ბარსელონა მზადებას დახურული ამხანაგური თამაშით აგრძელებს

ბარსელონა მზადებას დახურული ამხანაგური თამაშით აგრძელებს

მოკლედ
ჰანსი ფლიკის გუნდი ახალ სეზონს დღეს, დახურულ კარს მიღმა, "ევროპასთან" ამხანაგური მატჩით აგრძელებს. შეხვედრაში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით წინასასეზონო მზადების პირველ კვირებს გადიოდნენ.

“ბარსელონას” 2026-27 წლების სეზონი დღეს “სიუტატ ესპორტივაზე”, დახურულ კარს მიღმა იხსნება. თბილისის დროით 22:00 საათზე, კატალონიელები ჟოზეპ მარია ჟენეს გაწვრთნილ “ევროპას” დაუპირისპირდებიან, რომელიც ესპანეთის მე-3 დივიზიონში თამაშობს. ეს არის მატჩი, რომელსაც წინასასეზონო ამხანაგური შეხვედრის ყველა ელემენტი აქვს, მაყურებლის გარდა.

ჰანსი ფლიკი საქმეში ნახავს იმ ფეხბურთელებს, რომლებთანაც წინასასეზონო მზადების პირველი ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა, ზოგიერთი მათგანის მომავალი პირველ გუნდში ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მატჩისთვის ხელმისაწვდომი ფეხბურთელები

პირველი გუნდიდან თამაშს შეძლებენ: ტერ შტეგენი, შჩესნი, ბალდე, კრისტენსენი, კასადო, ჟერარ მარტინი, მარკ ბერნალი, ექტორ ფორტი, რუნი ბარდჯი და რონალდ არაუხო.

სარეზერვო და ახალგაზრდული გუნდებიდან კი საკმაოდ დიდი სიაა: იკერ როდრიგესი, არონ იააკობიშვილი, ორიან გორენი, ჰამზა აბდელკარიმი, ებრიმა ტუნკარა, ტომი მარკესი, ჟოფრე ტორენტსი, ოსკარ გისტაუ, შეინ კლუივერტი, იბრაჰიმ დიარა, ბრიან ფარინიასი, ჩავი ესპარტი, ალვარო კორტესი, ალექს გონსალესი, ტონი ფერნანდესი, გილე ფერნანდესი და ჟორდი პესკერი.

ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ბოლო კვირებში გერმანელის ხელმძღვანელობით მუშაობდნენ, შესაბამისად ფლიკის დასარწმუნებლად ეს მათთვის კარგი შესაძლებლობაა. მატჩს ჟერარ რიუს რიუ განსჯის.

ისტორიული მეტოქეობა “ევროპასთან”

“ევროპა” კატალონიური ფეხბურთის ისტორიული გუნდია. ის ლა ლიგის პირველ სამ სეზონში, 1928-დან 1931 წლამდე, პირველ დივიზიონში ასპარეზობდა. ამ წლებში “ბარსელონამ” 4 დაპირისპირება მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 წააგო.

გუნდებს შორის მეტოქეობა კატალონიის ჩემპიონატშიც იყო, რომელიც “ევროპამ” ერთხელ მოიგო. 1923 წელს, ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემდეგ, ჩემპიონატის ბედი გადამწყვეტ მატჩში გაირკვა, სადაც “ევროპამ” 20-იანი წლების ჰეგემონი “ბარსელონა” დაამარცხა.

თანამედროვე ეპოქაში, “ევროპამ” “ბარსელონას” კატალონიის თასის ფინალში ზედიზედ ორჯერ მოუგო: 1997 წელს ოსპიტალეტში 3-1 და 1998 წელს 1-1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ შეხვედრაში “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამიდან ჟოზე მოურინიო ხელმძღვანელობდა.

2008 წელს კი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა “ბარსელონა ბ”-მ მესამე დივიზიონის ჩემპიონობა სწორედ “ნოუ სარდენიაზე”, “ევროპასთან” 1-0 მოგებით გაინაღდა. მოგვიანებით გუნდმა აღზევების პლეი-ოფი ითამაშა და სეგუნდა ბ-ში გადავიდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი