჩათვლილი გოლიც ვნახეთ, ერთი თამაშგარეს გამო გაუქმდა, მეორეზე კიდევ ფერმინს მოხვედრია ბურთი ხელში, მშვენიერი დრიბლინგით წაიღო და კიდევ უფრო კარგი გოლიც შეაგდო, იზეიმა დაუნანებლად, ქომაგთან ერთად, იზეიმა არა მხოლოდ გოლი, არამედ ჩემპიონობაც! მერე კიდევ გააუქმეს. 

მაგრამ, ის რაც მანამდე მოხდა ესპანელი მსაჯებისთვისაც კი ზედმეტი იყო. ბურთი კარში მიდის, მცველს ხელზე ხვდება, სურდა ზურგსუკან წაღება, მაგრამ ვერ მოასწრო და მოხვდა. დაიბლოკა. პენალტია! VAR-ი ჩაერთო. ერნანდეს-ერნანდესი გაეშურა, დააკვირდა, ორივე თვალით! გამჭოლი მზერა მიანათა და ვერაფერი დაინახა. 

არ არისო.. 

ამას შიგ ხომ არა აქვსო გაისმა VAR-ის კაბინაში. ერთხმად უპასუხა ამ რიტორიკულ კითხვას “მონჟუიკმა”. სხვათა შორის, “მადრიდის” ქომაგებმაც. ეს ის უიშვიათესი მოვლენა იყო, როცა ორი გუნდის ქომაგი შეთანხმდა – ერნანდეს-ერნანდესი ჩიტია! სულ სხვაგვარად უსტვენს შეჩვენებული. 

კიდევ რა იყო? ოლეეეეეე… “კამპ ნოუს” ხმაა. ჩვენები რომ გააგორებენ, მეტოქე რომ დასდევს ელანთაგაწყვეტილი და ხალხი რომ ამით ხალისობს, ამ დროს ისმის ხოლმე – ოლეეე.. ბევრი იყო ასეთი. პედრის უყვარს ხალხი რომ ასე ყვირის და სადაც შანსი მიეცა ყველგან ასე აყვირა. 

ეპილოგი 

დიდებული სეზონი იყო. წერტილი ჯერ კიდევ დასასმელია, მაგრამ, ეგ უკვე ფორმალობაა. სამი ტიტული სადებიუტო სეზონში. ზღაპრული ფეხბურთი. თითქოს დაქცეული გუნდით. სეზონის წინ ხალხი ამბობდა ამათ მწვრთნელი რას უშველით, ყველა გასაყრელიაო. 

უშველა. თანაც როგორ უშველა. 

“ბარსა” ამ სეზონის საუკეთესო კლუბია. მსოფლიოში. “ინტერი” გაძვრა ფინალში, მაგრამ ხომ ვნახეთ რომ “ბარსა” უკეთესია? ის მცირე გამოცდილება მოაკლდათ, რაც დროსთან ერთად მოდის. ეს გუნდი ფლიკთან ერთად აუცილებლად შეწვდება ჩემპიონთა ლიგას. მანამდე “კამპ ნოუს” გაამზადებენ და თუ სეზონის დასაწყისში მზად იყო, გამპერის თასზე აუცილებლად მოიწვევენ “მაიამის”, ლიონელ მესია გასაცილებელი, სულ ახალი სტადიონიდან. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (42)

  • Clever liar
    12 მაი 2025, 00:19

    მემგონი წელს ოქროს ბურთი ფლიკს ეკუთნის. როჟა სალამურებისგან ფეხბურთელებს თლის და თან თასებს იგებს. პროსტო არაუხო დეიონგს ვერ მოუხერხა ჯერ ვერაფერ, ეგენი სალამურები არიან თუ კლარნეტები ვერ დაადგინა კაცმა ჯერ..

  • Visca barca
    12 მაი 2025, 00:12

    ციტატა: ტერ შტეგენი
    ეხლა ვნახე სტატია დემბელე იდიოტმა და ერთუჯრედიანმა ოქროს ბურთის მიღების კანდიდატთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა,იამალი იკავებს პირველ ადგილს და რაფინია მეორე ადგილზეა.


    ეგრე ეგონა ვინისიუსს ოქროს ბურთი მოვიგეო 😂 გვინახავს ეგ სცენარი უკვე

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    12 მაი 2025, 00:04

    ეხლა ვნახე სტატია დემბელე იდიოტმა და ერთუჯრედიანმა ოქროს ბურთის მიღების კანდიდატთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა,იამალი იკავებს პირველ ადგილს და რაფინია მეორე ადგილზეა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    11 მაი 2025, 23:58

    ბალდე როცა გამოვიდა, გამოჩნდა რომ მასთან ერთად სულ სხვა გუნდი ვართ.

    კრისტენსენზე არ ვიცი რა ვთქვა, უჭკვიანესი, უკლასნესი მცველია… ნეტავ ტრავმები აღარ მიიღოს და დავტოვოტლთ საერთოდ, იქნებ ხელფასიც ცოტათი დაიკლოს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    11 მაი 2025, 23:47

    PAIN, უცებ არ დააკმაყოფილონ.მეტი საქმე არ აქვს ტებასს.

  • PAIN
    11 მაი 2025, 23:35

    მაგის გამო უნდა ადგეს ბარსა და უჩივლოს ერნანდესს სამსაჯო კომისიაში და მინიმუმ რამდენიმე მატჩი მაინც უნდა გამოატოვებინოს ამ ს*რს ! მიკერძოებული ახვრები! მერამდენედ ბიჭოო მერამდენეეედ

  • me da barca
    11 მაი 2025, 23:31

    რაფინიამ ორი 100%-ანი მომენტი გამაზა, 100%-ანი პენალტი არ დაგვიდეს, ფერმინის გოლზე არაფერს ვამბობ. მოკლედ დღეს რეალი კარლოიან, პერესიან, მსაჯიან, ვარიანად ვიხმარეთ. 12 კაცით გამოვიდნენ, 0:2 დაიწყეს და მაინც წააგეს. ის მეთორმეტე კაცი 1 კაცზე მეტს ნიშნავს, მაგის ოჯახი მო***

  • Frenkie de Jong_
    11 მაი 2025, 23:29

    "ლამინ იამალი უსინდისოა — პასები ხშირად უნდა მომცეს, სულ ტყუილად მარბენინებს" 😅

    🗣️ერიკ გარსია

  • Rick Sanchez
    11 მაი 2025, 23:27

    იამალი მიყვარს

  • დიმიტრი არაყელი
    11 მაი 2025, 23:24

    გილოცავთ. გთხოვთ (ადმინ), ერთი სარწმუნო და დასაბუთებულ (არ იფიქროთ რომ რამე არ მჯერა) ფაქტებზე აწყობილი სტატია "გამოაცხვეთ" რეალეი-ბარსელონას ურთიერთდაპირისპირებების სტატისტიკაზე რა. გ თ ხ ო ვ თ.

    პატივისცემით.

    მესიმ თავის პირველი ჰეტრიკი კლასიკოში შეასრულა 🙂 Gaucho24,

  • Gaucho24
    11 მაი 2025, 23:21

    ფეოლა პოკერი ჩვენს ლევანდოვსკის აქვს რეალის კარში დორტმუნდის მაისურით .. რაც შეეხება სტატიას როგორც ყოველთვის კარგია , რაც შეეხება მატჩს და სეზონს , მე ასე უცებ არ მახსენდება 4 ელკლასიკო სეზონში 1 გუნდს მოეგოს , ამ ბარსამ რეალი წელს ყველგან გააცამტვერა , არამხოლოდ რეალი ამ ბარსამ ყველა გააცამტვერა , მენტალიტეტი ისეთი აქვთ არნახული , პირველი 15 წუთის დროს ტელეფონი რომ არ გაჩერდა რეალის ფანების სახალისო სმსებით , ყველასთან ერთი პასუხი მქონდა , ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეთ რომ ამ ბარსასთან 0:2 სასიხარულო არ არის თქო? ასე აგიხდეს ყველაფერი , ბარსელონა თუ 0:2 ს აგებს ეს მეტოქისთვის უფრო ცუდია , აფეთქდა ბარსელონა და ცეცხლმა წალეკა ყველაფერი , დღეგრძელობა იამალს , დღეგრძელობა ფლიკს , ბალდე რომ ჯანმრთელი გვყოლოდა ახლა
    ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაველოდებოდით , ამაში დარწმუნებული ვარ , მაგრამ მოვა მაგის დროც , ფლიკი ტრანსფერებს ჩამოწერს , ლაპორტა დარეკავს , დეკუ შეხვედრებზე ტყუილად ივლის მაგრამ ამ ბიჭებმა მთელ მსოფლიოს შეახსენეს რომ ბარსელონაში თამაში სიამოვნება და ოცნებაა , ასე რომ მიუხედავად დეკუს ტყუილი სიარულისა ტრანსფერები იქნება , კარგი მეკარე , კარგი ფორვარდი , ფლანგის მცველი და შემდეგ სეზონში ყველაფერი იქნება , მანამდე კი ამ სეზონის დარჩენილი მატჩებით მივიღოთ სიამოვნება ❤️❤️

  • Bakero
    11 მაი 2025, 23:20

    მეცინება ამ შემადგენლობით რეები ქნა კაცმა smiley smiley smiley (ჰანსი ფლიკი) მთელი სეზონი უსაყრდენოდ ! (ბერნალი დაიმტვრა cry ) მერე მეკარე (ტერ შტეგენი) დაიმტვრა ! და ბოლოს გადამწყვეტ მომენტში ლიგის ნახევარფინალამდე ლევანდოვსკი დაიმტვრა ! ….. მადლობა ფლიკ ! მადლობა heart_eyes საუკეთესო ხარ

  • Giorgi99
    11 მაი 2025, 23:20

    იქნებ რამე მოიგონ კიდევ? ბარსელონა რატომ არ არის საკლუბო ჩემპიონატზე? ან სანაკრებო ტურნირი თუ არის რამე დარჩენილი.

  • შიმონ მარშინიაკის დედის მტკვნელი
    11 მაი 2025, 23:16

    ციტატა: Visca barca
    დავუშვათ ინტერმა მოიგო ლიგა. დემბელე მოიგებს ოქროს ბურთს? ვერა. ინტერიდან? ვერა. ან რაფინია მოიგებს ოქროს ბურთს ან იამალი ამიტომ კიდევ აქვთ შანსი იამალს და რაფინიას მითუმეტეს თუ ვერაფერი ქნა დემბელემ ფინალში. ეს უბრალოდ თეორიაა და რათქმაუნდა მინდა კვარამ მოიგოს ლიგა


    მაგრად მკიდია დემბელეს ოქროს ბურთი მე ლიჩნად. ობიექტურად რომ შეხედო პსჟ ს მოგება იქნება ფეხბურთის მოგება. თან ძაან სასაცილო იქმება მბაპე და ვინისიუსის სახის ნახვა დემბუზა თუ მოიგებს ოქროს ბურთს😛

  • jacky iakovenko
    11 მაი 2025, 23:15

    ეუ შესნი გამსკდარა ნატირები ბოლოს მისი #ლეობების გამო 😂
    კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რო აი არ ვიცი არც მახსენდება და არც მეგულება დღეს მწვრთნელი მეორე ვინც ფეხბურთელბეთან ასე ურთიერთობს … 😍❤️-ია ფლიკი

  • Frenkie de Jong_
    11 მაი 2025, 23:13

    ანჩელოტმა ერტნაირი თამაში იყოოო
    ტიპი დაბერდა და მამუკა მდინარაძე გახდა

  • jacky iakovenko
    11 მაი 2025, 23:11

    ციტატა: Rick Sanchez
    საცოდაობა არაა დემბელე რომ იგებს ოქროს ბურთს და არა რაფინია, იამალი ან პედრი?


    მარტინმა+არაუხომ გამოაცალეს ტიპებს იმენა აი ვინის რო ეგონა მან მოიგო და გამოაცალეს ხელიდან მარა ეს უფრო მწარეა

  • Rick Sanchez
    11 მაი 2025, 23:03

    საცოდაობა არაა დემბელე რომ იგებს ოქროს ბურთს და არა რაფინია, იამალი ან პედრი?

  • Frenkie de Jong_
    11 მაი 2025, 22:56

    ისე ეს ტრიველააა მაგრა ევასება იამალს
    ის რა პასი იყო პირველი ტაიმის ბოლოს
    რაფინიამ მაგრა მაზა.,,რა სილამაზის გოლი იქნებოდა ეგ რო შევარდნილიყო

    არა რა გადაიწვნენ თორე 6-2 იყო მოსაგები ეს კლასიკო.

  • Visca barca
    11 მაი 2025, 22:56

    დავუშვათ ინტერმა მოიგო ლიგა. დემბელე მოიგებს ოქროს ბურთს? ვერა. ინტერიდან? ვერა. ან რაფინია მოიგებს ოქროს ბურთს ან იამალი ამიტომ კიდევ აქვთ შანსი იამალს და რაფინიას მითუმეტეს თუ ვერაფერი ქნა დემბელემ ფინალში. ეს უბრალოდ თეორიაა და რათქმაუნდა მინდა კვარამ მოიგოს ლიგა